ახალი ამბები
ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სჯერა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გახდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

მისი სიტყვებით, უკრაინის ომის შემდეგ ევროპამ არა მხოლოდ რუსეთი, სხვანაირად დაინახა ეს სამი ქვეყანა, რომლებიც ასოცირებით უკვე ევროპისკენ მიისწრაფვიან და დღეს, უკრაინის ომის შემდეგ, უკვე ეს გზა მათთვის ხსნილია.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით, ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით".

"ჩვენ ვრჩებით ერთი და იმავე პერსპექტივაში და ერთი და იმავე გზაზე მივდივართ. ერთი და იგივე რეფორმები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება. 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი.

მე ღრმად მჯერა, რომ სამივე ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც ერთად მივიღეთ ასოცირება, ერთად, ბათუმიდან, პეტრას სამიტიდან ტრიოს ფორმატით დავიწყეთ ეს ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა, ყველანი ვნახავთ ამ გზის შედეგს, ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ეს არის ის, რაც სიმბოლურად არის სწორედ ნიშანი და გზავნილი პრაღის სამიტის, სადაც პირველად ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის კანდიდატები, თუ პერსპექტივის მქონე ქვეყნები, ყველანი ერთად დასხდნენ ერთი მაგიდის ირგვლივ.

"ეს არის სიმბოლიკა იმის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ჩვენი მომავალი და სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არც ერთს არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ გვიწევს ერთმანეთისადმი მეტი სოლიდარობა, ამ მკუთხით ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. მეტი სოლიდარობა ასევე ევროკავშირთან და ევროკავშირის ჩვენს მიმართ, რადგან ჩვენი მომავალი განუყოფელია. ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება განუყოფელია",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით დღეს, 17 ოქტომბერს ჩავიდა. მისი დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.