გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
FaceBook Twitter
E-mail Print
გრიგოლ დაგარგულია ზუგდიდის სოფელ ურთის მკვიდრია. 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობას იღებდა, როგორც რეზერვისტი. ამჟამად ის სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატში მთავარი სპეციალისტია.

ყოველთვის ვერიდებოდი ამ თემაზე საუბარს, რადგანაც ეს უნდა განიცადო და შემდეგ მიხვდები, რა იყო ეს დღეები თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა, ვინაიდან ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ის დიდი გულშემატკივარი ვარ, ვითვალისწინებ თხოვნას და შევეცდები გავიხსენო, თუ როგორ ავღმოჩნდით „ყვითელი“ ავტობუსით ომის გზაზე.

2008 წელი საინტერესოდ დაიწყო. იანვარში შვიდი თვით, დასავლეთ რუმინეთში გავემგზავრე ერთ-ერთ ორგანიზაციაში მოხალისედ. სწორედ იქ ყოფნისას მოხდა კოსოვოს აღიარება. მესმოდა ტელევიზიით - ამ საკითხზე საუბრისას ხშირად ახსენებდნენ საქართველოს. ასევე, იმ პერიოდში ჩემს ქალაქში მრავლად მცხოვრები სერბები მიმტკიცებდნენ, რომ საპასუხო ნაბიჯი რუსეთისგან ქართული თვითაღიარებული რესპუბლიკების აღიარება იქნებოდა, თუმცა მე აქტიურად ვამტკიცებდი, რომ საქართველოში სხვა ისტორიული რეალობა იყო და არ შეიძლებოდა კოსოვოსთან აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს შედარება.

საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში ჩამოვედი. რამდენიმე დღე მშობლიურ სოფელში გავატარე. ამასობაში ახალი პროექტიც დაფინანსდა. აგვისტოს ბოლოს კვლავ ევროპაში უნდა გავმგზავრებულიყავი. ვიფიქრე, გზად რამდენიმე დღით უკრაინაში, ჩემს ბავშობის მეგობარ ზიზოსთან შევყოვნდებოდი, რაზეც ტელეფონით შევთანხმდით და 16 აგვისტოს ბილეთი დავჯავშნე.

7 აგვისტოს მე და ჩემი ძმა თბილისში გავემგზავრეთ. მე პროექტში ჩასართავად საჭირო ფორმალური საკითხები უნდა მომეგვარებინა, ძმას კი პირადი საქმეები ჰქონდა, თან დიდი ხნის უნახავ მეგობრებთანაც ვაპირებდი შეხვედრას. საღამოს მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ საერთო მეგობრებთან ერთად შეხვედრა, რათა აღგვენიშნა. აბანოთუბანში ერთ-ერთ რესტორანში შევიკრიბეთ.ამასობაში ზიზომ დამირეკა უკრაინიდან - რა ხდებაო?... საქართველოში ომი იწყება და შენ როგორ აპირებ გამომგზავრებასო. ვუთხარი, რომ ყოველივე რუსული პროპაგანდა იყო და არანაირი ომი არ იქნებოდა. რამდენიმე წუთში დედამ დამირეკა და შეშფოთებულმა მითხრა, რომ რეზერვში გამომიძახეს და დილით კომისარიატში უნდა გამოვცხადებულიყავი. რესტორანში ირგვლივ მიმოვიხედე. სიმშვიდე იყო. არავინ ელოდა რაიმე განსაკუთრებულს. იქვე ტელევიზორი იყო ჩართული, სადაც თემურ იაკობაშვილს მოვკარი თვალი და ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ომი იწყებოდა, თუმცა გადავწყვიტე დილით პირველივე მიკროავტობუსს ზუგდიდში გავყოლოდი და რეზერვისტთა შეკრების ადგილას გამოვცხადებულიყავი. ჩემს ძმას ვთხოვე თვითონ დარჩენილიყო თბილისში და ალბათ ორ დღეში შეკრებიდან მეც პირდაპირ თბილისში ჩამოვიდოდი, თუმცა ჩემი ძმა უფრო პესიმისტი გამოდგა და გადავწყვიტეთ, დილით ერთად გავმგზვრებულიყავით.

8 აგვისტოს, დილის 7:00 საათზე ავტოსადგურში ვიყავით. კვლავ არ იგრძნობოდა ომის საშიშროება. ნაცნობმა მძღოლმა გვითხრა, ნახევარ საათში გავემგზავრებოდით, თან დაამატა, რომ მისი შვილი ჯარისკაცია და წუხელ გორში გადაუყვანიათ, რაზეც აშკარად ნერვიულობდა. გზად ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სპეცრაზმელები, სამხედრო ჯიპები შემოგხვდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც „სერიოზული“ ხდებოდა. მიკროავტობუსის აღელვებული მძღოლი ისე ჩქარა მოძრაობდა, რომ 12:00 საათზე უკვე სახლში ვიყავით. მისვლისთანავე რატომღაც ცხოვრებაში პირველად თავი გადავიპარსე, ზურგჩანთში ჰიგიენური საშუალებები ჩავალაგე და ამ დროს ჭიშკართან პურის მანქანამაც გააჩერა, რომელიც ეტყობოდა ძალიან ჩქარობდა ქალაქში დაბრუნებას. ჩემებმა როგორც წესი რვა პური იყიდეს. ამასობაში მეც გავედი და მძღოლს ვთხოვე, ქალაქამდე წავეყვანე. ოჯახის წევრებს სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩემი დიდი ბიძის და თანამოსახელის ფრონტიდან გამოგზავნილი საგაზეთო წერილის სათაურით „ყოველთვის დავიცავ სამშობლოს ინტერესებს“ დავემშვიდობე (რაც თურმე მოგვიანებით წინათგრძნობაში ჩამითვალეს და ძალიან ინერვიულეს ჩემს ამ სიტყვებზე). ეროვნული გვარდიის შტაბში ჩემი მეგობარი მუშაობდა, რომელსაც დავურეკე და ვკითხე, იქნებ სცოდნოდა ჩემი ბატალიონის ადგილსამყოფელი, რაზეც მიპასუხა, რომ თვითონაც ბაზაზე იყო. ბატალიონი უკვე გამზადებული იყო ცხინვალში გასამგზავრებლად და პრაქტიკულად შანსი არ მქონდა მათ დავწეოდი, თუმცა პირველივე „ლაზის“ მარკის ძველ ავტობუსში ჩავჯექი და სენაკისკენ გავემგზავრე. საოცარი ენთუზიაზმით მივდიოდი. ავტობუსის მგზავრებში და ზოგადად ავტობუსამდეც ქალაქში საზეიმო ეიფორია იყო. ამბობდნენ, რომ სამაჩაბლო უკვე დავიბრუნეთ. სენაკში ტურისტივით ჩავედი. სამხდრო ბაზის შესასვლელთან ფორმიანები, უფორმოები, მშობლები, დედ-მამიშვილები ირეოდნენ. ბაზაში ისე შემიშვეს, რომ არც კი შეუმოწმებიათ ჩემი სამხედრო ID ბარათი. კითხვა-კითხვით მოვძებნე ის ადგილი, სადაც ჩვენ ბატალიონს, იარაღს და ფორმას არიგებდნენ.

ბატალიონში უმეტესობა ჩემი ნაცნობ-მეგობარი იყო. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბატალიონის ნახევარზე მეტი შეკრებაზე არ გამოცხადებულა. უცნობმა სერჟანტმა მითხრა, რომ ჩემი ფორმები, რომელიც ზურგჩანთით ინახებოდა, ანგარში დახვავებული რამდენიმე ასეულ ჩანთებს შორის მომეძებნა. ჩემი ნაცნობი რეზერვისტები უკვე ფორმაში იყვნენ და უნდა მეჩქარა, რათა წასვლის შესახებ ბრძანებას ფორმიანი შევხვედროდი. გამიმართლა. იღბლად ჩემი ჩანთა მალევე ვიპოვე და იარაღის ასაღებად გავედი. ნაცნობი რეზერვისტი ოფიცერთან კამათობდა, რომ მისი ტყვიამფრქვევი გამოუსადეგარი იყო, თუმცა ოფიცერი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. რეზერვისტმა არ დაუჯერა, უფრო მაღალი რანგის ოფიცერი მოიყვანა, თვითონვე დაშალა ტყვიამფქვრევი და უჩვენა მისი გაუმართაობის მიზეზები, რის შემდეგაც მართალია იარაღი შეუცვალეს, მაგრამ მიაძახეს - „ტყვიამფრქვევი კი არა, შენც რემბო არ გვყავდეო“.

მეც არ მერგო ჩემი ავტომატი. მითხრეს, ნუმერაცია აგვერია და რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ავტომატი ერთნაირად ისვრისო. შესაბამისად, ვიღაცის ჟანგიანი რუმინული ავტომატი მომცეს. საერთო განწყობა ძირითადად ამაღლებული იყო, სანამ დავლაგდებოდით და რაიმე საგულისხმოს გვეტყოდნენ. კარგა ხანს ველოდებოდით, ავტობუსი მოვა და გაგიშვებთო. ლოდინის ყოველივე წუთი საშინლად გრძელდებოდა. თავს ვერ ვიოკებდით. ბიჭებს ცხინვალში გვინდოდა, თან ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. გვიხაროდა, რომ ცხინვალში პირველი ჩვენი ბატალიონი მიდიოდა. მეთაურმა გამოგვიცხადა, ცხინვალში მივდივართო და ჩვენც საკმაოდ ორგანიზებულად ავტობუსებში ჩასხდომა დავიწყეთ, სადაც ერთი ახალგაზრდა ოფიცერი მოგვამაგრეს. ბაზიდან გავედით რამდენიმე ავტობუსით (ზუგდიდის სტუდენტური და ერთ - ერთი მუნიციპალიტეტის „ვზროსლიაკები“) და ერთი კამაზით, რომელშიც საბრძოლო მასალა ეწყო (ვაზნები და ჯავშანჟილეტები ჯერ არ დაერიგებინათ). ბაზის ალაყაფიდანვე, ვიდრე ზესტაფონამდე ხალხი ქუჩაში იყო გამოფენილი. ზოგი დროშებს აფრიალებდა, ზოგს ხატები ჰქონდა გამოტანილი, ზოგიც ხელს გვიქნევდა, თითქოს ბაშიაჩუკები ვიყავით. რაღაც შინაგანად მეზეიმებოდა, ძალიან მიხაროდა, მაგრამ არ ვიცი რა მახარებდა. ვიღაც ხუმრობის გუნებაზე დადგა, ვიღაცამ „ბაშიაჩუკიდან" სიმღერა დაიწყო და დანარჩენებიც ავყევით. დაღამდა. ზესტაფონს გავცდით, სადღაც რიკოთის უღელტეხილზე ვიყავით, რომ ავტობუსების კოლონა გაჩერდა.ამასობაში ყველა გაჩუმდა, სიმღერა შეწყდა, აღარავინ ლაზღანდარობდა. ჩვენი ოფიცერი ჩავიდა, რამდენიმე წუთს ელაპარაკა მეთაურებს, დაბრუნდა და მძღოლს უთხრა, სასწრაფოდ უკან ვბრუნდებითო. არავინ ვიცოდით რა ხდებოდა. ამასობაში დაიწყო რეკვები, აბსოლუტურად ყველა რეკავდა, ოჯახის წევრებით დაწყებული, უბრალო ნაცნობებით დამთავრებული. აინტერესებდათ, თუ გადავრჩით. თურმე რუსებს სენაკში რეზერვისტთა შეკრების ადგილი დაუბომბავთ. მსხვერპლზე არავინ არაფერი იცოდა. ჩვენ უკან დავბრუნდით და ზესტაფონის მიდამოებში ტყეში დავბანაკდით.

9 აგვისტოს, დილით ავტობუსში შავოსანი ქალების მოთქმა-გოდებაზე გამეღვიძა. ჩვენს დანახვაზე ტიროდნენ, ჩვენს ახალგაზრდულ ასაკსა და გამოუცდელობაზე წუხდნენ - ნუთუ ასეთი ბავშვები დასაღუპად გაგწირესო. ძნელი იყო იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ ომი დაიწყო და ადამიანები კვდებოდნენ. რეზერვისტები, რომლებიც წინა საღამოს, აჟიტირებულები, გამარჯვების მოლოდინში ვიყავით, უკვე სახეწაშლილები ვისმენდით ამ ქალების მოთქმას და ვცდილობდით გაგვეცნობიერებინა, თუ რა ცუდად იყო საქმე. რა თქმა უნდა, დამარცხების მოლოდინიც იყო, მაგრამ იმდენად შემართული ვიყავი, რომ ანალიტიკურ აზროვნებას ემოცია ჯაბნიდა. მეთაურებს გეგმა არ ჰქონდათ. არ ვიცოდით სად ვიყავით და რას ველოდებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ როგორც კი შესაბამის ბრძანებას მიიღებდნენ, „ალბათ ცხინვალისკენ გზას გავაგრძელებდით“, თუმცა მეთაურებსაც აშკარად ეტყობოდათ იმედგაცრუება და გაურკვევლობა. ზოგმა ჩვენი ამ დღეში ჩამგდების „მოხსენიება“ დაიწყო, ზოგიც ჩვენი ყოფის ირონიაზე ასაუბრდა. ამასობაში მშრალი საკვები, თურქული, ყოვლად საძაგელი ე.წ. „სუხოი პაიოკი“ დაგვირიგეს. რეზერვისტებს საკვები არ მოეწონათ. მხოლოდ შოკოლადები ამოიღეს, ხოლო დანარჩენი ან ავტობუსებში დატოვეს, ან საერთოდაც მოისროლეს, „ამის ჭამას, უჭმელობა გვირჩევნიაო“. მე და ჩემმა მეგობარმა რამდენიმე გადასაგდებად გამზადებული შეკვრა ავიღეთ და ყოველი შემთხვევისთვის შევინახეთ. ამასობაში დაიწყო გაურკვეველი ლოდინი „ზევიდან“ ბრძანების მიღებისა. ყველაზე დიდი დარდი რეზერვისტებისა კი ის იყო, რომ რამენაირად ტელეფონები დაემუხტათ, თუმცა დენის წყარო არ იყო და არც მოსახლეობა ჩანდა ახლო-მახლო. ამასობაში ჩემი ტელეფონიც გაითიშა. რამდენიმე ხანში ადგილობრივი ახალგაზრდები მოვიდნენ. გაუგიათ, რომ აქვე თანატოლი რეზერვისტები ვიყავით და რაც კი გააჩნდათ, საჭმელ-სასმელი წამოეღოთ. მათ შორის ალკოჰოლური სასმელებიც იყო, თუმცა მეთაურებმა ალკოჰოლი არ შეიძლებაო და გვერდზე გადადეს. მოგვიანებით რამდენიმეს აშკარად შეეტყო, რომ ჩვენთვის აკრძალული სასმელი თვითონ მიეღოთ. ცოტა ხანში გვითხრეს, რომ საჰაერო სივრცე რუსებს ჰქონდათ დაპყრობილი, ინტენსიურად ბომბავდნენ სხვადასხვა წერტილს და შესაძლო იყო ერთ-ერთი სამიზნე ჩვენც ვყოფილიყავით. ავტობუსებისგან მოშორებით დაბანაკება გვიბრძანეს. იქვე ჭალის პირას ჩავედით, ჯგუფებად შევიკარით და დავიწყეთ მარჩიელობა, თუ რა მოხდებოდა. ზოგი გლობალურ პოლიტიკაზე საუბრობდა, ზოგი სააკაშვილს აგინებდა, ზოგიც პირიქით ამბობდა, „მიშას ყველაფერი გათვლილი აქვს, მალე ცხინვალისკენ გზას გავაგრძელებთო“. შეშინებული არავინ ჩანდა. გაირკვა, რომ ჩემს მეგობარ რომეო ჯიქიას დაბადების დღე ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ცოტაოდენი სასმელი გვეშოვა. ამისთვის მეთაურებთან მივედით და მოვახსენეთ, რომ სამორიგეო პოსტებს გავმართავდით და პერიმეტრზე დაცვას გავაძლიერებდით. იდეა მოეწონათ. მე და ერთი მეგობარი ჩვენკენ მომავალ გზაზე, ცარიელ მჭიდ მორგებული ავტომატით ჩავსაფრდით. ამასობაში კვლავ გამოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც ჩვენთვის კვლავ სასმელ-საჭმელი მოჰქონდათ. მათგან ნაბოძები არაყი მათარაში ჩავასხით და სახელდახელოდ მოწყობილი საგუშაგო გავაუქმეთ, მეგობარს დაბადების დღე მეთაურებისგან მალულად მივულოცეთ. ამასობაში დაღამდა, მაგრამ ავტობუსში ძილი აკრძალული იყო. პარალონები ან საძილე ტომრები არ გვქონდა, შესაბამისად ძილმა ღია ცის ქვეშ მოგვიწია.

10 აგვისტოს, ალბათ ორ საათიანი ძილის შემდეგ, ძლიერმა სიცივემ გამაღვიძა. ძლიერი ნამის გამო ზურგი სრულიად სველი მქონდა. ბიჭებმა ბუქნაობა დავიწყეთ, რათა გავხურებულიყავით, თუმცა ამან არ გვიშველა. სიცივე ძვალში ატანდა. როგორც იქნა მზემაც გამოანათა და თანდათან გავხურდით, თუმცა განსხვავებით წინა დღისგან, რეზერვისტებში პანიკა შეიმჩნეოდა. მართალია ავტობუსის მძღოლები რადიოს უსმენდნენ, მაგრამ ინფორმაციას ჩვენ არ გვეუბნებოდნენ. ასეთი დავალება მიუღიათ მეთაურებისგან. ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. ვიღაცამ, რუსები უკვე ზუგდიდს აწიოკებენო, ვიღაცამ რუსები თბილისში შედიანო და ა.შ. ამ დროს ითქვა, რომ ჩემი მშობლიური სოფელი ურთა დაიბომბა, „მიწასთან გაასწორესო“ , რაც რა თქმა უნდა არ დავიჯერე, ვინაიდან ჩვენს სოფელში ე.წ. რუსი სამშვიდობოების შტაბი იყო. ვიცოდი, რომ მძიმედ არ დაბომბავდნენ, თან მთაში სამხედრო დანიშნულების ანტენები იყო და ჩავთვალე, რომ მხოლოდ წერტილოვანი დარტყმები იქნებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურისკენ. ამასობაში საერთო აზრის მქონე რეზერვისტებმა ერთად დაიწყეს შეჯგუფება. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინა თითქმის არ იყო, გადავწყვიტეთ თვითნებურად არ გვემოქმედა და ბრძანებას დავლოდებოდით. ამასობაში ერთი ძველი ნაცნობი მოვიდა სხვა ჯგუფიდან. მითხრა, რომ საკუთარი მაღალჩინოსანი ბაბუისგან ჰქონდა ინფორმაცია, ზუგდიდში რუსების თავდასხმის შესახებ. მითხრა ბუნტი მოგვეწყო, მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავით და საკუთარი ოჯახები ბრძოლით დაგვეცვა (შემდგომ ამ ბიჭმა ავტომატი გადააგდო და ისე გაიქცა, არც კი დაგვემშვიდობა). ამ იდეას საკმაოდ ბევრი მომხრეები ჰყავდა, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ბრძანებას დაველოდებოდით და თვითნებურად არსად წავიდოდით. ერთ-ერთი რეზერვისტის მშობლებს როგორღაც გაუგიათ, თუ სად ვიყავით დაბანაკებული. საკუთარ შვილს მოაკითხეს, ამბობდნენ ჩვენი შვილს გულის მანკი აქვს და უნდა წავიყვანოთო, თუმცა მეთაურებმა უარი უთხრეს, აქ ავადმყოფი არავინ მიგვიღია და ვერ გავუშვებთო. საბოლოოდ, როცა ვერ წაიყვანეს, ეს ბიჭი ცხარე ცრემლებით აქვითინდა. გულახდილად ვიტყვი, რაღაც ჩამწყდა, პირველად ვნახე ასეთი რამ. რატომღაც მეგონა, როცა საქართველოს გაუჭირდებოდა, შიში ყველას დაავიწყდებოდა...მართლა ასე მეგონა.

ამასობაში ადგილობრივ მოსახლეობას ინტენსიურად მოჰქონდა ჩვენთვის საკვები და სიგარეტებიც კი. ზოგიერთმა ტელეფონიც გაატანა დასატენად. ერთხელ სატვირთო მიკროავტობუსით მოვიდა ორი ბიჭი, საჭმელ-სასმელი მოჰქონდათ. ტანზე სვირინგები ჰქონდათ. გვითხრეს, „ძველი ბიჭები ვართ (ე.წ. შავები), ამ შემთხვევაში ფორმიანები თუ ძველები, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, თქვენს გვერდით გვიგულეთო“ და საჭმელ- სასმელი დაგვიტოვეს.

ამასობაში ვიღაცას მოაფიქრდა, რომ იქვე სიმინდის ყანები იყო და ჭყინტი სიმინდი მოუნდა. მას სხვებიც აყვნენ და ვიღაც გლეხის ყანას რამდენიმე ათეული რეზერვისტი შეესია. ვურჩიე, კაცი მოსავლის გარეშე არ დაეტოვებინათ, ჯგუფებად დაიყავით და სხვადასხვა ნაკვეთიდან მოეტეხათ სიმინდი. ერთმა თქვა, ამ კაცის გამო ტყვიას ვუშვერ თავს და მისი მოსავალი ეგეთი რა გახდაო (არადა შემდგომ ის რეზერვისტიც გაიქცა) და გააგრძელეს სიმინდის აღება. მოგვიანებით ეს სიმინდები უაზროდ ეყარა მინდვრად, არავის შეუწვავს და არც მოუხარშავს.

გვითხრეს, სასწრაფოდ ავტობუსებში ჩავმსხდარვიყავით. არ ვიცოდით სად მივყავდით. მოულოდნელად ავტობუსის მძღოლმა ღრიალი მორთო, იარაღი მაინც მომეცით, ისე წამომიყვანეთ, არც კი ვიცოდი სად მოვდიოდი, ცარიელი ხელებით რა უნდა ვქნაო. უკვე დავიძარით, რომ კვლავ გამოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა. ტრაქტორის ძარა საკვებით დაეტვირთად და ჩვენკენ მოდიოდნენ. მეთაურებმა ავტობუსები არ გააჩერეს, თუმცა ნელი სვლით მივდიოდით და ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით საჭმელი და მათ შორის უკვე სასმელიც შემოგვაწოდეს. აღმოჩნდა, რომ ზესტაფონში, სოფ. სიმონეთის მიდამოებში ვყოფილვართ. ავტომაგისტრალზე გავედით. გზა ცარიელი იყო. ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ჩვენ დასავლეთისკენ მოვდიოდით. ყველანი გატრუნულები ვიყავით, ჩვენი მძღოლი „მიფრინავდა“ დაცარიელებულ გზაზე. უკვე შეღამებულზე კოლონამ აბაშაში, წყემთან მარჯვნივ გადაუხვია. ცენტრალური გზიდან მოშორებულ სოფელში მოსახლეობა აქა-იქ გამოჩნდა. ვიღაცები გარეთაც იყვნენ. მიუხედავად სიბნელისა, ჩანდა, რომ გაკვირვებული იყვნენ. გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც ჩვენს დანახვაზე ტიროდნენ. სადღაც დავბანაკდით. ვიღაცამ თქვა, კოსიგინის ყოფილი რეზიდენციააო. იქვე ორი ქალი დავინახე, დედაოებს ჰგავდნენ. არ ვიცი იქ რას აკეთებდნენ. შენობა ძველი და სრულიად გაპარტახებული იყო, არც კარი ჰქონდა არც ფანჯარა, თუმცა რაღაც ოთახები შეკეთებული იყო. ირგვლივ დაბურული ტყე იყო. დღემდე არ ვიცი, ზუსტად რა ადგილი იყო. ვიფიქრეთ, შენობაში ბეტონზე თუ დავიძინებდით, დილით ცვრიან ბალახში არ გაგვეღვიძებოდა, თუმცა ბეტონზე წოლა უფრო რთული აღმოჩნდა. ამ პირობებში ძილი გამორიცხული იყო. მე და ჩემი სამი მეგობარი მძღოლთან მივედით. ვთხოვე, მოეცა ნება ავტობუსში დაძინების, ვინაიდან სხვანაირად „ბეტონზე“ ძილს ვერ შევძლებდით. ისიც დაგვთანხმდა იმ პირობით, რომ არ გამოვჩენილიყავით, რათა მეთაურებს არ დავენახეთ. იატაკზე უნდა დაგვეძინა და თან კარებს ჩაგვიკეტავდა, თვითონ კი კოლეგა მძღოლებთან გადავიდა დასაძინებლად.

11 აგვისტო. ალბათ სულ ორიოდე საათი გვეძინა. გამთენიისას ავიაგამანადგურებლის ხმაზე გამოგვეღვიძა. პირველი აზრი ავტობუსიდან გაღწევა იყო. ვინაიდან კარი ჩაკეტილი იყო, გავანგრიეთ. ჩემი „აღჭურვილობით“ ისეთი ვისკუპე ასფალტზე, რომ საკმაოდ დავზიანდი. ამასობაში ჩვენი მძღოლიც მოვიდა კარის გასაღებად, თუმცა ჩვენ უკვე გარეთ ვიყავით. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, დაზაფრულებმა არ ვიცოდით სად წავსულიყავით (ომამდე ორჯერ ვიყავი 18 და 8 დღიან შეკრებაზე თუმცა საჰაერო თავდასხმის დროს თავდაცვა არავის უსწავლებია). ყველა სხვადასხვა მხარეს გარბოდა. მე იქვე ღელეში ვიპოვე თავშესაფარი, სადაც ე.წ. „ვზროსლების“ რეზერვისტები იყვნენ, (რატომღაც მათთან ადრე არ ვკონტაქტობდით. ეს იყო ჩემი მათთან პირველი და უკანასკნელი კონტაქტი) რომლებიც რატომღაც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, ჩაფხუტები დაეფარებინათ. ვიფიქრე, მტერი კარს მოგვდგომია-თქო, თუმცა ბიჭებმა „ჩაფხუტები დავიფაროთ და სახლებისკენო“. ბომბდამშენების უკან მობრუნების უეჭველი მოლოდინი იყო. მე ფიზიკის მცირეოდენი ცოდნა გამოვიყენე და ჩავთვალე, რომ ვიწრო ღელეში წოლას ჯობდა გაშლილ მინდორში მეპოვა თავშესაფარი. ძალიან ძნელია, როცა თავს თვითმფრინავები დაგტრიალებენ, შენ კი ვაზნების გარეშე ცარიელი „რუმინული კალაშნიკოვი“ გიჭირავს. ამასობაში ბომბდამშენებმა იქვე, ალბათ სენაკში ბომბები ჩამოყარეს და კვლავ უკან დაბრუნდნენ. სიკვდილი მუდამ ახლოს არის ადამიანთან, მაგრამ მისი შეგრძნება ვითარებიდან გამომდინარე დროის რომელიღაც მონაკვეთში განსაკუთრებით მძაფრდება. ჯერ გეშინია, მაგრამ შემდეგ რაღაც ეგოისტური განცდა გიპყრობს, რომ გადარჩი. ბომბი სადღაც სხვაგან ჩამოვარდა, შენ გადარჩი სხვა კი არა. რამდენიმე წამში აირია „რეზერვის მონასტერი“, დაიწყო ხალხმა აქით-იქით სირბილი. ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ასეთ მძიმე და რეალურ სურათს. მანამდე მხოლოდ ფილმებში თუ მენახა. ამასობაში დაიწყო გულისამრევი პროცესი - რეზერვისტთა ერთი ნაწილი პირდაპირ სახლებისკენ გაიქცა, დანარჩენებმა დაიწყეს ჯერ ჩურჩული, მერე კი ყაყანი, ეს სად მოგვიყვანეს, დასახოცად გაგვწირეს, საზარბაზნე ხორცი ვართ, მიშა თვითონ გაიქცა და ჩვენ აქ დაგვტოვა, რუსს ჩვენ რას მოვუგებთ და ამგვარი ტექსტები. ამასობაში გადავედი ღელის გაღმა ნაპირას, სადაც მეგობრების ერთი ჯგუფი ვიყრიდით თავს. ამოვალაგეთ წინა დღეს მოსახლეობისგან მიღებული საჭმელ-სასმელი და დავიძახეთ, რომ ვინც დარჩენას აპირებდა, შეეძლო ჩვენი მომავალი ბრძოლის სადღეგრძელო შეესვა, თუმცა ერთი-ორი ჩვენთვის მანამდე უცნობი რეზერვისტი შეგვეხმიანა. რაღაცნაირი იყო ეს წუთები, რაღაც კაცური. შეკრებილები რას ველოდით, არ ვიცი, მაგრამ რაღაცის მოლოდინში ვიყავით. ამასობაში ერთ-ერთი ოფიცერი ჩვენს ჯგუფთან მოვიდა, გაგვამხნევა, ცოტაოდენი დასალევიც მოგვცა და გვთხოვა, წამსვლელებისთვის არაფერი „დაგვეყვედრებინა“. არც ვაპირებდით. წამსვლელებს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ. იყო ასეთი შემთხვევაც, ჩვენთან იყო ლაშა გვაჯაია, რომლის ოჯახი ზუგდიდიდან გაიხიზნა, თუმცა ლაშა არ წასულა და ჩვენთან დარჩა. ამასობაში ჩვენთან ახლოს, ერთი ნაწილი ფორმას იხდიდა, თან ვისაც როგორ შეეძლო, ან დედას იძახებდა, ან მამას, ანაც ფეხით აპირებდა წასვლას. ამ დროს მომესმა ნაცნობი ხმა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეტსახელს სკანდირებდა. ჩემი მეზობელი და თანაკლასელი გიზო აღმოჩნდა. მითხრა, რომ მისი ასეულიდან აბსოლუტურად ყველა მიდიოდა, თვითონ კი აქ სხვას არავის იცნობდა. ვუთხარი, რომ მე ვრჩებოდი, თვითონ კი შეეძლო მათთან წასულიყო, თუმცა გიზომ სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალო და ისე მიიდო ხელი ტყვიამფრქვევზე, „რემბო“ გეგონებოდა. გიზოც ერთადერთი კაცი იყო მისი რომელიღაც ასეულიდან, რომელიც ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა. როგორც კი წამსვლელებმა ჩვენი ახლო ტერიტორია დატოვეს, როგორც ჩანს ვიღაც ოფიცერმა უთხრა, რომ წასულებს დეზერტირებად გამოაცხადებდნენ, რის შემდეგაც ზოგიერთმა პოლიციელობაზე მეოცნებემ (რაც რამდენიმე მათგანისთვის უკვე რეალობაა) „საბუთების გაფუჭების“ შიშით დარჩენა და ჩვენთან შეერთება გადაწყვიტა. დღემდე მახსოვს მათი აწითლებული სახეები, თუმცა დარჩენილებმა მათ მიღებაზე უარი ვთქვით. ზოგიერთმა თქვა, „უბრალოდ სხვას ავყევი თორემ წასვლა არ მინდოდაო“. მახსოვს, ერთი ბიჭი იყო დარჩელიდან, მიხას ვეძახდით, წამოხტა და ამ „სხვას აყოლილს“ პირდაპირ სახეში დაარტყა. ამასობაში კონფლიქტში ოფიცრებიც ჩაერივნენ. მახსოვს, ჰაერშიც კი გაისროლა ერთმა. გვითხრეს, რომ ერთმანეთთან ჩხუბის დრო არ იყო. წამსვლელებს უთხრეს, ავტობუსით გაუშვებდნენ და არც დეზერტირად გამოცხადდებოდნენ. ამასობაში ზოგიერთ წამსვლელს წასაყვანად მოაკითხეს, თან მშობლებს ერთმანეთთან გადაურეკავს და დამრჩენსაც მოაკითხეს. მახსოვს, ერთ ჩემს თანასკოლელთან მამა (რომელიც ოფიცერი იყო და როგორც ბავშვობაში გვიყვებოდა, აფხაზეთში ნაომარიც) მოსულიყო, ეჩხუბებოდა „შე ვირიშვილო, მიშა გაიქცა შენ აქ რა გინდაო“, მაგრამ ირაკლი არ მიყვებოდა. როგორც კი ამ კაცმა დამინახა, ჩემთან მოვიდა. მითხრა. მიშა და მთელი მთავრობა გაიქცა, პრეზიდენტად გიორგაძე ჩამოვიდა, შენ და ჩემი შვილი წამოდით, სანამ რუსები მოვლენ და გაგსრესენო. რა თქმა უნდა მე არ გავყევი, არც იკა გაყვა. ის კაცი კი უკან გაბრუნდა. მოკლედ, ჭორი გავრცელდა, რომ თბილისში უკვე რუსები იყვნენ და პრეზიდენტი გიორგაძე გახდა.

ამასობაში მოწყობაზე დაგვიძახეს. ბატალიონიდან ალბათ სამი ათეული თუ ვიყავით დარჩენილი. ვიღაც კაცი მოვიდა, პოლკოვნიკი იყო. თქვეს, სენაკის ბრიგადის მეთაურიაო. ამ კაცმა მოგვმართა, რომ ჩვენთვის, გამოუცდელი რეზერვისტებისთვის სირცხვილად არ ჩაითვლებოდა თუ სახლში დავბრუნდებოდით, თუმცა ჩვენ ერთხმად ვუთხარით, რომ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებდით. პოლკოვნიკი უკვე „შვილებოთი“ მომართვაზე გადავიდა. გვითხრა, რომ მოსალოდნელი იყო მძიმე ბრძოლებში ჩართვა და უნდოდა პირადად ჩაეხედა ჩვენთვის თვალებში, რათა გადაეწყვიტა, დავეტოვებინეთ თუ არა. რიგრიგობით მივდიოდით მასთან. მახსოვს, პირველი ჩვენს შორის ყველაზე მაღალი რეზი შეროზია, ყუმბარმტყორცნით ხელში მივიდა და ისე ომახიანად შესძახა „ვემსახურები საქართველოსო“, ეგრევე დაიტოვეს. ჩვენს შორის სამს თუ ოთხს ურჩიეს სახლში წასულიყვნენ და ისინიც ადვილად დათანხმდნენ. წამსვლელები წავიდნენ, დამრჩენები დავრჩით. გვითხრეს, რომ ტყვიებს და ჯავშანჟილეტებს დაგვირიგებდნენ. ჩვენს ამ მოლოდინში უკვე ჩაფხუტები მოვირგეთ, თავი მაგარი ტიპები გვეგონა, მაგრამ ეს „მაგარი ტიპობაც“ მალევე დასრულდა. კვლავ მოწყობაზე დაგვიძახეს. იგივე პოლკოვნიკი მოვიდა. გვითხრა, რომ სარდლობისგან ჩვენი სახლში გაშვების ბრძანება მიიღო და უნდა წავსულიყავით. ჩვენ უარზე ვიყავით, მაგრამ პოლკოვნიკმა დაგვარწმუნა, რომ ბრძანების შეუსრულებლობას გამართლება არ აქვს.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რამდენიმე რეზერვისტი დაჟინებით ითხოვდა დარჩენას, დაჭრილების დახმარების მიზნით. მათაც უარი მიიღეს. თან გვთხოვეს, ფორმები და იარაღი ჩაგვებარებინა, მათ შორის ჟეტონები, ვინაიდან შესაძლო იყო გზად რუსებს გადავყროდით. თუმცა ბიჭებმა სამახსოვროდ ჟეტონები მაინც დავიტოვეთ. სანამ ავტობუსში ჩავსხდებოდით, დასამშვიდობებლად ბატალიონის მედდები მოვიდნენ. ადრე ყოველთვის ღიზიანდებოდნენ ჩვენს უკბილო ხუმრობებზე და ჩვენთან კომუნიკაციას არ ამყარებდნენ, ახლა კი ტიროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან ვუყვარდით და ვერ წარმოედგინათ, რომ „ასეთი კარგი ბიჭები ვიყავით“. ერთმანეთს ვეხუტებოდით და გეფიცებით, მეც ძალიან მიყვარდა ისინი. რაღაცნაირად ტირილიც უფრო მომხიბვლელს ხდიდა მათ. ავტობუსი დიდი სისწრაფით მიჰქროდა. გზად სოფლები და ქალაქები რუხი ფერის იყო. დაცარიელებულ ქუჩებში ძაღლიც კი არ დაძრწოდა. საზარელი სიჩუმე იდგა. დაჯერებაც არ მინდოდა იმის, რასაც ვხედავდი. ჩემი და ჩემი მეგობრების ომი უკვე დამთავრებული იყო. მე ამ უაზრო და სამარცხვინო ომში გავიცანი ჭეშმარიტი მეგობრები.

ჩემი სოფელიც რუხი ფერის დამხვდა. ზოგი სოფლიდან გახიზნულიყო, ზოგიც პირიქით, ხიზნად მოსულიყო ჩვენსას. სახლის სამზარეულოში ჩემი წამოსვლისას ნაყიდი ერთი დღის საკმარი 8 პურიდან 7 ხელუხლებელი იყო. ჩემებს ნერვიულობისგან საკვებიც არ მიეღოთ. ჩემი ჩამოსვლა წუთიერად გაუხარდათ, მაგრამ აქვე გავიგე, რომ რუსები უკვე ზუგდიდში შემოდიოდნენ. ჩვენი ბავშვობის მეგობარი ბერდია ცხინვალში მძიმედ დაჭრილიყო. ასევე არ იცოდნენ თანაუბნელი ჯარისკაცების, ჯაბასა და გიორგის ბედი. აქამდე ომი მხოლოდ გმირობის გამოვლინებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის დამტკიცების საშუალებად მიმაჩნდა, ახლა კი მივხვდი, რომ ომი ადამიანის ცხოვრების დამახინჯების უკიდურესი საშუალებაა. ომს შეუძლია ყველაფერი წაგართვას, შეუძლია დაგამახინჯოს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მეცვა ფორმა და მეჭირა ავტომატი, არაფერი გამიკეთებია საქართველოსთვის, უფრო სწორედ არ ვიცოდი რა მეკეთებინა.

P.S. მსურს მკითხველი გავხადო თანამონაწილე იმ პროცესების. ვეცადე მოკლედ გადმომეცა ყველაფერი, რათა თითოეულ დეტალში გამოჩენილიყო სახე, ტოლსტოისა არ იყოს „მარადიული უბედურებისა, რომელსაც ჰქვია ომი“.
Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.