ახალი ამბები
„B“ და „BE“ კატეგორიების მართვის უფლებისთვის გამოცდის ჩაბარებას ზუგდიდშიც შეძლებენ
მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები, პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში უკვე დასრულდა გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი.

"მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.