ბლოგები
ზუგდიდის მერმა ახალგაზრდული საბჭო დააფუძნა

ბლოგი მოამზადა: ბაჩუკი ქირია და თეონა გოგოხია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, უკვე მეხუთე თვეა, საქართველოს ხუთ თვითმართველ ქალაქში - ქუთაისი, თელავი, ახალციხე, გორი და ზუგდიდი - ახორციელებს პროექტს, რომლის უმთავრესი მიზანი ქალაქის მერის სათათბირო ორგანოს, ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნებაა. ქალაქ ზუგდიდის მერთან, ბატონ ირაკლი გოგოხიასთან საბჭოს საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა დავიწყეთ აქტიური მუშაობა ჩვენ მიერ შერჩეულ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - რომელიც ეხებოდა ქალაქში ორიგინალური ფორმისა და შინაარსის სტენდის განთავსებას.

 

აღნიშნულ საკითზე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ეკატერინე თოდუას შევხვდით და მასთან ერთად განვიხილეთ სტენდის დიზაინთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, სტენდის ფუნქციურად დატვირთვისთვის საჭირო პროცედურები. არქიტექტურის სამსახურმა შემოგვთავაზა სხვადასხვა ვერსია, თუ სად და როგორ შეიძლებოდა სტენდის დადგმა ქალაქში. შემოთავაზებულ იქნა ერთი შესაძლბლობა, რომლის მიხედვითაც ქალაქში სტენდი განთავსდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან, თუმცა, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ამ იდეაზე უარი ვთქვით. პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა პრობლემის ძიებაზე, რომელიც ჩვენს ქალაქს ამჟამად აწუხებს. აღმოჩნდა, რომ ქალაქს არ გააჩნია საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ჰიგიენურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. გადავწყვიტეთ მერთან რიგგარეშე შეხვედრა გაგვემართა და ამ საკითხზე უშუალოდ მასთან გვესაუბრა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ პრობლემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში იგი გადაიჭრება. თუმცა, მერმა შემოგვთავაზა, განგვეხორციელებინა მონიტორინგი და თავიდან შეგვესწავლა საზოგადოებრივი საპირფარეშოების ირგვლივ არსებული სიტუაცია. მერმა მოისმინა ჩვენი თვალით დანახული აქტუალური პრობლემები, რომლებიც ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად განვიხილეთ. 

 

დადგა მერთან ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მეორე ოფიციალური შეხვედრის დროც. ახალგაზრდები უკვე კონკრეტული წინადადებებით და ინფორმაციით წავრსდექით მერის წინაშე. ბატონ ირაკლის შევთავაზეთ ჩვენი მოსაზრება სტენდის განთავსების ადგილისა და დიზაინის ფორმის შესახებ; ასევე განვუცხადეთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნახაზებზე, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება, ამასთანავე, მზად იქნება ხარჯთაღრიცხვა - თუ რა თანხა დასჭირდება სტენდის განთავსებას და როგორ მოხდება შემდგომში მისი მართვა საინიციატივო ჯგუფის მიერ. ვფიქრობთ, რომ მერი მიმდინარე თანამშრომლობით კმაყოფილი დარჩა. შეხვედრის ბოლოს თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდში მერის სათათბირო ონგანო - ახალგაზრდული საბჭო ოფიციალურად დაფუძნდა. შესაბამის ბრძანებას ხელი ბატონმა ირაკლი გოგოხიამ 8 აპირლს მოაწერა. ამ ბრძანების მიხედვით, ჩვენს საბჭოს ექნება ერთგვარი შუამავლის ფუნქცია საზოგადოებასა და ქალაქის ხელმძღვანელ პირს შორის, რომელსაც ადგილობრივ საჭიროებებს გავაცნობთ და პრობლემის მოგვარების გზებზეც ერთად ვიფიქრებთ. სამომავლოდ კვლავაც გაგრძელდება მერთან შეხვედრები და ერთობლივი ძალისხმევით ქალაქში სტენდი ოფიციალურად გაიხსნება. სტენდი მრავალფუნქციური იქნება და მის შესახებ საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას პროექტის განხორციელებისთანავე.

 

ბლოგი მომზადებულია პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.