ახალი ამბები
თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისში, "ქართული ოცნების" ოფისთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის დაცემა თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღებს ამ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება თვისობრივად ახალი სახით წარმოაჩენს ქართულ საზოგადოებასაც და ქართულ სახელმწიფოსაც. ხელისუფლებას უნდა ეყოს ამის პასუხისმგებლობა, რომ გამარჯვების სუბიექტის ძიებით კი არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არამედ მიიღოს ობიექტური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენ სხვა სახით წარმოვჩინდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.

ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.