თათია პაქსაშვილი
[საკონკურსო პოსტი]
ხშირად მსმენია ჩვენი ექიმების ხელში მტერი ჩავარდესო. ჯანსაღი, რომ იყო საავადმყოფოდან დასნეულებულს გამოგიშვებენო. ხალხში გავრცელებული ეს მოსაზრება ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს ერთ-ერთი პაციენტის ნაამბობი მაძლევს. 36 წლის, სრულიად ჯანმრთელ სამხედრო მოსამსახურეს, ჩინით მაიორს უვიცი და გულგრილი ექიმი ანესთეზიოლოგის წყალობით ინფარქტი განუვითარდა. არამიანცის სახელობის საავადმყოფოში „შეძენილმა“ დაავადებამ ნარკოზით მოტეხილი ფეხის ოპერაციას შეუშალა ხელი. ერაყის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე სახლში ისევ ყავარჯნებით გაუშვეს. ექიმების დაუდევრობა და შეცდომები ცალკე თემაა. ჩემი ბლოგი ჰიპოკრატეზე დაფიცებული ხალათიანების არანაკლებ მნიშვნელოვან ქვეთავს ეხება.
ბოლო რამდენიმე დღეა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხშირი სტუმარი ვარ. რომ არა მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმას ვერ ვნახავდი და გადმოვცემდი რაც ამ საავადმყოფოს ერთ-ერთ განყოფილებაში ვნახე.
ინგოროყვას კლინიკის გარე ფასადი ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ შიგნით შესვლამდე ძალაუნებურად გაფიქრებინებს მართლაც ევროპული დონის საავადმყოფოსთან გვაქვს საქმე. ეს მხოლოდ გარე საჩვენებელი ფასადია, შიგთავსი კი საბჭოური პერიოდის გახლავთ მათ შორის მომსახურეობის მთელი ბუკეტი. მეოთხე სართულზე ასვლისას არსად არის მინიშნებული ,რომ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებით. თუ არ ჩავთვლით კარებზე ჩვეულებრივ ქაღალდზე პასტით მიკროსკოპიული ასოებით მინაწერს. ჰოლში მომრგვალებულ მაგიდასთან მორიგე ექიმი, რამდენიმე ექთანი და სანიტრები სხედან, რომელთაც პაციენტებისთვის ყურადღების ხშირი მიქცევა ევალებათ. ხშირს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ პაციენტების უმრავლესობა ლოგინს არის მიჯაჭვული და გადაადგილება არ შეუძლიათ. მაგიდასთან კომპიუტერი დგას. თავის შექცევის მიზნით ექთნები და სანიტრები www.youtobe.com განთავსებული ვიდეობით ერთობიან. ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ თუ რათქმა უნდა საქმე არ ფუჭდება. პალატაში ოთხი საწოლი დგას. ორ მათგანზე ზემოდან ხელის მოსაჭიდებელი კიდია (პაციენტმა, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია მასზე დაყრდნობით წამოჭდომა, რომ შეძლოს) დანარჩენ ორს ეს მოწყობილობა არ გააჩნია. არადა იმ ორ საწოლზე მწოლიარეებსაც ჰაერივით ჭირდებათ. ერთ-ერთ პალატაში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე დაშავებული მუშა წევს. გირები არა სპეციალურ მოწყობილობაზეა დამაგრებული არამედ პირდაპირ საწოლის თავზეა ჩამოკონწიალებული. სრულიად უსუსური ავადმყოფი, რომელმაც მშობლიური (მაკედონიური) ენის გარდა არც ერთი ენა არ იცის კიდევ უფრო უსუსურია სანიტრების „ყურადღების“ გამო. გაუნძრევლად მწოლიარესთან თავის დროზე არც სუდნო შემოაქვთ და არც პანპერს უცვლიან. აუტანელი სუნის გამო სხვა ავადმყოფებიც წუხდებიან, რომლებიც არანაკლებ იტანჯებიან სანიტრების „გადამეტებული“ ყურადღებით. სულ ცოტა მეგაფონი მაინც გჭირდება პალატიდან ხმა, რომ მიაწვდინო. თუ გაგიმართლა და საჭირო დროს შენთან მნახველი მოვიდა მაშინ ის ხდება სანიტართან შენი დესპანი. ერთი „სიამოვნებაა“ იმის ყურება რა რეაქცია აქვს ამ დროს მორიგე სანიტარს. მოსმენილიდან მცირედი პაუზის შემდეგ ზლაზვნით დგება, სახეზე აშკარა უკმაყოფილება ეხატება. არანაკლებ ამაღელვებელია პასუხიც: „ახლა ვერ გამოუცვლი, ნემსები მაქვს გასაკეთებელი“. მოსაქმებული პაციენტი ქაქში იცდის დანარჩენები მისი სურნელით ტკბებიან. ამ ყველაფერში კი საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან. სოლიდური თანხაა გადასახდელი იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ღამით შენს ავადმყოფს სკამზე გაუთენო. ამ ყველაფრის შემხედვარეს შიშმა შემიპყრო და უფასო სადაზღვევო პაკეტები გამახსენა. რა დღეში ჩავარდებიან ადამიანები, რომლებსაც გადახდის საშუალება არ აქვთ თუ კი საავადმყოფოში მოხვდებიან. მაშინ როცა გადახდის უნარიანები ასეთ დღეში არიან. ახლა მხოლოდ ერთს ვნატრობ: ღმერთო დაგვიფარე და ჯანმრთელად გვამყოფე!
Livepress.ge აცხადებს კონკურსს საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად