ახალი ამბები
პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია - იონათამიშვილი მერის მანქანის დაწვაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილის განცხადებით, წალენჯიხის მერი პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა და ამიტომ მისი მანქანის მიზანმიმართულ დაწვაზე საუბარი, სპეკულაციაა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია:

"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა

წალენჯიხის მერის ავტომანქანა გია ხარჩილავას სახლთან, გამთენიისას დაიწვა. მას მიაჩნია, რომ ეს სავარაუდოდ მიზანმიმართულად მოხდა, მისი პოლიტიკური აქტივობის გამო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.