„რაც არ უნდა დიდი ქმნილების წინაშე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც მეტ ყურადღებას მოითხოვს შენგან“. კ. გამსახურდია
იდგა ღვინობისთვის პირველი... ქრისტეს აქეთ 2012.
არჩევანს უნდა დაერქმია სახელი: ადამიანი უზენაესი ღირებულება თუ შადრევნებთან ფერად–ფასადიან–ასფალტიანი სინამდვილე ნაცვლად ადამიანური ღირსებისა.
მოსახდენი მოხდა!
მოხდა მშვიდობიანად!
დიდება უფალს, ქვეყნის დაქცევას გადავრჩით! არ მაქვს პრეტენზია ფართო საზოგადოებას ექსპერტის ტონით ვესაუბრო, მაგრამ მიხარია, რომ დადგა ჟამი ბნელს ბნელი ერქვას, ნათელს ნათელი. უსასტიკესი საშუალებები მისაღწევ მიზანს აღარ ამართლებდეს.
ჩვენ გამოვიარეთ ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ ამხედრებული, აღზევებული ადამიანების ერა. გვახსოვს მაშინდელი განათლების მინისტრი კახა ლომაია როგორ „იბრალებდა“ ქართველ მოსწავლეებს „ისტორიის სანაგვეზე გადასაგდები“ „შუშანიკის წამებისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ სწავლის აუცილებლობის გამო და მოინდომა ბავშვების „ხსნა“.
არ გაუვიდათ!
მიხვდენენ, რომ ამის გაკეთებას ჯერ ვერ შეძლებდნენ.
და სხვა გზებით გაგრძელდა შეკვეთილი მიზნისკენ სვლა. (ცნობიერების გასოროსება)
დაიწყო აქტიური დებატები იმის შესახებ, რომელი კლასიდან დაეწყოთ სექსოლოგიის სწავლება, გამართლებულია თუ არა ქალწულობის ინსტიტუტი, „თოქშოუებზე“ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარე ნაკლებად განიხილებოდა, თითქმის მოწოდებების ხასიათი ჰქონდა გადაცემებს.
ცხადია, ადამიანი ორი საწყისია: სული და სხეული, მაგრამ მათგან არც ერთის უგულვებელყოფა არ შეიძლება. (უფრო ზუსტად, ანომალიური განზრახვაა)
სკოლის მიზანი, ხომ ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვაა და არა ინსტიქტების მონა ან რეალობას მოწყვეტილი არსებების გაშვება ცხოვრების ასპარეზზე.
სწავლების პროცესი თუ მიზეზ–შედეგობრივ მთლიანობაში არ არის გააზრებული, სათანადო შედეგი არ გვექნება.
ვფიქრობთ, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით აუცილებელია თანამდევი პროცესების ღრმად გაანალიზება. სკოლებში წლების განმავლობაში საბუნებისმეტყველო საგნების სემესტრული სწავლება იყო დანერგილი. სხვა საგნებთან ერთად, ერთბაშად რვა საგნის ჩაბარების აუცილებლობამ მოსწავლეები ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენა. ისინი გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად რამდენიმე საგანს მაინც მეცადინეობენ (თუ რვავეს არა) შესაბამისად, სახლიდან დილით გამოსულნი ღამის ცხრა ან ათ საათზე ბრუნდებიან შინ და იწყებენ ახალ სამუშაო დღეს. ეს არანორმალური დატვირთვაა.
ბუნებრივია, სკოლაში სწავლების წლებით საბაზო, ზოგადი ცოდნა უნდა მიიღოს ადამიანმა, მაგრამ იქნებ მოხერხდეს საგამოცდო საგნების გადანაწილება სწავლების ბოლო ორ წელიწადზე, ან გამოინახოს სხვა გზა ამ გამოცდების გადანაწილებისა ისე, რომ მოსწავლე–ახალგაზრდობას მეტი თანმიმდევრობით, მშვიდად შეეძლოს მეცადინეობა სათანადო შედეგის უზრუნველსაყოფად. ნაკლებად სარწმუნოა, რომ სიტუაციური მახსოვრობის მობილიზაციით შესწავლილი მასალა მყარ ცოდნად დარჩეს (ადვილი გამოსაკვლევია ეს საკითხი იმ მოსწავლეების გამოკითხვით, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს)
უდავოა, განათლების სისტემის რეფორმამ სასიკეთო ცვლილებებიც მოიტანა, მაგალითად, ეროვნული გამოცდების ახლებური სტრუქტურა, მაგრამ აუცილებელია რეფორმის ყოველი ასპექტით გათვალისწინებული იყოს ადამიანის სულიერ–ფსიქოლოგიური სამყარო და მოსალოდნელი შედეგები.
საკეთებელი, გასაანალიზებელი ბევრია.
მთავარია, მომხდარ ცვლილებას ერი და ბერი შინაგანი მღვიძარებით შეხვდეს. გამარჯვების ეიფორია გაუნელებელ მდგომარეობად არ უნდა იქცეს, ხალხი და მთავრობა ისევ ცალ–ცალკე არ უნდა დარჩეს.
ღმერთმა გააძლიეროს ქვეყნის გულწრფელი ჭირისუფალი თითოეული ადამიანი.
ღვთისმშობლის მეოხება არ მოჰკლებოდეს საქართველოს!