ახალი ამბები
ნარკოდანაშაულისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 პირი დააკავეს, მათ შორის სამეგრელოში
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს. მათგან 18 ნარკორეალიზატორია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.