ახალი ამბები
გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ის 1957-1963 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1963-1969 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

ნოდარ ნათაძე იყო მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი. მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის სიტყვებით, ნათაძემ განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.

"ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს", – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.