ახალი ამბები
უკრაინამ მოიგერია რუსეთის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში - გენშტაბი
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი სამხედროების თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. გარდა ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, უკრაინელმა მებრძოლებმა კონტრშეტევა განახორციელეს და მტერს რამდენიმე მიმართულებით დაარტყეს.

ამავე ცნობების თანახმად, უკრაინის კონტრშეტევისას დაიღუპა 100-მდე რუსი ჯარისკაცი, არიან დაჭრილებიც. დაღუპულებს შორის არის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 15 თანამშრომელი.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსი სამხედროების 4 სამეთაურო და ცოცხალი ძალის 6 საკონცენტრაციო ზონა დაბომბეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.