ახალი ამბები
აფხაზეთში დმიტრი მედვედევის ხეივნის გახსნა სურთ
ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქში, შესაძლოა დმიტრი მედვედევის ხეივანი გაიხსნას. გამოცემა "ტასს" კულტურის დე ფაქტო მინისტრის მრჩეველმა, მილანა ბჟანიამ განუცხადა, რომ ამ ქმედებით სურთ გამოხატონ პატივისცემა მის მიმართ, რადგან რუსეთის პრეზიდენტის რანგში სწორედ მან მოაწერა ხელი ბრძანებას, აფხაზეთის "რესპუბლიკის" აღიარების შესახებ.

ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მრგვალ მაგიდაში - "რუსეთის შავი ზღვის რეგიონის ისტორია: რუსეთის ფედერაციისა და მეგობარი ქვეყნების ახალი სუბიექტების ჩართვა ერთიანი ისტორიული სივრცის განვითარების პროცესში".

"იმავე წელს რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და ამ პერიოდიდან აფხაზეთმა დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის სამართლიან შეფასებას და აფხაზეთის ისტორიაში მედვედევის სახელის უკვდავყოფას", - აღნიშნა მილანა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხს "ხელისუფლებასთან" დეტალურად განიხილავს.

რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა ე.წ. აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.