სიბნელის შიში უმოძრაო, დამყაყებული ჰაერივით მძიმე და ბლანტი იყო. საღეჭ კბილებს შორის მოქცეული ლუკმის მსგავსად საყლაპავ მილს შეუქცევადი სიდინჯით აწვებოდა. ამომგდები ძალის დაუდევრობით სხეული ბუნდოვან შეგრძნებებს იმახსოვრებდა მხოლოდ. მრუმე ოთახიდან ამოზნექილ შიშს, რომელიც ძალიან გავდა ტანსაცმლის საკიდზე შემოსკუპებულ ჭინკას, კარადის მიღმა ატუზულ ავის მქმნელ ჩრდილისფერ დედაბერს, სარკმელში გამოკიდულ ურჩხულს, აკანკალებული ხელის შევლებით ვაფრთხობდი.
ეს უარეს შემთხვევაში.უკეთესი მაშინ იყო, ბავშვურ წარმოსახვებს როცა შუქის ანთებით ვშველოდი(იშვიათად, თუ კი გვქონდა) და იერშეცვლილი საგნების საწყის მდგომარეობას მზერას ახლიდან ვაჩვევდი. მერე სხვა, უფორმო, უსახელო, მიზეზიანი შიშები გაჩნდნენ, რომლებსაც დღეს საერთო არაფერი აქვთ ბნელი ოთახის ილუზიებთან. მივხვდი, ბუნებაში შიშველი ემოციის, მდგომარეობის ფუნქცია ადამიანების მამოძრავებელი, ქცევის საინსპირაციო წყარო იყო. ზოგი გაურბოდა ამ შიშს, სხვები მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გარემო მოქალაქეების ცნობიერების, თვალსაწიერის მოცემულობის გაფართოებასთან ერთად კარგავდა დროდადრო ფორმებს და არც ისეთი დიდი ჩანდა, როგორც პირველად. საკუთარ სისუსტეს შეუჩვეველი, უნიჭოდ გაბღენძილი ეგოები ამის და იმის ფობიებს ათას, ათიათასგვარ მიზეზებს შეუხიდებდნენ, „იმიტომ, რომ“, „ერთი სიტყვით“, „ვფიქრობ“, და ა.შ. ოღონდ ვიღაცებს თითი არ ექნიათ, შიში არ დავიწროებულიყო, ჯერ კიდევ მასზედ რომ ეკიდა საზოგადოების სოციალური მოწყობა. მერე იყო რევოლუცია. ვარდისფერსათვალიანმა ძიებმა გვასწავლეს და გვიკარნახეს ქცევა, როგორ გვეცხოვრა, ან უფრო ზუსტად წარმოგვედგინა სამყარო, გარემო ისეთად, რომ მოგვწონს, თითქმის მსგავსად, როგორც Jon Lenon-ის სიმღერაშია. სამაგიეროდ მხოლოდ კნინობით–ალერსობითი ემოციები მომწიფდნენ საიმისოდ, შეგრძნებებს საკუთარი სახელებით ეხელმძღვანელათ. ჯვარედინი რითმის წყობა ერთი ხელის შევლებით დაირღვა, სინქრონულმა მეტამორფოზამ კი ერთბაშად ცვლილების მიზეზით მოვლენის ახალი ფაქტურა და ქცევის სათუო ადეკვატურობა დააკანონა. აპათია, როგორც შიშის ერთ–ერთი პოზიცია ბუნებაში, ყველა სოციალური მდგომარეობის, სტატუსის მოქალაქისთვის ერთგვარ კათარზისად იქცა, კარჩაკეტილ ფილოსოფიად, იდეად და საკუთარი უძლურებისგან განწმენდის მსახურება შიშთან შეგუების რიტუალით ჩაანაცვლა. ასე, ცალ–ცალკე სისუსტეები უჩინარ რგოლებად შეიკვრნენ. მორჩილება, როგორც კანონზომიერი ქცევა, წრეწირების მართლწესიერი ცნებაა, რადგან ერთმანეთთან დაკავშირებულ სიმრგვალეს მხოლოდ დაქვემდებარების წესი ინახავს. სამაგიეროდ ასეთ პირობით ჰარმონიას, გადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს და მყისიერი დამოკიდებულებებიც ადამიანებისა ადამიანებზე, შიშის ევოლუციაა, სხვა არაფერი.
ბევრგვარია შიში. ერთმანეთის და სხვების სამზერში გვინახავს, როცა სიცილის, საუბრის, მოძრაობის მანერა ემოციის ფორმას წამის მეათასედში აზუსტებს. უძლურების გამჟღავნების ტენდენცია საჯარო სივრცეში, სადაც ვიღაც ყოველთვის რაღაცაზეა პასუხისმგებელი, ცალსახაა, უშიშარას პოზიცია კი რამდენადმე სასაცილო. ახალ ამბავს ვწერდი ზამთარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოყინულ გზებზე გადაადგილების მხრივ არსებულ ვითარებაზე. ერთ-ერთი სოფლის რწუნებულის პასუხი გაზეპირებული ხმით კითხვაზე ასეთი იყო, რომ „ქუჩები აღორძინებულია და ყველაფერი გადასარევადაა“. სამწუხაროდ მონოპოლიზებული მმართველობა, რაოდენ დემოკრატიულიც არ უნდა იყოს ის იდეაში, ე.ი. როგორც ამბობენ, კონსერვატიული წყობა აღმოჩნდა საიმისოდ, სხვა აზრი დაეშვა ბუნებაში, გარდა შეუქცევადი ერთპიროვნებულობის. ამ მიზეზით შიშს კანონიერი გამართლებაც აქვს, რადგან წრეწირის სრულყოფილება ვერ გუობს ასე შენახული პოზის შებრუნებას თურმე. სამაგიეროდ მორჩილებას ვიღაცების ენაზე მართლწესიერი ქცევა ქვია და არავითარ შემთხვევაში სხვა რამ. სიმრგვალე, რომელიც ვფიქრობ, უკვე მერემდენედ ვახსენე დღეს, ვერ შედგება სამოქალაქო საზოგადოების შემოურიგებლად. ჰარმონია კი სუფთა სახით როგორც წესი მაშინ გვხვდება ბუნებაში, როცა თანამყოფობას თავისუფალი ნება განსაზღვრავს და არა თუნდაც ყველაზე საპატიო გამორჩენის მიზეზი, ზედმეტად სუბიექტური საიმისოდ, საკუთარი პოზიცია და სურვილი ადეკვატურად, ვრცლად განკარგოს.
გემახსოვრებათ ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმების შემთხვევა. საკუთარი მოსაზრების, პოზიციის საჯაროობის, პროტესტის ქონის მიზეზით ჯერ მედპერსონალის ორი თანამშრომელი სამსახურიდან რომ დაითხოვეს, მოგვიანებით სოლიდარობის, შეურიგებლობის, თანაგანცდის ძალით ხელმეორედ დაამტკიცეს და არავითარ შემთხვევაში ვიღაცების „კეთილი ნების“ გამო, რადგან სიკეთე, ლიბერალიზმი, დემოკრატია მხოლოდ იმ პიროვნებების ღირსებაა, ვინც მასზე დაქვემდებარებულ ადამიანებს ვიწრო ნიშნით არ განიხილავს, მასზედ მოკარნახის უფლებას ყოველთვის რომ გაავრცელებ, რა თქვას და როგორ მოიქცეს, არამედ აღიარებ მის ფუნდამენტურ ხელშეუხებლობის უფლებას, პატივისცემას. გამბედავი მოქალაქეების ქცევა არამხოლოდ თავის თავში, სხვაში, ბევრში ებრძვის შიშს და საუკეთესო მაგალითის ძალით მყისიერად ერევა, ათავისუფლებს შეპყრობილის იდეას. ხელოვნურად ჩაკეტილი სოციუმი კი როგორც წესი, მას შემდეგ აბრკოლებს „სახელმწიფოს“, „კერძო ინსტიტუტების“ ინტერესებს, როცა შიშის, მორჩილების ყველაზე დამაკნინებელი ინტერპრეტაციისგან თავის დახსნას შეეცდება. ჯანსაღი შეურიგებლობა ცნობიერი მოძრაობაა, რომელიც განსაკუთრებით მაშინ ამართლებს, თუ გადამდების თვისება აქვს და ერთის მაგალითი გამრავლების ფუნქციით ასმაგად და ასიათასმაგად ბევრდება.
შიშთან ჭიდილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით იწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ომს, ბრძოლას, კამპანიას ჰაერში ხელების უმისამართოდ ქნევის ძალა აქვს, რადგან ვინიცობაა უფორმო სივრცეში წარმოდგენით მონიშნულ საგანს, ემოციას, შეგრძნებებს ებრძვი. ეს არ შეიძლება ისეთივე მყარი სუბსტანცია იყოს მოვლენის, ვიდრე დიფუზიური ქცევა, განწყობა, რომელსაც პიროვნება ოჯახის, პირობითად ჩაკეტილი ინსტიტუტიდან გამოყავს, კიდევ უფრო დიდი ოჯახის, სამოქალაქო გარემოს შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, იმ ქვაკუთხედში, სახელმწიფოს იდეას რომ აწესრიგებს, რგოლი, ახლა რომ ვსაუბრობ, უძლურია საიმისოდ, საკუთარი პასუხისმგებლობა გაავრცელოს „შინს“ გარეთ. მიზეზი ერთდროულად ნიჰილიზმი ფუნდამენტური ცვლილებების მიმართ და შიშია, ან კიდევ უფრო მეტი, ცნობიერების სისუსტე, ქცევის განმსაზღვრელი იმპულსების უძრაობა, რომელმაც სამოქალაქო შეგნება ადეკვატური ცვლილებებისთვის უნდა განაწყოს. საკუთარი მოსაზრებების, პოზიციის იდენტიფიცირება ის აუცილებელი, უპირობო ინდიკატორია ბუნებაში, რომელიც საზოგადოებრივ აქტივობას განკარგავს, ღია კარის ინსტიტუტი კი უკვე როგორც ცნობიერი სამოქალაქო, კანონზომიერი მდგომარეობა, ის ძალაა, გადანახულ პასუხისმგებლობას საკუთარიდან კიდევ უფრო საკუთარ და დიდ ოჯახზე, სახელმწიფოს მოდელზე, დემოკრატიის პრინციპით რომ გაავრცელებს.
ირაკლი ალასანია ზუგდიდში სწორედ იმ მიზეზით დაბინავდა, რეგიონის მოსახლეობაში ჩემს მიერ ნახსენები შიში აღმოფხვრას. წინასწარ ძნელია თქმა, ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტორატს და სახელმწიფოს შორის სუბორდინაცია, რომელიც შესაძლოა ცალსახად ვერ ემიჯნებოდეს დაქვემდებარების უპირობო წესს, მაგრამ არ შეიძლება მასში დაცული არ იყოს იმაზე ზნეობრივი ინტერესები, როგორც წესი, ვიდრე „საჯარო“, „ქვეყნის“, ე.ი. ხშირად ანტისოციალური პოზიციაა, ვისი ინიციატივით დაირღვევა, თუ კი მოხდა ასე. ამომრჩევლის ნება ძირეული პრივილეგიაა ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ამიტომ ხშირად სათავისო სამოქალაქო განწყობისთვის ათასობით, ასიათასობით, მილიონობით სიტყვები, დაპირება, იმედი გაიხარჯება. „გლახაკი და ქილა ერბოს“ იგავის მსგავსად, გზად შემხვედრი მომავლის განცდას ვფიქრობ მაინც არ აქვს და ვერც ექნება ბუნებაში სამართლებრივი, მორალური გარანტია, ბევრჯერ დამსხვრეული ქილის სიმძიმე ამჯერად მაინც რომ გაუძლებს სხეულის წონას. უპირატესობა პარტიების, მათი ლიდერებისთვის ელექტორატზე მუშაობისას ბეწვის ხიდზე გადებული მოთმინება იქნება, რადგან წლობით დაგროვილი ფსიქოლოგიური წნეხის გარღვევა არც ისეთი იოლი, მარტივად ხელშესავლები ქცევა და პრეტენზიაა. ზეპირ განცხადებებს, შეგულიანებას ბევრისგან, მუდამდღე და გარდაუვლად მომავალში, ვფიქრობ, ყოველთვის მხოლოდ წამიერი სარგებელი აქვს. მას კი, ვინც გადაწყვეტს, სამოქალაქო საზოგადოებაში შიშის დანაწევრებას დროებითი, საცდელი ეიფორია არ ეურჩოს „ცოტა ხნის,“ ე.ი. „არჩევნების წინა“ მავნებლობით, ბევრად მეტი, მძიმე და ხანგრძლივი საზრუნავი ექნება.