ახალი ამბები
ხარკოვში საჰაერო იერიშების შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი მძიმედ
გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმედ არის, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები საშუალოდ აფასებენ.

მისივე სიტყვებით, მტრისგან გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვა გრძელდება. აღნიშნა, რომ გასულ 24 საათში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გაანეიტრალა 803 ასაფეთქებელი მოწყობილობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკვე გაათავისუფლეს 544 დასახლებული პუნქტი, კიდევ 32 დასახლება კი კვლავ რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშაა.

ცნობისთვის დღეს, 22 ოქტომბერს, დილით უკრაინაში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა რამდენიმე ოლქში. აფეთქებების ხმა ისმოდა ზოგიერთ ქალაქში. დეტალები ზუსტდდება. განგაშის ხმა ჩართულია კიევისა და ლვოვში. მოქალაქეებს სიფრთილისკენ მოუწოდებენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.