ახალი ამბები
რუსეთმა დილით კრივოი როგი დაბომბა
27 ნოემბერის დილა უკრაინის რიგ ოლქებში საჰაერო თავდასხმებით დაიწყო. უკრაინული მედია იუწყება, რომ ამ წუთებში ცნობილია დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგზე სარაკეტო შეტევის შესახებ. თავდაპირველად ადგილობრივი მოსახლეობისგან იყო ინფორმაცია, რომ ქალაქში აფეთქებები იყო. მოგვიანებით ეს ინფორმაცია კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა დაადასტურა. მან ასევე მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას დარჩნენ თავშესაფრებში.

საჰაერო განგაშია გამოცხადებული პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და ლუგანსკის ოლქების მცხოვრებლებისთვის.

ცნობისთვის გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსული არმიის შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 5 დასახლებულ პუნქტთან. გარდა ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, შეტევაზე გადავიდნენ რუსი სამხედროების 11 საკონცენტრაციო ზონის მიმართულებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.