ფიქრია ყალიჩავა
[მეგობარს რომელიც არასდროს მენატრება]
მანდარინის ქალაქი
• ახალი წლის მოახლოება გარდაუვალი ზამთრის გრიპივით მეზიზღება, რომელიც უეჭველი მოვა, თავს აგატკივებს, ცხვირს წვინტლებით გამოგიჭედავს, ძილს არ დაგაცდის, თავში წამოგიტყაპუნებს და ერთი სიტყვით არ მოგადუნებს. ასე მეზიზღება ეს გაურკვეველი წარმომავლობის სანტა კლაუსი და საერთოდაც, ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებელი მრავალჯერადი გამოყენების სათამაშოებიც.
მკითხველი უცებ გაიფიქრებს, ამის ავტორს როგორი მძიმე ბავშვობა ჰქონიაო... უფრო მეტიც, ბავშვობის უქონლობას განიცდისო, არადა არ იყო ასე! ყოველთვის მქონდა ძალიან თბილი ახალი წელი, მთელი თავისი სიტკბოთი, საჩუქრებით, უზარმაზარი ნაძვის ხით, ბებოს ფუსფუსით, ბევრი, ბევრი ჩურჩხელით...
უბრალოდ ახალი წელი ყოველთვის იყო მეტად რეალური, ყოველგვარი ზღაპრების, გოზინაყის და ძირითადად თოვლის გარეშე... როცა გავიზარდე მივხდი, რომ ახალი წელი გაცილებით უფრო ზღაპრული და გაჯადოსნურებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მაკლია ბავშვური გაფიქრება, რომ ეს ყველაფერი დავიჯერო...
• მოკლედ, ახალი წელი მოდის. რიგით მერომელიღაცა დღე... დღე როდესაც ცოტათი მეტი საბაბი გვაქვს მუცელი 3 ჯერ მეტად ამოვიყოროთ, 7 ჯერ მეტი დავლიოთ და 12 ჯერ მეტად დავიკიდოთ ის, ვისაც ამ ყველაფრის საბაბი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არა... შეგიძლია ამ ერთხელ დავიკიდოთ გაცილებით უფრო თამამად, ვიდრე სხვა დროს, რადგან ახალი წელიააააა
• ყოველ დილით მოვდივარ სამსახურში და გზად უფრო და უფრო ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას. განსაკუთრებით ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე უზომოდ გათანგული ადამიანების სახეებში, რომლებსაც ერთი სული აქვთ გაყიდონ ეს ჯანდაბა მანდარინი, გაყინული ხელები ჯიბეში ჩაილაგონ და წავიდნენ ისევ ბაზარში... მერე იმ ადამიანების სახეებში, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ეს მაწანწალები დროზე აიფხიკონ აქიდან, რადგან მარტივად შეძლონ თავიანთი თბილი მანქანების სადმე „მიპარკინგება“...ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. ვისთვის თბილა, ვისთვის ცივა, ვისთვის კიდე „ჩეინჯების“ დრო დგება ...
და მაინც, ვის უნდა ამდენი მანდარინი, გადაყვითლებული მასა ...
ასე მგონია, ყველაზე მეტი მანდარინი სწორედ წინასაახალწლო პერიოდში იჭმევა... დასკვნა გაკეთებულია ბაზარზე არსებული მიწოდებისა და შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
მე არც მანადარინი და არც მანდარინის ქალაქი მიყვარს... მე ამ ქალაქში მიმოფანტული ადამიანები მიყვარს... ზოგი ცხოველიც... ზოგი ფრინველიც...
მე მანდარინის ქალაქი არ მიყვარს!!!