ახალი ამბები
რუსეთის მიერ მობილიზებული 2000-მდე ჯარისკაცი ხერსონში გააგზავნეს - უკრაინის გენშტაბი
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად დაკომპლექტებული 2000-მდე ჯარისკაცი ჩავიდა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანაკარგების შესავსებად და დანაყოფების გასაძლიერებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, რუსეთი ხერსონის ოლქში ე.წ. ევაკუაციას გეგმავს. მათ შორის საბანკო და სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის.

ამასთან გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებებში.

ოფიციალური მონაცემების თანახზმად, ბოლო ერთ დღეში რუსულმა არმიამ 3 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა, ასევე 30-ზე მეტი შეტევა განახორციელა ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით. შეტევის ობიექტი გახდა 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.