ახალი ამბები
ვრცელდება ცნობები კიევში აფეთქებების შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ
კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ეს არის ცნობები, რომელიც ამ დროისთვის გახდა ცნობილი. დეტალები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.

"აფეთქებების შედეგად დაზიანდა ორსართულიანი შენობა. სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა", - ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ ოთხი პირის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გაავრცელა ცნობა.

რუსეთის ავიაციამ უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი სექტორი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მისივე ცნობით, კიევის ოლქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. გარდა ამისა, აგნმარტა, რომ არსებობს განმეორებითი დაბომბვის საფრთხე.

აფეთქებები კიევის გარდა დაფიქსირდა ლვოვში, ოდესის, ვინიცისა და პოლტავის ოლქებში. ოლქის ხელმზღვანელები იუწყებიან წყლისა და ელექტროენერგიის გათიშვაზე.

დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები ზუსტდდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.