ახალი ამბები
ხერსონში სასწრაფო დახმარების პუნქტზე ავიაიერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
დღეს დილით, რუსი სამხედროების ავიაიერიშს სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის ქალაქ ხერსონში. არიან დაშავებულებიც.

ოლქის გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი ჭურვი იმ ადგილას მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული. შედეგად დაიღუპა 32 წლის ექიმი და 70 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ დასახმარებლად მივიდა ადგილზე. დაშავებულია კიდევ ორი - 44 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.