ახალი ამბები
სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოვლინდა. იტყობინება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი.

გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც მოამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში შეიყვანეს სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოს დასაქმებულმა 82 პირმა მიიღო ორსულებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომ ერთმანეთში გაინაწილეს.

"ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.