ახალი ამბები
წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტზე TI საქართველო შსს-ს მიმართავს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემას ქმნის.

წალენჯიხის მერს ავტომანქანა საკუთარ სახლთან, 12 ოქტომბერს, გამთენიისას დაუწვეს. მას მიაჩნია, რომ ეს სავარაუდოდ მიზანმიმართულად მოხდა, მისი პოლიტიკური აქტივობის გამო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.