ახალი ამბები
სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეებში ატეხილია აჟიოტაჟი ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ომში გარდაცვლილებზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ვიღაც "ფარისეველი და გამყიდველი" პოლიტიკოსები ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

მანვე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები "საწყალ ბიჭებად" მოიხსენია.

"მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ, როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ. თავად ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას.

ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩაერთნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯების დაფარვა, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ. სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი პიარის და პოპულიზმის გარეშე. ყველაფერზე ყვირილი და ყველაფერზე იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი არის შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა. ქართველი კაცი, ადამიანი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს სამძიმარს, ჭირისუფალთან იქნება სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ქმედებით, ფორმით გამოხატვა. რასაც ჩადიან პოლიტიკოსები, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან 3 დეკემბერს უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს დღეს, 5 დეკემბერს მიუსამძიმრა.

უკრაინაში 5 ქართველო მებრძოლი:ავთო რურუა, რომეო ფირჩახია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი 3 დეკემბერს დაიღუპნენ ბახმუტთან ბრძოლისას.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.