ბლოგები
მოდელირებული დიალოგი ანა წითლიძის დღიურთან
FaceBook Twitter
E-mail Print

თავისუფალი ზუგდიდი

 

ანი წითლიძესთან დიდი ხნის "ფეისბუკური მეგობრობა" მაკავშირებს. ყოველთვის საინტერესო ოპონენტად ვთვლიდი. ვფიქრობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ოპოზიციაში აუცილებლად უნდა იყვნენ კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები. არა მხოლოდ დემოკრატიის განვითარებისთვის, რომლის არსზე და მნიშვნელობაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გააჩნია, არა მხოლოდ მმართველობის სისტემის გამჭვირვალეობისთვის, რომლის ბუნდოვანებას ხალხი წლების განმავლობაში ეგუებოდა, - ეს ჭირდება სათითაოდ ყოველ მოქალაქეს, ვისაც ესმის ან არ ესმის, რომ ჯანსაღი და ლოგიკურად ჩამოყალიბებული კრიტიკა ხელისუფლებას აიძულებს მუდამ ფორმაში იყოს და იზრუნოს კრიტიკის მიზეზების აღმოფხვრაზე. 

ანის მიერ "ლაივპრესზე" გამოქვეყნებულ დღიურს ალბათ უბრალოდ, "გავაზიარებდი", "დავალაიქებდი" და დავდებდი განხილვისთვის საკუთარ გვერდზე ან ფეისბუქის ჯგუფში, რომელიც მას შემდეგ შევქმენი, რაც როლანდ ახალაიას ოფიციალურ გვერდზე დამბლოკეს და ამით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოპონირებისთვის არსებული ეს მიკრო სივრცეც მიუწვდომელი გახადეს. სულ სამი შემთხვევა დავაფიქსირე, როცა ოპონენტებმა ჩემთან კამათს გაცილებით მარტივი ხერხი ამჯობინეს - “დაბლოკვა”.


ერთერთი ასეთი “დაბლოკვა” მოხდა ზუგდიდის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის ასევე ოფიციალური გვერდიდან განთავსებული ბმული იუწყებოდა, რომ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ხურჩის საბავშვო ბაღს საჭირო ინვენტარი მიუტანა."(“კოპი-პეისტი”თ არის გადმოტანილი).


არცერთი სიტყვა არ იყო თქმული უცხოურ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე, რომლის დაფინანსებით და უშუალო მონაწილეობით ბატონმა საკრებულოს თავმჯდომარემ “ხურჩის საბავშვო ბაღს საჭირო ინვენტარი მიუტანა." ორგანიზაცია Edukator i Civitas Georgica-s წარმომადგენელმა იქვე გააკეთა კომენტარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


Marzena Rafalska:


"Edukator i Civitas Georgica w partnerstwe s minicypalitetom Zugdidi nachali proekt, w ramkah kotorogo otkrywaiutsia 2 alternatiwnye doshkolnye gruppy w sele Khurcha. Perwaia uzhe nachala rabotat', wtoroaia nachnet s 1 sentyabria."


როგორც ხედავთ, მსუბუქი მინიშნება გაკეთდა დაფინანსების წყაროს მითითებასთან დაკავშირებით. რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მხრიდან უფრო მკვეთრი განცხადებაც დაემატა, რომ მისი (Marzena Rafalska -ს), როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის ვალია - დაფინანსების წყარო გახადოს ყველასთვის ნათელი.


ამ პერიოდში როლანდ ახალაია ჯერ კიდევ არ იყო დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატად და მთავარ ფიგურად ლევან კონჯარია განიხილებოდა. ამ თემის სოციალურ ქსელში განხილვის შემდეგ ჩემი და ქალბატონ მარზენას კომენტარები პოსტიდან გაქრა და გაქრა თვითონ პოსტიც.

 

დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია, მანამდე კი ანი წითლიძის დღიურს პუნქტებად დავყოფ და თუ მოთმინება გეყოთ, ასევე პუნქტებად დალაგებულ მოსაზრებებს შემოგთავაზებთ “მოდელირებული დიალოგის” ფორმით.

 
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ უბრალოდ, ანის დღიურს გავაზიარებდი და დავდებდი განსახილველად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ არა...

 

ანი წითლიძე:


- “ლევან მაქაცარია შემოდის. პატრიარქის ვითომ მიმართვას მაკითხებს "ფეისბუკზე". კამათმაც არ დააყოვნა. მე თვითონ არა ერთხელ მიკრიტიკებია სამღვდელო პირები აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, კონკრეტული მღვდლის საქციელმა რწმენა შეგირყიოს და ეკლესიაზე გაგიტეხოს გული. ის, რაც დღეს ქართულ ეკლესიაში ხდება, კადრების პრობლემაა და ნაკლებად პატრიარქის, რომელსაც პატრიარქობის აღკვეცის პერიოდში ქართველი ერთი სტიქარიც კი არ ჰყავდა.”

 

თავისუფალი ზუგდიდი:

 

- ანი, ერთის მხრივ, თითქოს ამტკიცებ - კონკრეტული მღვდლის საქციელმა რწმენა არ უნდა შეგირყიოსო, მეორეს მხრივ იგივე მოსაზრებას განავრცობ მთელს საპატრიარქოზე და ქართულ ეკლესიაში “კადრების პრობლემა“-ში გვარწმუნებ. ამ ლოგიკით - ერთი მღვდელი რომ აშავებდეს, რწმენის შერყევის საფუძველი არ გვექნებოდა, მაგრამ თუ მთელ ქართულ ეკლესიას აქვს საკადრო პრობლემა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? აღარ ვირწმუნოთ? “პატრიარქის ვითომ მიმართვა”–ს კი აშკარად დაკრავს აგდებული ტონი! და როგორ არ აღვნიშნოთ პირდაპირი მინიშნება პატრიარქის “არაქართულობაზე”?!!!


თუ გახსოვს ანი, რა რეაქცია გქონდა, როცა მეუფე გრიგოლმა ფოთში “ოცნების” ოფისის კურთხევა გააპროტესტა და პოლიტიკური კურთხევა უწოდა? ნუთუ უცნაური არ გეჩვენება “ოცნების” ოფისის კურთხევის გაპროტესტება, როცა ქრისტიან-დემოკრატები ყოველ ახალ ოფისს აკურთხებენ და სასულიერო პირებს არასდროს გამოუთქვამთ პროტესტი ამის გამო? ნუთუ არ გაგიკვირდა მაინც მეუფესგან, რომელსაც სიტყვა არ დაუძრავს ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში გამოკრულ ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო ბანერებზე? თუ ნაცების მიმართ ლოიალურად განწყობილი სასულიერო პირები არ ექცევიან თქვენი მახვილი, კრიტიკული მზერის ქვეშ?

 

ანი წითლიძე:


- “კიბეებზე ლევან მაქაცარია და მაია გაწერელია მხვდებიან, ალექსანდრე ქობალიას გადადგომას მიდასტურებენ და მილოცავენ. ლევანმა ყველაზე კარგად იცის ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება უკვე ყოფილ გამგებელთან. ალექსანდრე ქობალიას გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომაც მისი გადადგომა დიდად არ მწყენია. მაინც მჯერა, რომ გადადგომა ზეწოლის შედეგი იყო. საკრებულოს მერე გამგეობა ყველაზე სტრატეგიული ობიექტი იქნებოდა ზეწოლის და მას გამგებელი ვერ გაუძლებდა თუნდაც იმიტომ, რომ მას ხალხის სიყვარული არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ავად თუ კარგად, ჩემს ქალაქს 7 წელი ემსახურა და ამისთვის მადლობა!”

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- თუ ფიქრობ (ან გვარწმუნებ), რომ გამგებელი “ავად თუ კარგად, ჩემს ქალაქს 7 წელი ემსახურა”, მაშინ რატომ გაქვს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება? ამბობ, რომ მას “ხალხის სიყვარული არ ჰქონია”, მაშინ რატომ ხსნი მის გადადგომას მხოლოდ ზეწოლით? თუ ეს ადამიანი მადლობის ღირსია, რატომ ვერ მოიპოვა 7 წლის განმავლობაში “ხალხის სიყვარული”?


ისევ იწყებ თავისუფლად მოაზროვნე, მეამბოხე სულის პათოსით და იმით ამთავრებ, რომ თურმე გამგებელს მადლობა უნდა გადავუხადოთ!!! განა ცოტა ისმოდა მის მიმართ მისივე ტელევიზიის ეთერში მისი მადლიერი მოსახლეობისგან?! სად გაქრა ეს მადლიერებით აღსავსე ხალხი? უცნაურია!

 

ანი წითლიძე:


- “ამიტომაც მხარს ვუჭერ ქალაქის გამგებლის პირდაპირი არჩევისს წესს, როგორც დემოკრატიის განვითარების მაღალ ხარისხს. დემოკრატიაც სხვა არაფერია, თუ არა მმართველობა ქვევიდან ზევით და არა პირიქით.”

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- “თავისუფალი ზუგდიდი”ს გაჩენის დღიდან (მესამე წელია) ვყვირი მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის აუცილებლობაზე. ნაციონალების მმართველობის პერიოდში მე არსად მინახავს შენს მიერ გამოთქმული მოსაზრება მერების არჩევითობასთან დაკავშირებით. არც ნაცმოძრაობის რომელიმე წევრს გამოუდვია თავი ამ საკითხზე ფიქრით. ახლა როგორ გავიგოთ თქვენი აქტიურობა? 9 წელი სოფლის გამგებელი არ აარჩევინეთ ხალხს და ახლა მოგინდათ მაღალგანვითარებული დემოკრატია?! თურმე რა ძნელი ყოფილა ნაცების მიერ კეთილ მოწყობილ (შეგნებულად ვწერ ცალ-ცალკე) დემოკრატიულ გარემოში ოპოზიციონერობა!

 

ანი წითლიძე:


- “მიკვირს როგორ შეიძლება მხარს უჭერდე კონკრეტული პირის კანდიდატს არ იცოდე მისი საარჩევნო პროგრამა. ამიტომაც, ვინც არ უნდა იყოს, პრინციპულად არ დავუჭერ მხარს, სანამ საჯაროს არ გახდის თავის მიზნებს. ეს ბევრისთვის გაუგებარია, ამიტომაც ვგონივართ ხან ნაციონალი, თან "ოცნება". რეალურად არც ერთი ვარ და არც მეორე, ერთი რიგითი ზუგდიდელი ვარ, ვისაც მინდა ისეთი გამგებელი მყავდეს, არ შემრცხვეს.”

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- ანი, თქვენ იყავით ლევან კონჯარიას გულმხურვალე მხარდამჭერი მაშინ, როცა ის პრეტენზიას აცხადებდა ზუგდიდის მაჟორიტარობაზე. იქნებ მანახოთ კონჯარიას მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებული “საარჩევნო პროგრამა”? იქნებ აგვიხსნათ, რა გზებით გახადა საჯარო თავისი მიზნები საკრებულოს თავმჯდომარემ, რომლის თავმჯდომარეობისას ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომაზეც კი არ ქონდათ შესვლის უფლება? უამრავი ფაქტი არსებობს, ვიდეომასალების ჩათვლით, როცა ჟურნალისტების თვალწინ გამოაცხადეს სხდომა დახურულად.

 

ანი წითლიძე:


- “12:00 უკვე თბილისში ვარ. მიკავშირდებიან სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიდან, ჩემი მეგობრები მთავაზობენ გავავრცელოთ ღია წერილი საკრებულოს თავმჯდომარის და ზუგდიდის მედიასაშუალებებისთვის. ახლგაზრდები ითხოვენ, ღია გახდეს გამგებლის არჩევის საკითხი და არჩევამდე მიეცეთ შესაძლებლობა კანდიდატებს, მონაწილეობა მიიღონ ღია დებატებში და საზოგადოებამ მოუსმინოს. ვგრძნობ, უფლება არ მაქვს არ დავთანხმდე და ხელი შევუშალო მხოლოდ იმიტომ, რომ „ვიღაცას“ არ აწყობს.”

 

თავისუფალი ზუგდიდი:

 

- ანი, პირველი პოსტი საჯარო დებატების მოთხოვნით მე გამოვაქვეყნე საკუთარ გვერდზე და ჯგუფშიც “თავისუფალი ზუგდიდი”, რომლის წევრი შენც ხარ. ამის მომსწრეა ჯგუფის 1400-მდე წევრი და 3450 ფეისბუკელი მეგობარი. ორი გამოკითხვაც გავაკეთე იმ წუთიდანვე, როცა სმო.გე-ზე გაჩნდა პირველი ინფორმაცია გადადგომის თხოვნით გამგებლის მიერ დაწერილი განცხადების შესახებ.


პირველივე გამოკითხვაში იყო კითხვა:


“თვლით თუ არა, რომ გამგებლის დანიშვნამდე კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ღია დებატებში?”


მეორეში კი:


“რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს ზუგდიდის გამგებლის თანამდებობაზე?” - (სრულიად ცარიელი გრაფით და კანდიდატების თავისუფლად დამატების უფლებით).


ასე რომ, ნურც საჯარო დებატებით საზოგადოების დაინტერესებას დაიბრალებთ საკუთარ თავზე და ნურც ამ საზოგადოების ინტერესების დაცვას. შეგეძლოთ ეს ინტერესები დაგეცვათ მაშინაც, როცა საკრებულოს გვერდზე სისტემატურად ვათავსებდი პოსტებს სხდომების სატელევიზიო ტრანსლაციის ან თუნდაც გადაღებული ვიდეომასალის საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსების მოთხოვნით. ამისთვის რიგიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებოდათ... ნურც თქვენს “საინიციატივო ჯგუფს” მიაწერთ საჯარო დებატების ინიციატივას. ინიციატივა სულ სხვა მხრიდან მოდის და მოთხოვნა არსებობდა მაშინაც, როცა თქვენმა სათაყვანებელმა გამგებელმა ერთადერთი ცოცხალი პოლიტიკური ტოქ-შოუ დახურა თავის არხზე. მაშინაც, როცა სამეგრელოს საზოგადოებრივი ტელევიზია დაიხურა, რაშიც (საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით) სწორედ იმ გამგებელს მიუძღვის დიდი წვლილი, რომელსაც შენ მადლობას უხდი 7 წლის განმავლობაში ქალაქის სამსახურში ყოფნისთვის.

 

ანი წითლიძე:


- “ზუგდიდის საკრებულომ დღეს დააკმაყოფილა ქობალიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა და უკვე ინტუიციურად ვგრძნობ, რამდენს ჰგონია თავი „ბეზ პიტი მინუტ“ გამგებელი :). მირეკავენ სხვადასხვა შტოს სხვადასხვა წარმომადგენლები და მთხოვენ, ნუ ვაქტიურობ :) და საჯარო დებატებს ნუ ვითხოვ. ასე რისი ეშინიათ გასაჯაროების, მაინც არ მესმის. დღესვე მომდის პირველი სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაციები. ისევ თოლორაია, ისევ ქავარია, ალასანია, თოდუა, სოსელია, ახლა უკვე გონელ პაპავაც. ყველა ქართული ოცნების სხვადასხვა ფრთაა. ამიტომ ყველა ცდილობს თამაშგარედ არ დარჩეს.”

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- ანი, მგონი რაღაც ვერ გათვალე ან ამ “მეოცნებეებს” გაურეკიათ! რომელი ჭკუათმყოფელი დაგირეკავს ასეთი მოთხოვნით მაშინ, როცა მათი საუბარი შეგიძლია ჩაიწერო და ცხვირში ააფარო?!

 

ანი წითლიძე:


- “ზუგდიდში უკვე საუბრობენ ათასგვარ ჭორებზე. მეამაყება, რომ მიუხედავად, ყველა ზეწოლისა, დაშინებისა, მიუხედავად შეცდომებისა და ა.შ. იმ საკრებულოში მომიწია მუშაობამ, რომელიც არ გატყდა და ეს პირველ რიგში კონჯარიას დამსახურებაა. ხშირად, როდესაც ჭორებს ვისმენ ამ ბოლო დროს ლევანზე, მის „კორუმპირებულობაზე“ „მის ვიღაცასთან გარიგებაზე“, ყოველთვის მახსენდება ერთი დეტალი: მას სულ ხელში უჭირავს ფსალმუნი, რომელზედაც ლოცულობს. ეს ფსალმუნი აძლევს მას ძალას, ამ ურთულეს სიტუაციაში, როდესაც ზუგდიდის საკრებულოზე ყველაზე მეტი ზეწოლა ხორციელდებოდა, იყოს საოცრად პრინციპული და ერთგული საკუთარი პრინციპების და ქალაქის.“

 

თავისუფალი ზუგდიდი:

 

-კონჯარიას შეეძლო საკუთარი “პრინციპულობა”, "არაკორუმპირებულობა” და “ქალაქისადმი ერთგულება” საჯარო გაეხადა თუნდაც ტენდერების გამოქვეყნებით საკრებულოს ვებ-გვერდზე. ტენდერი რა არის? ტენდერი ის არის, როცა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში), გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონიც შეიძლება იყოს. კარგი შანსია ბიზნესმენებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ამ ტენდერების შესახებ ინფორმაცია. თან მთელი “მუღამი“ იმაშია, რომ ტენდერი შეიძლება იმდენად მიუღებელი პირობებით გამოცხადდეს, რომ თუ გაგიმართლათ და შემთხვევით გაიგეთ მის შესახებ, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც გაგიჩნდებათ. ამასობაში დგება “გადაუდებელი აუცილებლობა”, რომელიც გამგეობას და საკრებულოს აძლევს ლეგიტიმურ უფლებას - პირდაპირი წესით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა! რას ნიშნავს? - კონტრაქტი გაუფორმოს ვისაც უნდა! ესეც შენი “საჯაროობა”, “დემოკრატია”, “არაკორუმპირებულობა”, “არგარიგება”. პლუს “ქალაქისადმი სიყვარული”. ვერც კონჯარიას გულისამაჩუყებლად აღწერილი სურათი (ფსალმუნით ხელში) ვერ დამარწმუნებს იმ ადამიანის ღვთისმოსაობაში, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ბავშვებისთვის ჩატანილ საჩუქარს დაყვება და ამით იკეთებს წინასაარჩევნო რეკლამას! ისე, ფსალმუნის გარდა, კონჯარიას თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის გადაკითხვაც არ აწყენდა...

 

ანი წითლიძე:


- “თოლორაიას დანიშვნას ვაპროტესტებ გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. ვგრძნობ, ლევანს ჩემზე მეტად უჭირს ეს ყველაფერი. მას თავის მართლება უწევს იმაზე, რაც მასზე არაა დამოკიდებული... ლევანის პოზიცია გასაგებია: კოჰაბიტაციის პროცესში საკრებულო ოცნებას აძლევს შანსს, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმინობაში და უნიშნავს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს. ამით კმაყოფილდება ოცნების იმ აქტივისტების მოთხოვნაც, ვინ ოცნებას მისცა ხმა. პოლიტიკურად მესმის. ამას ეძახიან კოჰაბიტაციას. ადამიანურად და ზუგდიდის სიყვარულით ვერ ვიგებ! ეს ზუგდიდიური კოჰაბიტაციის ის შედეგია, როდესაც გამგებლად ისევ ვიღებთ ისეთ ადამიანს, ვისთვისაც გამგებლობა მხოლოდ პრესტიჟია! არ ჰქონია ზუგდიდს არც გამგებლის, და არც დეპუტატების ბედი-მეთქი ჩემთვის ჩავილპარაკე და დავიქადნე, ყველა კადრების დანიშვნას გავაკონტროლებ გამგეობაში, „ბოლო ბოლო ორი ნიჭიერი და არავისტი ახალგაზრდა მაინც მოიყვანეთ“.

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- მაშ, ლევანს “ჩემზე მეტად უჭირსო” თოლორაიას დანიშვნა?! მეორე ვადით ქობალიას (ვის მიმართაც “ნეგატიურად” ხარ განწყობილი) დანიშვნა რომ არ გაუჭირდა?! ამას როგორ ახსნი? ისევ “ზეწოლით”? მაშინ ხომ სულ ნაცები იყავით ხელისუფლებაში, ვინღა ახორციელებდა ამ “ზეწოლას”?! ან რაღა თოლორაიას “ზეწოლით” დაეცით, ქვარაია არ იყო ოცნების კანდიდატი?! თუ ზეწოლაზე მიდგა საუბარი, მაშინ ყველაზე მეტად მალაზონია აქტიურობდა და ის უნდა დაგენიშნათ ან რომელიმე “მანდილოსანი”...


და თუ ღმერთი გწამთ, ამიხსენით და საზოგადოებასაც გააგებინეთ, თოლორაიას დანიშვნით როგორ კმაყოფილდება “ოცნების იმ აქტივისტების მოთხოვნაც, ვინც ოცნებას მისცა ხმა”? ხალხმა ხმა ოცნებას იმიტომ მისცა, რომ თოლორაია აერჩიათ გამგებლად?! მომიძებნეთ ეს ხალხი და ფეისბუკზე დამიმეგობრეთ, რადგან თქვენს გარდა არავის ვხედავ, რომ ამ ადამიანზე ამოსდიოდეს მზე და მთვარე! ვისთვისაც, თქვენივე სიტყვებით, გამგებლობა “მხოლოდ პრესტიჟია... ამით ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრესტიჟის გარდა სხვა ინტერესი არ არსებობს? ფინანსურიც კი? მაშ მეტისმეტად კარგი წარმოდგენა გქონიათ იმ ადამიანზე, ვის დანიშვნასაც აპროტესტებთ!


და კიდევ, “ყველა კადრების დანიშვნას” რომ გააკონტროლებთ გამგეობაში, ამის უფლება ვინ მოგცათ? საზოგადოების აზრს არ კითხულობთ? თუ მხოლოდ თქვენ და თქვენი “საინიციატივო ჯგუფი” ხართ საზოგადოება? კიდევ ამტკიცებთ, რომ თურმე თქვენს გარდა “ორი ნიჭიერი და არავისტი ახალგაზრდა” ვერ მოიძებნა! მოკლედ, ოპოზიცია ხომ თქვენ ხართ, “ოცნებაშიც” მხოლოდ თქვენთან დაახლოებულ ადამიანებს ცნობთ. თოლორაიას დანიშვნას ვერ ეგუებით და ამავე დროს აღტაცებით საუბრობთ მასზე; ისევე, როგორც ქობალიას ვერ იტანდით და მადლობას უხდიდით! “შუაშისტების” და “არავისტების” ნიშაც კი არ დატოვეთ და იქაც მოკალათდით თქვენი “საინიციატივო ჯგუფით”! მოკლედ, მთელი ქვეყანა თქვენ ხართ!!!

 

ანი წითლიძე:


- “სახლიდან დეიდა მირეკავს. ედიშერი ნათესავად მერგება. მირონია ჩვენს შორის. ანი მიპირისპირდებაო უთქვამს. მთხოვენ სახლიდან - გავჩუმდე. მიკვირს კრიტიკა, დაპირისპირება და შუღლში რატომ გადააქვთ. ედო ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და გამგებლობის სხვა კანდიდატებზე უკეთესი „გულის“ პატრონიც იქნებ, მაგრამ განა ეს პიროვნული საკმარისია იმისთვის, რომ კარგი გამგებელი იყოს? ედოს გაუმართლა იმაში, რომ მხოლოდ გამარჯვებული პარტიის ზუგდიდის თავმჯდომარეა, სხვა არაფერში. ზაზა მეტყვის ხოლმე ხშირად: შენ საკითხს პირდაპირ უყურებ და გვერდიდან შეხედვაც ისწავლეო.“

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი დღიურის მიზანი იყო გეჩვენებინა, როგორი კარგი ადამიანია ედიშერ თოლორაია და მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ შენ არ მოგწონს!

 

ანი წითლიძე:


- “ვუსმენ პრეზიდენტს: „არ შეიძლება ერთდროულად მოგწონდეს სტალინიც და ილია ჭავჭავაძეც“! საქართველოშია უკრაინული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიტალი კლიჩკო.“

 

თავისუფალი ზუგდიდი:


- რა დროულია!!! მაშ, შენ როგორ ახერხებ, რომ ერთდროულად ქობალია მოგწონს და არ მოგწონს, თოლორაიაც მოგწონს და არ მოგწონს, კონჯარიას მხარდამჭერიც ხარ და არავისტიც, საზოგადოების ინტერესების გამომხატველიც ხარ და თან გამგეობაში კადრების დანიშვნას აკონტროლებ ერთპიროვნულად! ანი წითლიძე ხარ, თუ ჭრელი პეპელა?!

 

ვაღიარებ, რომ ამ ყველაფრის მოფიქრებას განსაკუთრებული გამოცდილება და უნარი ჭირდება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ანის ასაკის ადამიანს ქონდეს ამგვარი გამოცდილება. და თუ მაინც ეს მხოლოდ ანის ნააზრევია და მასში პატარა მაკიაველი აღმოვაჩინეთ, მაშინ კიდევ უფრო საშიში ხდება, რადგან ასეთ ადამიანებს ნაბიჯ-ნაბიჯ შეუძლიათ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება მოახდინონ და მავანთა ხელში ბრმა იარაღად აქციონ!

 

ალბათ თავი შეგაწყინეთ! შეგიძლიათ ეს ნაჯღაბნი “წაკითხვისთანავე დაწვათ”, შეგიძლიათ უბრალოდ დაივიწყოთ. მე კი იმედი მინდა მქონდეს, რომ არასდროს მოგიწევთ ამ წერილის გახსენება.

 

 

 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.