ცოცხალი ისტორიები
თეონა კუკავა - სტუდენტი
FaceBook Twitter
E-mail Print
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

 


...

 

ერთ მშვენიერ დღეს მივიღე გერონტისგან „დავალება“, რომ მეწარმოებინა დღიური და გადმომეცა ჩემი ცხვრების ერთი კვირა. ვერ ვიტყვი, რომ სისტემატურად, მაგრამ ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან, სასიხარულო თუ სამწუხარო მოვლენებს ყოველთვის ავსახავდი დღიურში. ბევრს დღიურის წერა უბრალოდ დროის კარგვად და ბავშვურ გამოხტომად მიაჩნია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ „ავტომატურ რეჟიმში“ ვცხოვრობთ. ხშირად ვერც ვამჩნევთ ჩვენს აზრებსა და ემოციებს, რთულ ემოციონალურ მდგომარეობას, რომელსაც შეპყრობილი ვყავართ გაუცნობიერებელი მიზეზებით და ჩვენი საქციელის ახსნის საშუალებას არ გვაძლევს. დღიური კი უკეთ გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი ცხოვრება, გავაანალიზოთ იგი, გავიგოთ ჩვენი გრძნობები, აზრები, სურვილები და შიშიც კი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უკეთ გავუგებთ საკუთარ თავს და ეს თავისთავად დაგვეხმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში, ან უბრალოდ მოქმედების სწორ მიმართულებაზე დაგვაყენებს. სხვათაშორის, ფსიქოლოგებს სხვადასხვა ხერხი და ტექნიკა აქვთ შემუშავებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და არსებული პრობლემების გადასაჭრელად. აქიდან კი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ფსიქოლოგიური დღიურის წარმოებაა.

როცა დღიურს ვაწარმოებთ, ვწერთ ყველაფერს, რისი წერაც შეგვიძლია, რაც თავში მოგვივა და რისი გამოთქმაც გვსურს. შეზღუდვები უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ ჩემი ეს კონკრეტული შემთხვევა განსხვავებულია და ვცდილობ დავწერო უფრო საინტერესოდ, მრავალფეროვნად და ნაკლები სისულელეების გარეშე, რადგანაც ჩემს გარდა სხვებმაც უნდა წაიკითხონ! :)


დილა იწყება 8 სათზე. არა, 8-ზე მაღვიძარამ დაიწყო  რეკვა და 15-20 წუთი ვებრძოდი ძილბურანს. ყველაზე რთული საწოლიდან წამოდგომაა, მაგრამ როგორც კი ეს აუტანელი მომენტი გადავლახე, იმევე წუთს დაიწყო  გიჟური დღის ორომტრიალი.

 

მეც მივეკუთვნებოდი იმ ახალგაზრდების სიას, რომელთა დილა შუადღეს იწყება (არდადეგების დროს), მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, თუ რაოდენ სასარგებლოა დილით ადრე ადგომა. ტეხასში ჩატარებულმა კვლევამ უკვე ცხადყო, რომ სტუდენტები, რომლებიც დილით ადრე იღვიძებენ, ბევრად უფრო კარგ ქულებს იღებენ ტესტებსა თუ გამოცდებში. ცხადია ეს სირთულებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, რომ მას უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია.

 

როგორც ყოველთვის, დრო ცოტა მაქვს. წინა საღამოს ვფიქრობ რა და როგორ ჩავიცვა, მაგრამ როგორც ხშირ შემთხევვაში, ამ დილითაც 3 ჯერ ჩავიცვი და და ბოლოს მაინც ის ავარჩიე, რომელსაც ვაპირებდი. ამან დიდი დრო წაიღო და ნერვებიც:) საუზმის გარეშე არასოდეს გავდივარ სახლიდან, რადგანაც სხეულს აუცილებლად ესაჭიროება ის სასარგებლო ნივთიერებები და მინერალები, რომელსაც ჩვენ საუზმე გავძლევს. 6-8 საათიანი ძილის შემდეგ სხეული აუცილებლად უნდა შევავსოთ ყუათიანად.

 

როგორც იქნა გავედი სახლიდან და აღმოვჩნდი ლექციაზე. შემდეგ წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში, ნახევარი საათი რიგში დგომამ მომიწია. კი დავიღალე, მაგრამ მიხარია ის ფაქტი, რომ ამდენი მკითხველი ჰყავს ჩვენს ქალაქს.

 

შემდეგ წავედი სტაჟირებაზე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველში“. უკვე მესამე თვეა რაც აქ დავდივარ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე. ვისწავლე ბლოგების წერა, ქონებრივ დეკლარაციასთან მუშაობა, საფუძვლიანად გავეცანი კანონებს, ვესწრებოდი საკრებულოს სხდომებს და კიდევ და კიდევ ბევრი. ყველაზე დიდი მადლობა არჩილს, რათა მომცა იმის საშუალება, ვყოფილიყავი ამ ხნის განმავლობაში ამ გუნდის წევრი, მესწავლა ბევრი რამე და გამეცნო ძალიან კარგი ადამიანები (გერონტი, თამუნა, ნინო, პაატა, დიანა და უსაყვარლესი მართა). დღეს მხოლოდ 1 საათი ვიყავი სტაჟირებაზე, შევასრულე დავალებები და უნდა ავღნიშნო ის, რომ დღეს პირველად მითხრა აჩიკომ - მომიშალე ნერვებიო. რა ჩემი ბრალი იყო, თუ ჩემს სამუშაო კომპიუტერს ინტერნეტი არ მიეწოდებოდა?

 

2 საათზე მამაო უნდა მენახა. ბებო ძალიან ცუდაა და მინდა ვაზიაროთ. ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, ბებო კი არასოდეს ზიარებია. არ მინდა იმ ქვეყნად ზიარების გარეშე წავიდეს. კახათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლი ვარ 6 წელია, მაგრამ ბოლო წელია ვაცდენ და იშვიათად დავდივარ. მიზეზი რომ მკითხოთ, დროის ნაკლებობას გეტყვით, მაგრამ უკვე მივატოვე ამ მიზეზით ვითომ თავის გამართლება, რადგან ტაძარში არ სიარულს მიზეზი არ აქვს.

 

ტაძარში, რომ მივედი, მამა გაბრიელს მრევლი ჰყავდა. სულ რაღაც 15 წუთი მომიწია ლოდინი. მისაყვედურა რატომ არ დადიხარო. მე როგორც ყოველთვის თავი დავხარე, ვერაფერი ვუთხარი. სათქმელიც არაფერი მქონდა. ვუთხარი ჩემს ვიზიტზე. სამწუხაროდ ვერ მოვახერხებო, მაგრამ მამა გიორგი წამოგყვებაო. ნომერი მომცა და მითხრა საღამოს დაურეკეო. მამა გიორგიც ამ ტაძარში მსახურობს. დამლოცა და წამოვედი.

 

ცოტა დავღლილვარ. 5 სთზე ბავშვები მყავდა. ინგლისურს ვამეცადინებ 5-6 კლასის 3 მოსწავლეს. ვერ ვიტყვი, რომ ამით ბედნიერი ვარ. ძალიან დიდ ენერგიას და ნერვებს მაცლიან, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ვიღაცისთვის შეგიძლია რაღაცის სწავლება.

 

ბავშვებიც ვამეცადინე, მერე მეც ვიმეცადინე. 7-ზე მამა გიორგის დავურეკე და 3 საათზე ტაძრში დამიბარა. დღეც დამთავრდა, ტკბილად დამეძინა!

 

...


დღეს ლექციაზე ცოტა დამაგვიანდა. საყვედურიც მივიღე ქალბატონი დეკანისგან. ოთახში დამხვდა, გაცდენებს აღრიცხავდა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრია იმ სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც სისტემატურად აცდენენ. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სტუდენტების მიერ დასაქმების გზების ძიებაა, რომლებსაც სურთ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.

 

დასრულდა კიდევ ერთი სალექციო დღე. მეგობრებს დავშორდი და ტაძრში წავედი. ბიძაჩემი უკვე მოსული იყო, მამაო მზად დაგვხვდა და მალევე ავედით ბებოსთან.

 

სახლში მისულს ჰარმონია დაგვირღვია არასასურველმა სტუმრებმა, რომლებმაც ჩვენს ქმედებას სკეპტიკურად დაუწყეს ყურება და დაიწყეს გადალაპარაკება და მამაოების განკითხვა, რაზეც მე შინაგანი პროტესტი გამიჩნდა, რადგან ჩემთვის ამის მოსმენა უდიდეს მოთმინებას ითხოვდა. მაგრამ შევძელი ჩემი თავის კონტროლი.

 

მიუხედავად ამ უსიამიოვნო ფაქტისა, ბებო ეზიარა. მამაომ ყველა დაგვლოცა და გავაცილეთ.

 

საღამო მოვიდა. ბებო ჩვეულად ვერ ისვენებდა. მე ვცდილობდი მის დახმარებას, თუმცა არ ვიცოდი როგორ, მაგრამ თვითონ მთხოვა დაძინებაში დავხმარებოდი ისე, როგორც ბავშვობაში თვითონ არა ერთხელ დამხმარებია. მე მისი თხოვნა შევასრულე, ვუმღერე კიდევაც და ჩავაძინე. ამ ყველაფერმა  ჩემზე ძალიან იმოქმედა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მანძილი ბავშვობიდან სიბერემდე არც თუ ისე შორია და ადამიანი თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს უბრუნდება - ბავშვობას.

 

...


დღეს გამსაკუთრებული დღეა ქრისტიანული სამყაროსათვის - ბარბარობაა.

 

წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ უდიდეს დღესასწაულზე მეგობრებთან ერთად კორცხელის დედათა მონსტერს ვესტუმრებოდი.

 

სიტუაციამაც ხელი შეგვიწყო, გარკვეული მიზეზების გამო ლექციები ჩაიშალა და ჩემი გეგმის განსახორციელებლად არაფერი მიშლიდა ხელს.

 

მონასტერში 12 საათზე ავედით. წირვა დასრულებული იყო. მოვილოცეთ, დედებთანაც გავისაუბრეთ და უდიდესი მადლით წამოვედით.

 

შინ დაბრუნებულს დიდი ხნის ოჯახის მეგობარი დამხვდა, გამიკვირდა, გამიხარდა და დღეც სასიამოვნოდ დასრულდა.

 

...


დღეს ლექციები გამიცდა. სემინარი ადრე ჩავბარეთ, რადგან სტუმრებს ველოდებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროდან. შეხვედრა ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარდა. ინტერესი თემის მიმართ საკმაოდ დიდი იყო. შესაბამისად დარბაზიც გავსებული იყო. მიმაჩნდა, რომ საკითხი საკმაოდ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გაუგებარი ჩემთვის. დისკუსიაში გამოიკვეთა სხვადასხვა მოსაზრება, მათ შორის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ითქვა, რომ ქალზე ძალადობას სწორედ ქალი პროვოცირებს, თუმცა საბოლოოდ მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ძალადობა გაუმართლებელი და დასაგმობია.

 

დღის მეორე ნახევარში ათინათში შევიარე პროექტთან დაკავშრებით. ჩართული ვარ ადვოკატირების კამპანიაში, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, კერძოდ მდინარე ჩხოუშის დასუფთავებას. სამუშაო პროცესში რამდენიმე ღონისძიება დავგეგმეთ და მთავრი ღონისძიების ჩატარება 26 დეკემბრისთვის გადავწყვიტეთ. აგრეთვე, ამ პროექტის ფარგლებში მოგვიწია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ნაგვის ბუნკერებთან დაკავშირებით. მე და ლიკა ავედით გამგეობაში, მაგრამ იქიდან მერიაში გადაგვამისამართეს, რადგან ეს ჩვენც კომპეტენციაში არ შედისო.

 

გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი გადასწორებას საჭიროებდა და თან უკვე გვიანი იყო, ხვალამდე გადავდეთ და დავიშალეთ.

 

...


დილა ჩვეულებრივად დაიწყო, ავდექი, ვისაუზმე და სახლიდან ადრე გავედი. დღე ფაქტიურად დაგეგმილი მქონდა და ვიცოდი, რომ საკმაოდ დატვირთული იქნებოდა.

 

სემინარსაც დიდი ინტერესით ველოდებოდი, რადგან თემა ეხებოდა ყველა დროის საქართველოს და ქართველების პრობლემებს, რაზეც ჩემი ჩამოყალიბებული აზრი გამაჩნია. ეს აზრი იმაზე კარგად დავაფიქსირე, ვიდრე ველოდი. მიუხედავად, იმისა, რომ განსხვავებული მოსაზრებები დაფიქსირდა, საბოლოოდ ერთზე მაინც შევთანხმდით, რომ ქართველებს ზედმეტი ამბიციურობა ღუპავს, გვინდოდა და გვინდა ყველა ლიდერი ვიყოთ და იგნორირებას ვუკეთებთ სახელმწიფოებრიობას. ამ პრობლემის დაძლევის ყველაზე ეფექტური გზა მხილებაშია. სწორედ ეს იყო ჩვენი სემინარის თემა - სამოციანელების პრაგამატული გადაწყვეტილება, მხილებით დაეწყოთ ერის გაერთიანება და სახელმწიფოებრივი სულისკვეთების ჩამოყალიბება.

 

13-00 საათზე პირველი შეხვედრა გვქონდა პროექტის ავტორებთან. რაც შეეხება პროექტს, ხუთ თვითმართველ ქალაქში შეიქმნა 10-10 ახალგაზრდისგან შემდგარი მერიის სათათბირო ორგანო-ახალგაზრდული საბჭო, რომლის წევრიც ვარ და ძალიან მიხარია.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის ხელმძღვანელები, მათ შორის ჟურნალისტი, „საქართველოს განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ია ანთაძე.

 

მას შემდეგ, რაც გაგვაცნეს პროექტის არსი, ვასრულებდით ჯგუფურ დავალებებს. ჩვენი მთვარი მიზანი იყო ჩამოგვეყალიბებინა იდეები, თუ რისი განხორციელების აუცილებლობა დგას ჩვენს ქალაქში. იდეების საჯარო განხილვის შემდეგ არჩეულ იქნა რამდენიმე საუკეთესო ვარიანტი: სკეიტ პარკისთვის ფუნქციის მინიჭება, (სკეიტ პარკი ჩვენ ვუწოდეთ პირობითად, ვგულისხმობ ახალ პარკს), ახალგაზრდული განვითარების ცენტრის და  სიახლეების სტენდის შექმნა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ შემოგვრჩა მხოლოდ 2 იდეა, სკეიტ პარკისთვის ფუნქციის მინიჭება და სტენდის შექმნა.

 

მოლოდინის მიუხედავად ისე დავიშალეთ, რომ საბოლოო კონცეფციამდე ვერ მივედით, მაგრამ გადავწყვიტეთ ადგილზე დაგვეთვალიერებინა სკეიტ პარკი და პროექტის ხელმძღვანელებისთვის გაგვეცნო სიტუაცია.

 

...


შაბათს, დილიდანვე ვიცოდი, რომ დღე პოზიტიურად ჩაივლიდა. განწყობაც შესაფერისი მქონდა. ვცდილობდი ყველა ქმედებიდან დადებითი ემოცია მიმეღო, ყავაც დავლიე, ოჯახთან ერთად ჯანსაღად ვისაუბრე და სახლიდან კმაყოფილი გამოვედი.

 

მე პუნქტუალურობა მაქსიმალურად დავიცავი და დათქმულ დროს მივედი შეხვედრაზე.

 

დღის ამოცანა იყო პროექტის ფარგლებში საზოგადო კონცეფციის შემუშავება და სამუშაო რეჟიმზე გადასვლა. დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა ახალი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ ზუგდიდელი ახლგაზრდების პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი არის ტრანსპორტირება. ახალგაზრდებს უწევთ ქალაქის დატოვება და შინ ნაადრევად წასვლა. გამომდინარე იქიდან, რომ 7 საათის შემდეგ (7 მაქსიმუმია) ტრანსპორტის მოძრაობა წყდება სოფლებში, თუ არ ჩავთვლით „ხარბ“ ტაქსისტებს. არსებულ პრობლემას მართლაც ბევრჯერ ჩავუგდივარ ცუდ დღეში. მეც სოფელში ვცხოვრობ და იმის შიშით მარშუტკას ვერ მივუსწრომ ბევჯერ ვერ დავსწრებივარ ტრენინგს ბოლომდე, გვიანობამდე ვერ დარჩენილვარ მეგობრებთან ერთად (გვიანობაში იგულისხმება მაქსიმუმ 8 საათი) და ა.შ.

 

ამ პრობლემის ირგვლივ მოგვეცა დავალება, გამოკითხვის საფუძველზე შეგვემუშავებინა სტატისტიკა. ასვე გავინაწილეთ ბლოგები წყვილებში და წინ გადავდგით ნაბიჯი სტენდის კონცეფციასთან დაკავშირებით.

 

...


ვეცადე, რომ კვირა დღე  დატვირთული არ ყოფილიყო და დასვენებისთვის გამომეყენებინა. წიგნიც წავიკითხე, ოჯახთანაც დიდი დრო გავატარე და მეგობრებსაც ვესტუმრე. დღის ბოლოს კი სიმღერებსაც მოვუსმინე და სოციალურ ქსელშიც ვიბოდიალე.

 

ასე დასრულდა ჩემი ცხოვრების ერთი კვირაც. იმედი მაქვს, რომ სხვა ბევრად მეტი საინტერესო და ბედნიერი კვირა მელოდება წინ.

 

მინდა რომ ჩვენ, ადამიანებს სიყვარული და ერთგულება შეგვეძლოს ერთმანეთის მიმართ.

 

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახლა წელს!

 

წარმატებები „ლაივპრესს“!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.