ბლოგები
დამოუკიდებელი მუშაობა - ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის მეორე ეტაპი

ბლოგი მოამზადა: სოფიკო ცანავამ და ირმა ხაზალიამ

მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო, ორდღიანი გაცნობითი ხასიათისა და საქმიანად დატვირთული შეხვედრის შემდეგ გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - დამოუკიდებელ მუშაობაზე, პრიორიტეტების გამოკვეთისა და მიმართულების განსაზღვრის შემდეგ შევუდექით საქმიანობას, დავყავით საკითხები ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებად, გამომდინარე იქიდან რომ, თითოეული დავალება საფუძვლინ მუშაობას მოითხოვდა, საბჭოს წევრები საგულდაგულოდ შევუდექით საქმეს. მუშაობის პროცესი ორი მიმართულებით წარიმართა, ჩვენი მთავარი პროექტის პარალელურად მეორე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გრაფიკთან არსებულ პრობლემებზე, ამ მიმართულებით თითოელმა ჩვენგანმა ჩავატარეთ გამოკითხვა, გამოიკითხა სხვადასხვა კატეგორიის 600 ადამიანი, გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა თუ რამდენად პრობლემატურია ეს საკითხი საზოგადოებისთვის, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ქალაქის აქტიურ ცხოვრებაზე. თემის ირგვლივ გავიგეთ მეტი დეტალი და საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა.

 


რაც შეეხება ჩვენს მთავარ საკითხს - სტენდს, მასზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან უნდა განგვესაზღვრა მისი არსი, დიზაინი და განთავსების ადგილი, ამ მიმართულებით ჯგუფმა წყვილებში დავიწყეთ მუშაობა. ვცდილობდით თემის ირგვლივ მრავალფეროვანი იდეები წარმოგვეჩინა და არგუმენტებით გაგვემყარებინა ჩვენი მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული პოზიციები, ზოგჯერ რადიკალურიც კი, ჯგუფმა მაინც შევძელით საბოლოოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანება და ჩამოვაყალიბეთ ჩვენეული პრეზენტაცია გეგმისა, რის განხორციელებასაც ვაპირებთ.

 

მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროექტის ხელმძღვანელებთან, რომლებიც შეცდომებზე გვითითებდნენ და სწორ მიმართულებას გვიჩვენებდნენ.

 

თითოეული სამუშაო დღე საქმიანთან ერთად სახალისო იყო ჩვენთვის, რადგან მეგობრულ გარემოში გვიწევდა მუშაობა.

 

ვფიქრობთ, რომ ჩვენი მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის და ვიმედოვნებთ რომ საკმაოდ ნაყოფიერი ჩვენი პროექტისთვის. დამოუკიდებლად მუშაობის პროცესმა მიგვახვედრა რომ გუნდი შედგა და მას გააჩნია მოტივაცია აქტიურად ჩაერთოს ქალაქის განვითარების საქმეში.

 

ახლა კი საბჭოს მუშაობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის - ვემზადებით მერთან შესახვედრად.

 

ბლოგი მომზადებულია პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.