ცოცხალი ისტორიები
ნინო ხუხუა - საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი
FaceBook Twitter
E-mail Print
ნინო ხუხუა არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი.

 

...


დილის 08:00 საათზე ზუგდიდის სამარშუტო ტაქსიში ჩავჯექი და ზუგდიდისკენ მოვემართები. შაბათ-კვირას ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისს ვესტუმრე სამკვირიანი განშორების შემდეგ. ზუგდიდში უკვე 3 თვეა რაც გადმოვსახლდი. საიას ზუგდიდის ოფისს ვხელმძღვანელობ. სიმართლე გითხრათ, ამ გაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახალი გამოწვევები ძალიან მხიბლავს და ჩავთვალე, ჩემი მოღვაწეობა სამეგრელოს რეგიონში საინტერსო იქნებოდა. დღეს საიას ზუგდიდის ოფისი ფარავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს და მოქალაქეებს ვუწევთ უფასო იურიდიულ დახმარებას, ვუმზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უფლებებს ვიცავთ სასამართლოში. ჩვენ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ისეთი საქართველოს შენებას, სადაც საზოგადოება აქტიური და მაღალი სამართლებრივი კულტურის მქონეა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ძალაუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებით.

 

გზაში ვფიქრობ და ვაწყობ გეგმებს, ოფისში მისვლის შემდეგ რა უნდა გავაკეთო. პირველ რიგში ვაპირებ გადავამოწმო საჯარო მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსანტთა გასაუბრების თარიღი განისაზღვრა თუ არა, გადავხედო მომზადებულ დოკუმენტებს, ვუპასუხო მეილებს და აი ამ ფიქრებში ვარ, რომ ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი. მირეკავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მატყობინებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემში დაიწყო საჯარო მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსანტთა გასაუბრების ეტაპი. სიმართლე გითხრათ, ველოდი მინიმუმ ერთი დღით ადრე მაინც თუ შემატყობინებდენენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობას შეჩვეული ვარ და ამ მოულოდნელ ინფორმაციასაც არ ავუღელვებივარ. მაშინვე გადავალაგე დღის გეგმები და პირველ ამოცანად ჩასვლისთანავე გამგეობაში მისვლა განვსაზღვრე.

 

ჩამოვედი ზუგდიდში. საშინლად წვიმს, ძალიან ცივა. ამას ემატება ისიც, რომ რამდენიმე კვირიანი თანამშრომლობის მიუხედავად, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ზუგდიდის წარმომადგენლობამ ვერა და ვერ დაამონტაჟა გაზის მრიცხველი ამ ბიუროკრატიული პროცედურების გადამკიდე, მაღელვებს, ოფისში ხომ არ ცივა თანამშრომლებს, ამიტომ ოფისში შესვლისთანავე მისალმების შემდეგ ჩემი კითხვა იყო - ხომ არ ციოდათ. ჩვეული მორიდებული და ღიმილიანი მზერით ჩანდა, რომ თავს კარგად გრძნობდნენ.

 

მაშინვე მოვიკითხე ოფისის ამბები, პარალელურად მეილზე მოსულ წერილებს ვამოწმებ. თანამშრომელს დავალებებს ვაძლევ, რომ დაუკავშირდეს ჩვენს ერთ-ერთ ბენეფიციარს და შეატყობინოს, რომ მის უფლებებს ჩვენ დავიცავთ სასამართლოში.

 

მივედი გამგეობაში. ფოიეში სიცივისგან გათოშილი კონკურსანტები იცდიდნენ და მღელვარება ეტყობოდათ სახეზე. დაიწყო გასაუბრება. დღის გეგმაში მაქვს, რომ მინიმუმ 50 კონკურსანტს მაინც მოვუსმინო. დიდი ინტერესითა და ყურადღებით ვაკვირდები გასაუბრების პროცესს, ვინიშნავ ხარვეზებს. გასაუბრების პერიოდში რამდენიმე მოქალაქემაც დამირეკა. 18:00 საათიც მოვიდა, შეხვედრაზე უნდა წავიდე, ამიტომ ჩემს თანამშრომელს ვტოვებ გასაუბრებაზე, მე კი USAID დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მივდივარ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო  შეხვედრას მართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (Annual Program Statement) საქართველოში უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შესახებ ინფორმაციას გვაცნობენ. შეხვედრის შემდეგ ისევ ოფისში მივდივარ. წერილები მოვამზადე ადგილობრივი რადიოკომპანიების ხელმძღვანელების სახელზე. ისევ მეილებს ვამოწმებ. დღე სრულდება! სახლში მივდივარ და თან მიმაქვს სამუშაო.

 

...


დილა ცივი, ნაცრისფერი და წვიმიანია. ისე წვიმს, რომ გარეთ გასვლის სურვილიც არ გაქვს, მაგრამ სამსახურეობრივი ვალდებულება ყველაფერს დაგაძლევინებს. პირდაპირ გამგეობაში მივდივარ. გასაუბრებას ვესწრები ისევ დილის 10:00 საათიდან.

 

14:00 საათზე ოფისში მივდივარ. გასაუბრებაზე ჩემს მაგივრად ისევ თანამშრომელს ვტოვებ. ოფისში მოსულს მეილზე წერილები მხვდება. თანაშემწეებს დავალებას ვაძლევ და შეხვედრაზე წასასვლელად ვემზადები. საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციამ,  საქართველოს მთავრობის ორი წლის საქმიანობის და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მიმიწვია. შეხვედრაზე ვარ, უამრავი ხალხი ირევა. დიდი ინტერესით ვისმენ ანგარიშს, თუმცა მგონია, რომ ამ რეგიონში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც სწორად დაგეგმვა და განხორციელება სჭირდება. შეხვედრიდან პირდაპირ ისევ გასაუბრებაზე მივდივარ. 21:00 საათამდე გამგეობაში ვიყავი. როგორც იქნა დასრულდა კონკურსანტთა გასაუბრება. ძალიან დავიღალე, მაგრამ ჩემს მეგობარს შევპირდი, რომ სახლში ვესტუმრებოდი და ერთად მოვამზადებდით 25 დეკემბრის ღონისძიებისათვის სალათს. შევიძინეთ პროდუქტები და ვიწყებთ მომზადებას. პირველად ვაკეთებთ სალათს, რომლის სახელიც არ ვიცით, მაგრამ მთელი გულით და სულით ვამზადებთ. ღამის 23:00 საათია. როგორც იქნა დავასრულეთ მომზადება. 1 საათში ჩემი დაბადების დღეც დადგება. შესრულდა თუ არა 24:00 საათი, მაშინვე გაისმა ჩემი ყველაზე ახლო მეგობრების ზარის ხმა. მილოცავენ დაბადების დღეს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიშორე ნამდვილ და გულწრფელ ურთიერთობებს ვერ ცვლის.

 

...


დილის 09:00 საათიდან დაიწყო მოლოცვები. ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ერთხელ განსაკუთრებულად მაინც უნდა აღნიშნავდე დაბადების დღეს, რატომღაც თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს დღეს სხვა დღეების მსგავსად ჩაივლიდა. ჩვეულებისამებრ მივიდვარ სამსახურში. განსაზღვრული მაქვს, რომ 14:00 საათამდე ოფისში ვიქნები და შემდეგ ისევ გასაუბრებაზე უნდა წავიდე. დილიდანვე თანაშემწეები შეიკრიბნენ ოფისში. მათმა ხალხმრავლობამ და დაბადების დღის არ მოლოცვამ რაღაც ეჭვები გამიმყარა. მივხვდი, რომ სიურპრიზს მიმზადებდნენ, მაგრამ ეს არ შევიმჩნიე.

 

არ წყდება მოლოცვები ტელეფონზე. მეც პარალელურად  ვმუშაობ შემდეგი თვის განაცხადზე და ვფიქრობ, რა ღონისძიებები უნდა ჩავატარო იანვრის თვეში. ამასობაში რამდენიმე მოქალაქეც მივიღე. სხვა მენეჯერულ საკითხებსაც ვაგვარებ და გამგეობაში მივდივარ. ვესწრები გასაუბრებას და დაახლოებით 17:00 საათისთვის ოფისში ვბრუნდები. ირგვლივ სიმშვიდეა, თუმცა, სადღაც შორიდან ჩურჩულის ხმა მესმის- მოვიდა. თანამშრომელი მეუბნება, რომ ჩემთან მოქალაქეები არიან მოსულები და შეხვედრა სურთ საკონფერენციო დარბაზში. შევედი დარბაზში და ირგვლივ დიდი მხიარულება სუფევდა, ბევრი მაშხალა, ფერადი ფურცლები, ტორტი, ვარდები და ბევრი ბედნიერი სახე. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მათ სიამოვნებით გააკეთეს. ბედნიერი ვიყავი, რომ თანამშრომლებმა და ოფისის თანაშემწეებმა შეძლეს ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღის გაფერადება. ამ დღეს თავს უფლებას ვაძლევ და შედარებით ადრე მივდივარ სახლში.

 

...


მზიანი დილა გათენდა. დილით 09:00 საათზე მოქალაქე მირეკავს მიყვება მის პრობლემებს. არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ განცდა იმისა, რომ საიას ზუგდიდის ოფისი ეიმედებათ მათი უფლებების დამცველად, ეს მახარებს. ოფისში მივდივარ. მხვდება მოსაწვევები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ასევე რამდენიმე მოქალაქე. ჩვეულებისამებრ მეილებს ვამოწმებ და წერილებს პასუხს ვცემ. დღეს ჩემი დის დაბადების დღეა. მას ვურეკავ და ვულოცავ. პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ სხვადასხვა ქალაქში ვიყავით და ერთად ვერ ავღნიშნეთ ეს დღე.

 

ისევ ვუბრუნდები სამუშაოს. ახალი წლის მისალოც ბარათებს ვუგზავნი საერთაშორისო, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და იმედია, რომ 2015 წელი მათთვის მშვიდი და  წარმატებული იქნება.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქრათველოს წარმომადგენელი მირეკავს და მახსენებს, რომ დღეს წვეულებაზე არ დავიგვიანო. თუმცა დიდად  ვერ ვპირდები დროულად მისვლას. ისევ გამგეობაში მივდივარ და გასაუბრების ბოლო დღეს ვესწრები. შემდეგ ისევ ოფისში ვბრუნდები და თვის ანგარიშზე ვიწყებ მუშაობას.

 

საღამოს საახალწლო ღონისძიებას ვუერთდები. მიხარია, რომ დღის ბოლოს სასიამოვნო გარემოში მომიწევს საღამოს გატარება და კიდევ უფრო მეტ ნაცნობსა თუ მეგობარს გავიჩენ ქალაქ ზუგდიდში.

 

...


დილით სამსახურში შემართებით მივდივარ. განსაზღვრული მაქვს რა უნდა გავაკეთო. ისევ მეილების შემოწმება, წერილებზე პასუხის გაცემა. გავაგზავნე იანვრის თვის სამუშაო გეგმა. ვთვლი, რომ იანვრის თვე საინტერესო აქტივობებით იქნება დახუნძლული. რამდენიმე საქმე აიღო ოფისმა და კიდევ ახალი საქმეების მოლოდინში ვართ. ვაგრძლებ თვის ანგარიშის წერას. პრაქტიკულად ანგარიშის სამუშაო ვერსია მოვამზადე.

 

ჩემი ფიქრები ახალი პროექტის წერაზე გადაერთო. მინდა რაც შეიძლება მეტი პროექტი ჰქონდეს ოფისს. ამ მიზნით მუშაობას ვიწყებ ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო განაცხადზე. იდეებს გონებაში ვაწყობ. პროექტს მოქალაქეთა გააქტიურებაზე ვწერ, რადგან დღეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტური თანამონაწილეობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ დაბალია, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. მოკლედ, საპროექტო მონახაზი მოვამზადე და საშობაო არდადეგების დროით უნდა ვისარგებლო და დავასრულო პროექტი.

 

დედა მირეკავს, მოლოდინი აქვს, რომ პარასკევს სახლში წავალ, მაგრამ ჩემი პასუხი „შაბათს მოვდივარ“ არ ესიამოვნა. შაბათი დღის გეგმაც განვსაზღვრე და 18:00 საათზე შეხვედრაზე მივდივარ, რომელიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობას ეძღვნება.

 

შეხვედრის შემდეგ სახლში ვბრუნდები.

 

...

 

მზიანი დღე გათენდა. ქუჩაში ხალხი ირევა. მე ისევ სამსახურში მივდივარ. დღეს 3 შეხვედრა მაქვს. დებატ კლუბის მონაწილეებსა და ოფისის თანაშემწეებს ვხვდები. კიდევ ერთხელ ვახსენებ მათ ძირითად მოვალეობებს და ვაჯამებთ ორი თვის განმავლობაში მუშაობის შედეგებს. თანაშემწეებიდან ინიციატივა წამოვიდა, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესი გავაკეთოთ სისხლის სამართალში. მეც რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ მათი სამართლებრივი ცოდნის ამაღლებისთვის. ჩავინიშნე ეს საკითხი და საშობაო არდადეგების შემდეგ უნდა ვიზრუნო ამ ღონისძიების ჩატარებაზე. დღის მეორე ნახევარში კი ვხვდები საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და მათ პირველ ლექციას ვუტარებ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე. ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან და ვთვლი, მათთან ერთად ძალიან ბევრ საჭირო საქმეს გავაკეთებ. საკვირაო სკოლის მიზანი არის მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ამისთვის ისინი სპეციალურად შედგენილ პროგრამას გაივლიან. უკვე 17:00 საათია. ვემზადები ქუთაისში გასამგზავრებლად და მიხარია, რომ ჩემი ოჯახის წევრებთან რამდენიმე დღით ყოფნის შესაძლებლობა მექნება.

 

...


სხვანაირი დილა გათენდა, მიხარია, რომ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ოჯახურ გარემოში მიწევს ყოფნა და საახალწლო მზადებაში ვერთვები. დღის მეორე ნახევარში LIVE ისტორიისთვის დღიურის წერას შევუდექი. ვიხსენებ განვლილი კვირის დღეებს და ვცდილობ არაფერი გამომრჩეს. მიხარია, რომ LIVEPRESS-ი ჩემით დაინტერსდა. დარწმუნებული ვარ, წინ გაცილებით საინტერესო და დატვირთული დღეები მელის.

 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2015 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი სრულიად საქართველოსთვის!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გზების ჩაკეტვამ ქალაქში საცობი გამოიწვია.
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.