ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართეს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. მსჯავრდებული პროცესზე დისტანციურად ჩართეს კლინიკა "ვივამედიდან".

სხდომაზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.

დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის ამერიკელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდ სმიტი. ის სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა.

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატის კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე მიიღეს. უწყების თქმით, ვიდეო ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.

ამ მოთხოვნით ენმ-ის სამი დეპუტატი შიმშილობს.