ახალი ამბები
ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინონ ლმობიერება, განსაკუთრებით შობის წინა დღეებში და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის რომელიმე ქვეყნის, ან ამერიკის კლინიკაში.

მისივე სიტყვებით, ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, დაცინვაა და ეს უნდა შეწყდეს.

"გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს. დროა გადაიდგას ასეთი ნაბიჯი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

იგივე მოთხოვნით მეექვსე დღეა ენმ-ის 3 დეპუტატი შიმშილობს.

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატის კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე მიიღეს. უწყების თქმით, ვიდეო ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.