ახალი ამბები
არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღმკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა დაკავებული მოზარდისთვის პატიმრობას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

სხდომა დახურულ რეჯიმში წარიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა უთხრა, ბრალდებულმა სხდომაზე აღიარა დანაშაული.

დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, 20 ნოემბერს, ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ასევე არასრულწლოვანს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სამართალდამცველებმა 17 წლის ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.