ახალი ამბები
ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა [Video]

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში დღეს, 26 მაისს, მერაბ კოსტავას ბიუსტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ გახსნა.

 

„გილოცავთ 26 მაისის ბრწყინვალე დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს, ასევე მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. ზუგდიდს კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა, გაიხსნა მერაბ კოსტავას ბიუსტი და მისი სახელობის პარკი. ყველას გილოცავთ ამ დღეს“, - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

 

პარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მერაბ კოსტავას ბიუსტის განთავსების ინიციატორმა ლაშა ქობალიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ და ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებმა.

 

„მე მინდა იმ ადგილიდან, სადაც მერაბ კოსტავას სახელობის ბიუსტი გაიხსნა, მივულოცო მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მოყვასისა და მეგობრისათვის თავგანწირვისა და დღეს ჩემი გული სიხარულით ინთება, როცა ზუგდიდელებმა გადაწყვიტეს, რომ მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგას ზუგდიდში“, - განაცხადა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელმა კახა მიქაიამ.

 

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტის განთავსების ინიციატივით ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მიმდინარე წლის მარტში მიმართა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლაშა ქობალიამ და საზოგადოების წარმომადგენელებთან შეთანხმების შემდეგ ბიუსტის განთავსების ადგილად ბულვარი შეარჩია, თუმცა 15 მაისის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ბიუსტის განთავსების ადგილად გამგეობამ არა ბულვარი, არამედ ცენტრალური პარკი შეარჩია, რადგან ექს-პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლის გვერდით მერაბ კოსტავას ბიუსტის განთავსების წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბიუსტი ცენტრალურ პარკში განთავსდებოდა.

 

მერაბ კოსტავას ბიუსტის ზუგდიდში განთავსების საკითხს 2008 წლის საპრეზიდენტო კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მერაბ დანელიაც გამოეხმაურა. დანელიას თქმით, ბიუსტის ზუგდიდში განთავსების იდეა ყოფილ პარლამენტარს გუგე ცანავას ჰქონდა, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამის საშუალება არ მისცა.

 

მერაბ კოსტავას ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხიაა. მისი განთავსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი დაიხარჯა.