ბლოგები
სოლიდარობა ზუგდიდელ მშრომელებს!
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი იმას ითხოვენ, რასაც იმსახურებენ - კუთვნილ ხელფასს.

რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით იგივე პრობლემა დაფიქსირდა, ისევ ზუგდიდში: ქალებმა თურქული საწარმო შრომით ექსპულატაციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, უფროსები ავიწროვებენ, უყვირიან, ზამთარში - სიცივეში ამუშავებენ, ხოლო ზაფხულში კი სიცხეში, კონდინციონერის გარეშე, დილის 9 საათიდან, ღამის 10-11 საათამდე. ანაზღაურებაზე აღარაფერს ვამბობ.

ამ ამბავში ეროვნება მნიშვნელოვანი არ არის, იგივეს, (ვგულისხმობ მშრომელების ექპულატაციას) უფრო დიდი სიმამაცითა და მუხტით ეწევიან ქართველი დამსაქმებლებიც, შესაბამისად, ეს ორი საწარმო რომ თურქულია დავივიწყოთ და მზერა სულ სხვა რამისკენ გადავიტანოთ:

აქ მნიშვნელოვანია მთავრობა და მისი ქმედებები, შესაბამისად, დაახლოებით ასეთი კითხვები უნდა დავსვათ: რატომ არ იცავს მთავრობა უბრალო ადამიანების ინტერესებს? ან, ასეთი კითხვა: რატომ უშვებს მთავრობა ოცდამეერთე საუკუნეში მონობის ლეგალიზებას?

მოვითხოვოთ, ვიყვიროთ ისე, რომ გაიგოს მთელმა უბანმა: დაიცავით ხალხის ინტერესი! დააწესეთ რეგულაციები! ჯერ ხალხის ინტერესები, შემდეგ - ბიზნესის! გაათავისუფლეთ ჩვენი შრომა მარწუხებისგან! და ა.შ.

ეს პატარა ბლოგი ორ რაღაცას წარმოადგენს: მოწოდებას და სოლიდარობას, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფეხზე კიდია მთავრობას და მთავრობასთან შეზრდილ ბიზნეს ჯგუფებს. ეს უბრალო, მშრომელი ადამიანები არიან ქვეყნის ბირთვი და სიამაყე და არა ისინი, ჰალსტუხმოჭერილი ჩინოვნიკები, რომლებიც ყოველდღე დაუდგენელ ტენდერებს აცხადებენ და ხალხის ფულის ჭამით არიან გართულები.

თუ დავაკვირდებით ამ ჰალსტუხმოჭერილებს, (ვგულისხმობ პოლიტიკოსებს) არჩევნებია კარს მომდგარი და არაფერს საუბრობენ შრომით პრობლემებზე, რაღაც სიურეალისტურ ჟანრში გასული პოპულიზმით მანიპულირებენ ისევ, მეტიც, ერთმა დაუდგენემლა პოლიტიკურმა წამონაზარდმა, ვგულისხმობ პარტია „გირჩს“, საერთოდ უარყო ადამიანების შრომის დაცვა. ასეა, ჩვენი პოლიტიკოსები ჩიტები არიან, რომელსაც ორივე ფრთა მარჯვენა აქვს.

მოკლედ, დასასრულს კიდევ ერთხელ სოლიდარობა მშრომელებს, და აქვე, ენისმოჩლექვის გარეშე მოწოდება ზუგდიდელ აქტვისტებს: კარგია ოკუპაციის გაპროტესტება, ნარკოპოლიტიკისაც, მაგრამ ამ ადამიანების გვერდითაც დადექით! ჩადექით მათი ბრძოლის ავანგარდში!

თქვენ ამის გამოცდილება გაქვთ.