ახალი ამბები
ჰიდროელექტროსადგური, სასტუმროები, უძრავი ქონება - კვლევა ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის ბიზნესინტერესებზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოკვლევით, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. დეპუტატის, მისი მეუღლე ნათია ხვისტანის და შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - "ქართულ ოცნებას" 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში დეტალურად აქვს განხილული ჯაფარიძის და მისი ოჯახის წევრების ბიზნესი და შემოსავლები. ოჯახის საკუთრებაშია სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, მათ შორის მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, სასტუმროები, როგორც თბილისში ასევე მესტიაში, ასევე ბენზინგასამართი სადგური. გარდა ამისა დეპუტატის შვილი ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაშიც.

კვლევაში მოცემულია ინფორმაცია პარლამენტარის და მისი ოჯახის უძრავი ქონების შესახებ. კერძოდ, ჯაფარიძეები მხოლოდ მესტიაში რვა მიწის ნაკვეთს ფლობენ, რომელთა ჯამური ფართობი 30,313 კვადრატული მეტრია. სამ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობებიც დგას, მათ შორის არის სასტუმრო „Posta Hotel“.

ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაშია: მესტიაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, 413 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მესტიის ცენტრში მდებარე 3,653 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე 692 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სამი შენობითურთ, საერთო ფართობით 579 კვ.მ.

მესტიაში, ფარჯიანის ქუჩაზე მდებარე 1,789 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მესტიაში, კახურში მდებარე 18,224 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მესტიაში, ლეგურგულაში მდებარე 4,600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე, მშენებარე ბინა, ფართობით 131.5 კვ.მ.

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის საკუთრებაშია, თბილისში, აღმაშენებლის გამზირ 106-ში მდებარე ორი ბინა და სხვენი, საერთო ფართობით 186.54 კვ.მ. სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ეკატერინე ჯაფარიძის საკუთრებაში არსებული სასტუმრო "ავენიუ 106".

ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის საკუთრებაშია:

მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობითურთ, ფართობით 157.42 კვ.მ.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე, მშენებარე ბინა, ფართობით 111.2 კვ.მ.

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე, მშენებარე ავტოსადგომი, ფართობით 18 კვ.მ.

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე 197 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, ფართობით 570 კვ.მ.

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ბინა, ფართობით 94.5 კვ.მ.

თბილისში, იმედაშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ავტოსადგომი, ფართობით 16 კვ.მ.

ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე ფლობს 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ასევე მგალობლიშვილის ქუჩაზე.

კვლევით დადგინდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული საჯარო სამსახურში. მათ შორის არიან:

ეკატერინე ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი;

ნელი ნავერიანი, მესტიის მერის მოადგილე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლე;

მაიზერ ჯაფარიძე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი;

სოფიო ჩხვიმიანი, მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის, მურთაზ ჯაფარიძის მეუღლე;

ზაზა ფალიანი, მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, მაიზერ ჯაფარიძის დისშვილი;

თენგიზ ჩართოლანი, მესტიის მუნიციპალიტეტის შპს "მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების" დირექტორი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ჩართოლანის ძმა;

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოთარ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, 2022 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც დასაქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

TI საქართველოს გამოქვეყნებულ ვრცელ კვლევაში საუბარია ასევე დეპუტატის მიერ ხარვეზებით შედგენილ ქონებრივ დეკლარაციაზე, რაც კანონდარღვევაა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს;

საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე მმართველი პარტიიდან 4 ოქტომბერს გავიდა და მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდა. ამავე დღეს მან ტელეკომპანია "პოსტვ"-ის 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.