ახალი ამბები
საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ ვთხოვეთ უკრაინისთვის გენერატორები, დადებითი პასუხი არ მიგვიღია - კასიანოვი
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

"უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია", - განაცხადა კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა სამხედრო დახმარებაზეც. მისი სიტყვებით, სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, მათ არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით:

"ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს", - აღნიშნა მან.