ახალი ამბები
დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის, ვისაც დღეს, 2 ოქტომბერს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონიეძიებაზე საპატიო თბილისელებს ჯილდო მიულოცა.

დემნა გვასალიაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ დიზაინერმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები უნიჭიერესი ხალხია. მისი სიტყვებით, დემნა დღეს თბილისში არ იმყოფება, რადგან პარიზის მოდის კვირეული იმართება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ექნება შესაძლებლობა მომდევნო დღეების განმავლობაში საპატიო თბილისელის წოდება და ჯილდო ოფიციალურად გადასცეს პირადად მას.

"ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლებში და უნდა აღინიშნოს, რომ არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი", - თქვა კალაძემ.

ცნობილ დიზაინერთან ერთად დღეს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ – შალვა ამონაშვილს (მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი); თენგიზ არჩვაძეს (მსახიობი); ტარიელ ჭანტურიას (მთარგმნელი, პოეტი); ჯემალ ღაღანიძეს (მსახიობი); მერაბ კოკოჩაშვილს (კინორეჟისორი, პედაგოგი); მინდია უგრეხელიძეს (სამართალმცოდნე); ვახტანგ ჯავახაძეს (პოეტი, მწერალი, მთარგმნელი); ჯემალ სეფიაშვილს (კომპოზიტორი); ბადრი ვადაჭკორიას (ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი); გურამ ბექაიას (ფიზიოლოგი, მეცნიერი); ილია ხეროდინაშვილს (ინჟინერი, მეცნიერი); ლაურა იაშვილს (მუსიკოსი, პიანისტი); რევაზ ასათიანს (ინჟინერ-მშენებელი); ვახტანგ დავითაიას (არქიტექტორი, პედაგოგი); მაია გოთუას (ალერგოლოგი, იმუნოლოგი); ვან ბაიბურთს (პოლიტიკოსი, ჟურნალისტი); ჰასან ჰასანოვს (აზერბაიჯანელი დიპლომატი); ელიზაბეთ სომბარტს (ფრანგი პიანისტი) და ელდარ შენგელაიას (რეჟისორი).

"პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ", – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, დაჯილდოებულებს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.