ბლოგები
ღვთისმშობლის ნიშა, სეკულარიზმი და ჭინკები
FaceBook Twitter
E-mail Print
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად საინტერესო თემაზე - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშის დადგმაზე მოქალაქეები მსჯელობდნენ. ვაღიარებ, მიუხედავად წინასწარი განწყობისა, მცირედი ეჭვი მაინც მქონდა, რომ ამ შეკრებაზე ზუგდიდი თავს გამოიჩენდა მაღალი სამოქალაქო პოზიციით და თუნდაც ერთი ადამიანი მაინც გამოერეოდა ისეთი, ვინც კრიტიკული და მწვავე შეფასებებით იქნებოდა გამორჩეული, ამიტომაც ბოლომდე ვუყურე პირდაპირ ტრანსლაციას განხილვის ლოკაციიდან. თუმცა, ეჭვი ეჭვად დარჩა.

შემდგომ, ეპარქიის მდივანმა, დიმიტრი ვეკუამ ფეისბუკის საშუალებით, ქრისტესმიერი სიყვარულით სამომავლო წესის აგება დაამადლა კრიტიკულად განწყობილ მოკვდავთ, ხოლო მისი ამ პოზიციით აღშფოთებულებს სექტანტები უწოდა. მათ შორის ვიყავი მეც და ამ წამს, როდესაც წერილს ვწერ, მოვინდომე კიდევ ერთხელ გადამეხედა მისი სტატუსისთვის და კომენტარებისთვის, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ იგი აღარ იძებნება ჩემს მეგობრებში. სავარაუდოდ დამბლოკა - გავიფიქრე და ვირტუალური ანათემის მწველმა ტკივილმა გაირბინა სადღაც საფეთქელთან.

არ იფიქროთ, რომ დიმიტრი ვეკუა ამოვიჩემე და მას ვერჩი, ან ეს წერილი მას შეეხება. არა. და პირიქით, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამ ახალგაზრდა მღვდლის მიმართ, სწორედ ამიტომ იყო ძალიან მოულოდნელი და საწყენი მისგან ისეთი ტექსტის მოსმენა, რომელიც ხშირად გვესმის ხოლმე ტაბურეტიანი შავრაზმელებისგან და რომელთაგანაც, ჩემი ღრმა რწმენით და სუბიექტური დაკვირვებით, დიმიტრი ვეკუა ძალიან შორს დგას. დიმიტრი ვეკუაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ძირითადად ის ახმოვანებს ეპარქიის თუ საპატრიარქოს პოზიციას მოზაიკური ნიშის დადგმის თაობაზე. საჯარო განხილვამდე ორიოდე დღით ადრე სწორედ დიმიტრი ვეკუამ გვიძღვნა ათწუთიანი ვიდეომიმართვა, სადაც ევროპული არქტიტექტურული სტანდარტებით დაწყებული, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ფენომენით დამთავრებული ბევრ საჭირბოროტო თემაზე გვესაუბრა ჩვენ, სექტანტებსა და ჭინკებს. ხო, ჩვენთვის იყო ეს ვიდეო ძირითადად განკუთვნილი და კიდევ იმათთვის, ვისაც მოძღვრისაც ეხათრება და სექტანტებსაც უსმენს ხოლმე. ჰოდა, კი გადაწყვეტილია უკვე ყველაფერი ("განხილვამდეც" გადაწყვეტილი იყო), მაგრამ ალბათ მაინც სჯობს ძალიან მოკლედ ვთქვათ, თუ რას "ვერჩით" ნიშას.

და რას ვერჩით ნიშას?

ასე იმიტომ ვსვამ კითხვას, რომ მართლა ჰგონია ბევრს, თითქოს ღვთისმშობელს, ან მის ნიშას ერჩის ვინმე. ნუ, ამ "ბევრისგან" უმეტესობას ალბათ ვერასოდეს შევასმენთ, რომ არ ვერჩით, მაგრამ არის კიდევ კატეგორია ადამიანებისა, ვისაც გულწრფელად უნდა გაიგოს საპირისპირო პოზიცია, სუბიექტური თუ ობიექტური არგუმენტებით გამყარებული. ამიტომაც, მოდით, დავიწყოთ.

იმ ვიდეოში დიმიტრი ვეკუა მრავალმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ ჩვენ ევროპაში აუცილებლად ვნახავდით რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ მონუმენტებს, რადგან მხოლოდ აეროპორტში დასაჩეკინებლად და ტუჩების მოსაპრუწად იქ არავინ დადის. მართალია მოძღვარი, დავდივართ და ვნახულობთ და ევროპის ქალაქების ისტორიული არქიტექტურა ნამდვილად გადახუნძლულია რელიგიური თემატიკით. მაგრამ, მას ავიწყდება (ან განზრახ არ ახსენებს), რომ ყველა ეს ძეგლი რამდენიმე საუკუნეს ითვლის, უახლესი ალბათ 2 საუკუნის მაინცაა და მათი არქიტექტურული სტილისტიკისა თუ სიძველის გამო ქალაქის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. ცხადია, მეტ სტანდარტებსაც შეგვიძლია მოვუხმოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს წერილი ურბანულ კვლევას დაემსგავსება, რისი კომპეტენციაც არც მე და არც დიმიტრი ვეკუას გვაქვს, ამიტომ ეს ორი და ზერელე ფაქტი ვიკმაროთ. თუ ავიღებთ, მაგალითისთვის კარლის ისტორიულ ხიდს პრაღაში და დავგუგლავთ მის მოკლე ისტორიას, ვნახავთ, რომ ამ ხიდზე განთავსებული, ბაროკოს სტილში შექმნილი წმინდანთა ქანდაკებები აღმართულია 1683-1714 წლებში. ანუ, ამ ქანდაკებებს რელიგიურზე მეტად კულტურული და არქიტექტურული დატვირთვა აქვთ და ბოლო 300 წელია ისინი ამ ქალაქის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა ქალაქებზეც, ტრიესტზე, რომზე, პარიზზე, ლისაბონზე, ვარშავაზე, მიუნხენზე - ყველგან გვხვდება რელიგიური შინაარსის ქანდაკებები, მაგრამ მათი აბსოლუტური უმეტესობა არის ისტორიული მნიშვნელობის და მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის განთავსებული ან ეკლესიებში, ან ეკლესიის სიახლოვეს. ყოველ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრში, მთავარ მოედანზე მთავარ სიმბოლოდ ღვთისმშობელს, ქრისტეს ან ნებისმიერ ანგელოზს უიშვიათესად ვხედავთ.

"უიშვიათესად" იმიტომ ვახსენე, რომ გამონაკლისი შეიძლება ყველგან არსებობდეს, უბრალოდ, ჩემი საკმაოდ მდიდარი სამოგაზურო გამოცდილებიდან გამომდინარე მე უიშვიათესად მინახავს მსგავსი რამ. ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ქალაქებში დღემდე ქმნიან სკულპტურებს, მათ შორის რელიგიურს და ალბათ იქაურ ეკლესიებსაც აქვთ დაუცხრომელი სურვილი ცენტრალურ მოედანზე დადგან ძეგლები, მაგრამ განსხვავებით ზუგდიდის საკრებულოსგან, იქაურ თვითმმართველ ორგანოებს უკეთესად ესმით სეკულარიზმის მნიშვნელობა და ურბანული განაშენიანების პრინციპებიც მკაცრად განსაზღვრულია. ამიტომაც, მკაცრად განსაზღვრულია ის ადგილებიც, სადაც ახალი მონუმენტები უნდა დაიდგას. ასე მაგალითად, ევროპის ერთ-ერთი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, "ჩრდილოეთის ანგელოზი" (Angel of the North) აღმართულ იქნა 1998 წელს, ქალაქ გეითსჰედში. 20 მეტრის სიგრძის და 54 სიგანის ეს ლითონის ანგელოზი ქალაქის ცენტრში კი არ აღუმართავთ, არამედ გარეუბანში გაიტანეს და ერთ-ერთი მაღალ გორაკზე განათავსეს. ნუ, კარგი, ევროპას შევეშვათ და ცოტა უფრო შორს წავიდეთ, ფილიპინებში, რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი მრევლით გამოირჩევა - აქაც კი ქალაქგარეთ გაიტანეს "მონტემარია", 96 მეტრიანი ღვთისმშობლის ქანდაკება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ღვთისმშობლის მონუმენტი იქნება მშენებლობის დასრულების შემდეგ. ნუ, შეგვიძლია კიდევ ათეულობით მაგალითის მოყვანა.

და როგორ გგონიათ, რატომ ხდება ასე? ნაკლებად მორწმუნეები არიან თუ ღვთისმშობლის კულტია მათთან სუსტი? ცხადია არა. იმიტომ, ხდება ასე, რომ იქ კულტურული ცხოვრების თანამედროვე დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელია სეკულარიზმი, რომელიც მკვეთრად მიჯნავს საერო და სასულიერო ცხოვრებას ერთიმეორისგან ნებისმიერ სივრცეში, ისე, რომ არც ერთის უფლება არ იყოს დარღვეული. ამიტომაც, მაგალითად შვეიცარიის პატარა ქალაქ ბურგდორფში თუ უკვე დგას ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის, ქრისტეს ან წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ძეგლი და ის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, მას არავინ აიღებს, მაგრამ თუ არ დგას და ადგილობრივი ეკლესია გადაწყვეტს მის დადგმას, ქალაქის მმართველი ორგანო აუცილებლად მიუთითებს კარებისკენ, რომლის მიღმაც ჩანს ეკლესიის საკუთრებაში არსებული ფართი. ჩვენთან ეკლესიას მიწები და ფართები არ აკლია, ბოლო მონაცემებით ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების საერთო რაოდენობა ფართობით ქალაქ ბათუმის ტერიტორიას უტოლდება (!) და ჩვენი ქვეყანაც თითქოს დეკლარირებულად სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებზე დგას, მაგრამ მადა ჭამაში რომ მოდის ესეც ხომ ბანალური ჭეშმარიტებაა.

ღვთისმშობლის ნიშის ზუგდიდში აღმართვის ერთ-ერთ მოტივაციად დასახელდა საქართველოს წილხვდომილობა და ასევე ღვთისმშობლის კვართის არსებობა ზუგდიდში. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ლამაზი ლეგენდა, თითქოს წილისყრისას ღვთისმშობელს საქართველო ერგო, არ არის ჩვენი ექსკლუზივი - მსგავსი ლეგენდები აქვს არაერთ ქრისტიან ერს და თუ არ ვცდები ბულგარელებიც ღვთისმშობლის წილხვედრად თვლიან თავის ქვეყანას, უკრაინელებიც და რუსებიც, კვიპროსელი ბერძნებიც, რომ არაფერი ვთქვათ ზოგადად ბერძნებზე. გარდა ამისა, ღვთისმშობელი მფარველ წმინდანად მიჩნეულია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ევროპასა და ამერიკაში, ლათინური ამერიკა საერთოდ მის წილხვედრადაა მიჩნეული და მთავარ სიწმინდეს ამ ქვეყნებში წარმოადგენს Nuestra Señora de Guadalupe - ჩვენი ქალბატონი გვადალუპე. მეტსაც გეტყვით, ჩინეთის მთავარი მფარველი წმინდანიც მარიამია (შეშანის ქალბატონი). ჰოდა, ლეგენდის, გადმოცემისა თუ წმინდა წერილის თანახმად, ჩვენც ამ ქვეყნების სიაში ვართ და რატომ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ, თითქოს მხოლოდ ჩვენ გაგვიმართლა ასე ძალიან? და როდესაც ქალაქზე ვსაუბრობთ, როგორც კვართის საბრძანებელზე, რატომ გვავიწყდება, რომ სულ ახლახან, საბჭოთა ეპოქაში იქნა წამოღებული ხობის მონასტრიდან?

კიდევ ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო, თუ რატომ არ მოუხდება რელიგიური სიმბოლიკა სეკულარულ სახელმწიფოში ქალაქის მთავარ მოედანს, მოედანს, რომელიც ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აგერ უკვე 30 წელიწადია. დროა, რეალურად გავმიჯნოთ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან - ღმერთს ღმრთისა და კეისარს კეისრისა. დადგით ბატონებო ეს ნიშა ეკლესიების მიმდებარედ, მოვალთ და ვილოცებთ, ჩუმად, ჩვენთვის, რადგან რელიგია ყველაზე ინტიმური ნაწილია ადამიანის ცხოვრებისა და მე არ მესმის მისი ასე გაბაიბურება. იმ მოედანზე კიდევ ბევრი ვინმესი ან რამეს ძეგლი შეიძლება აღიმართოს - ლევან დადიანის, ცოტნე დადიანის, გუბაზ მეფის, აიეტის, აკაკი ჭანტურიას, დანიელ ფიფიას და ა.შ.

სიტყვის ბოლოს, არ შემიძლია არ ვახსენო ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ე.წ. განხილვა მოაწყვეს. ვისაც არ დაგეზარებათ, Youtube-ში შეგიძლიათ აკრიფოთ საბჭოთა პერიოდის პარტიული სხდომების ჩანაწერები. სტილისტიკა და პათოსი დაცულია, უბრალოდ ლენინი, სტალინი, პროლეტარიატი და პარტია ჩანაცვლდა რელიგიით, პატრიარქით და მეუფეთი. საბჭოთა პარტიულ ყრილობებზე ხომ ზუსტად მასე ხდებოდა - "მსჯელობდნენ" იმაზე, რაც უკვე გადაწყვეტილი იყო "ზემოთ". ვაი, ახავაი ჩქინშენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.






ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი
იმას ითხოვენ,
23:58 / 27.09.2018
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი იმას ითხოვენ,






ავტორი: ტატო ჩანგელია

რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა;
02:31 / 13.09.2018
ავტორი: ტატო ჩანგელია

რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა;
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.