ცოცხალი ისტორიები
მაია ფიფია - ჟურნალისტი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 


მეგობრები თვლიან, რომ კარგი მთხრობელი ვარ და სამი წელია, რაც ბეჭდურ მედიაშიც ვცადე ბედი... თუმცა, ცოცხალი ისტორიები არასოდეს მიწერია, არც ბლოგი... ალბათ, ამისთვის არც იმდენად გახსნილი ვარ, როგორც შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს.

 

გენკას (გერონტი ყალიჩავას) არგუმენტებს, რომ ჩემი ისტორიები საინტერესო იქნება და მათზე ღირს წერა - კონტრარგუმენტები ვერ მოვუძებნე... არ მოვუძებნე! მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ყველაზე არაპროდუქტიულ პერიოდში მიხდება ისტორიების წერა, შობა-ახალ წელსა და დამდეგ „ძველით ახალ წელს“ შორის გამოკიდებულს.

 

ვიწყებ წერას. საბედნიეროდ, დღეს ადრე ადგომა არ მიწევს, ჩემი 12 წლის ქალიშვილს ნიას ჯერაც არდადეგები აქვს. ცხრისთვის ის მაინც აჭყეტს თვალებს, რომ გამიღიმოს და მზერით მაინც გამაცილოს.

 

ათის ნახევარზე მარშრუტკაში ვარ, 9:50 საათზე უკვე ეთერში უნდა ვიყო.  წუთებს ვითვლი, თუმცა გზაჯვარედინზე შუქნიშანთან მაინც ვჩერდები. ჩემდა გასაკვირად, კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი უძლებს „წითელზე“ წინ გაქცეული თავისი მეგობრის დამცინავ მზერას და „მწვანეს“ ელოდება! მიხარია! ერთი მაინც!.

 

კიბეზე ავირბინე, როგორც ყოველთვის ამ დროს, რადგან სულ რამდენიმე წუთში ეთერში უნდა გავიდე - დილის რუბრიკა FM თერაპია მელოდება. თიკო ბუკიას ეთერია - გამოცდილი წამყვანია. ე.ი. ყველაფერი მოწესრიგებულია და შემიძლია მშვიდად გავიდე პირდაპირ ეთერში. ეს რუბრიკა უკვე იმდენი ხანია მიმყავს (შემოვრჩი), რომ რადიოში ხუმრობით FM თერაპევტს მეძახიან.

 

დღისით მე და ნია ოფთალმოლოგთან გავრბივართ, ახალი სათვალე უნდა შევარჩიოთ მისთვის. შევარჩიეთ!

 

რადიოში დავბრუნდი და ეთერში გავედი, ვებ-გვერდისთვისაც ვიმუშავე, ვთარგმნე და დავაკორექტირე მასალები... და სამუშაო დღეც დასრულდა...

 

საღამოს არაფერს ვგეგმავ. ზამთრის ზუგდიდი მოსაწყენია... ქალაქი ბაზრის რითმით ცხოვრობს, ბაზარი კი 7 საათისთვის იძინებს. მუნიციპალური ტრანსპორტი 8 საათის შემდეგ არ მოძრაობს და ერთ რიგში ჩამწკრივებულ აფთიაქებს და სალონებს რომ ვუყურებ, რატომღაც ილფი და პეტროვის „12 სკამი“ მახსენდება: „В уездном городе N было так много парикмахерских заведений и бюро похоронных процессий, что казалось, жители города рождаются лишь затем, чтобы побриться, остричься, освежить голову вежеталем и сразу же умереть.“ (მაპატიეთ, ქართული თარგმანი ხელთ არ მქონდა). ამას ბანკებს, რესტორნებს და უკვე საკმაოდ მომრავლებულ სუპერმარკეტებს თუ დავუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა უკეთ გვაქვს საქმე! იმედია, თუ ვინმე ამ ისტორიებს წაიკითხავს, იუმორის გრძნობა ექნება!

 

საღამოს, სახლში, ნია აღფრთოვანებული მიყვება ახლადწაკითხულ ამერიკულ ბესთსელერზე - ჯეიმზ დაშნერის „ლაბირინთებში მორბენალი“. მეც ხომ არ წამეკითხა? მაინც გადავწყვიტე ფილმს ვუყურო. მიყვარს ევროპული კინო, თუმცა, ამჯერად, იმედი მიცრუვდება და სურათს მხოლოდ ჩემი საყვარელი სოფი მარსოს ხათრით ვუყურებ ბოლომდე.

 

...


სამშაბათს, როდესაც ეთერში ჩემი გადაცემა „Кaвкaзское многообрaзие“ გადის, („კავკასიური მრავალფეროვნება“, რადიო „ათინათის“ ახალი პროექტი კავკასიელი ხალხების კულტურასა და ტრადიციებზე) მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა დღეს არ ვღელავ. ეთერში ჩვენი რესპონდენტების წინასწარ ჩაწერილი საახალწლო მილოცვები გავა. გვილოცავენ თბილისიდან, აზერბაიჯანიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, დაღესტნიდან, სომხეთიდან... მთელი ამ ხნის განმავლობაში (2014 წლის ივლისიდან), ყოველი მათგანი სიამოვნებით გვერთვებოდა გადაცემაში. უღრმესი მადლობა ყველას!

 

გადაცემაზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თითქმის არაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, ამ ერთ პატარა, საერთო სივრცეში მცხოვრებმა ადამიანებმა -კავკასიელებმა.

 

დღის მეორე ნახევარი საკუთარ თავს დავუთმე. უნდა მოვწესრიგდე - „ძველით ახალ წელს“ უნდა შევეგებო მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად!

 

საახალწლო-საშობაო განწყობა ლონდონიდან „წამოვიღე“. (სწორედ წინასაშობაო დღეებში მომიხდა იქ გამგზავრება, ჩვენი პროექტის ფარგლებში) იმ იმედით, რომ აქამდე მომყვებოდა.

 

მაგრამ ძნელია ჩვენს ქუჩებში გახვიდე და გული არ დაგიმძიმდეს, როდესაც ძაძებში ჩაცმული, თავწაკრული ახალგაზრდა ქალი ყიდის ჩიჩილაკს, ხოლო მოხუცი, გათოშილი ბებო გთხოვს, ერთი კონა მწვანილი წაიღო. აღარ გავაგრძელებ, ყველასთვის ტკივილამდე ნაცნობი სურათია.

 

მომღიმარი სახეებით დიდად არც ბრიტანელები გამოირჩეოდნენ და ჩვენი გაოცება მაშინ უნდა გენახათ, როდესაც მეტროში ხელგაწვდილი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა და  მოწყალება ითხოვა. მშობლიური „ბიძიებო, დეიდებო“ გამახსენდა... მაგრამ, მაინც, საზეიმო განწყობა იქ ჰაერში ტრიალებდა.

 

წავედი! უნდა მოვემზადო!

 

...


14 იანვარი უსაშველოდ გრძელი დღე გამოდგა. „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნა 12 საათიდან თითქმის დილამდე გაგრძელდა! შესბამისად - არ მოგვიწყენია!

 

ოთხ საათიანი ძილის შემდეგ რადიოში წავედი და პატიოსნად ვეცადე მემუშავა!

 

ამავე დღის საღამოც პოზიტიურად გაგრძელდა. ჩემ მეგობარ ნათია კანკიას დაბადების დღე მივულოცეთ მე და ნიამ, შემდეგ ნათიას დისშვილი, 2 იანვარს დაბადებული დესუნა (დესპინე - კიდევ ერთი ძველი სახელი, რომელიც მოდაში შემოდის) ვინახულეთ!

 

ნია ხშირად მეკითხება ხოლმე, როგორ აღვნიშნავდით ახალ წელს სოხუმში. მე ვუყვები, რომ 12 საათს მშობლებთან ერთად ვხვდებოდით, შემდეგ კი ვქრებოდით - დილამდე!

 

ჩვენს სახლში ჩემი და ჩემი ძმის მრავალეროვანი, მხიარული სამეგობრო იკრიბებოდა.

 

მახსოვს, სოხუმში პირველად რომ აირია და დაიძაბა (დაძაბეს!) სიტუაცია ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩემი ძმის აფხაზი კურსელი და მეგობარი, ასლანი (პაატა, ჩემი ძმა, ფიზიკის ფაკულტეტზე, რუსულ სექტორზე სწავლობდა) ღამით, ზუსტად 12 საათზე, ჩანგლით კბილებში მოგვადგა კარებზე, ახალი წლის მოსალოცად: „ჩემი ჩანგლით მოვდივარ, რომც გამაგდოთ, არსად ვაპირებ წასვლასო“... ბევრი ვიცინეთ. ეს ალბათ ბოლო ახალი წელი იყო, რომელსაც ასე მხიარულად შევხვდით იქ...

 

აი ახლაც, შეტყობინება მივიღე სანქტ-პეტერბურგიდან. ჩემს მიმოფანტულ მეგობართაგან ერთ-ერთი მარწმუნებს, რომ სწორედ ახლა დადგა ნამდვილი ახალი წელი და სულით და გულით მილოცავს. ეტყობა მასაც გრძელი დღე ჰქონდა!

 

...


საშობაო არდადაგები დასრულდა. ნია ბუზღუნით დგება და სკოლისთვის ემზადება. ეზარება და სცივა, მაგრამ დაგვიანება არ უყვარს, ამიტომ  სწრაფად ახერხებს ჩაიცვას, ისაუზმოს და სახლიდან გავიდეს.

 

მე სარკეში ვიყურები და ვცდილობ თავი დავარწმუნო, რომ არაჩვეულებრივად გამოვიყურები. ეს მოლაპარაკებები წელიწადის თბილ დროს უფრო წარმატებულია ხოლმე, ამიტომ ამაზე ბევრ დროს არ ვხარჯავ. ძალას ვიკრებ, რომ ორი კვირით მიტოვებულ იოგას ვარჯიშებს დავუბრუნდე. ოღონდ ნუ წარმოიდგენთ, რომ ლოტოსის პოზაში განასკვული ვზივარ საათობით და ვმედიტირებ. მხოლოდ ჩემი ონლაინ ინსტრუქტორის მითითებებს ვასრულებ მონდომებით.

 

შემდეგ ისევ რადიო... ინფორმაცია, ტექსტები, ეთერი... და შუალედებში - ყავა.

 

საღამოს ნიას გავუარე, ჩემი ბიძაშვილების სახლში მელოდებოდა. ანიმ (ბიძაშვილის 13 წლის გოგონამ) თხოვნა შემისრულა და ყანჩელის მუსიკა დაუკრა... ნიჭიერია, მაგრამ გვთხოვს არ ჩავიწეროთ - „შეცდომები დავუშვიო“... გენიოსი მელოდისტია ყანჩელი!

 

საღამოს ხვალინდელი გადაცემისთვის მასალას ვეძებ... საინტერესო და მოულოდნელი თემა აღმოვაჩინე „ტატუირების ტრადიცია დაღესტნელ ქალებში“.  ჩრდილოეთ კავკასიელ ბლოგერს და მეცნიერს მივწერე, მანამდეც არაერთხელ ჩაგვიწერია, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა. სხვა მასალებიც ვნახე... მგონი გამოვა...

 

...


დილას მაღვიძარას წავუყრუეთ... და ჩაგვეძინა! 40 წუთის შემდეგ გიჟებივით წამოვხტით, მაგრამ ვიყოჩაღეთ! ნიამ კაკაოს დალევაც კი მოასწრო, თან თავს იქებდა - ათ წუთში ჩავეტიეო...

 

„Nobody's perfect“-ო, წაიღიღინა თავისი საყვარელი ჯესი ჯეის სიმღერა და წავიდა.

 

კვირა ძლივს გახურდა და უკვე პარასკევიც მოსულა.

 

დღეს ისევ გადაცემის დღეა. სხვა საქმეებთან ერთად, მისი მომზადებაც უნდა მოვასწროთ. დაგეგმილი თემის გადადება გვიხდება, რადგან ჩემი რესპონდენტი, ძალიან დაკავებული, არაჩვეულბერივი ქალბატონი, ვერ იცლის და მთხოვს, რომ მომავალ პარასკევს ჩავწეროთ.

 

სასწრაფოდ „ავამუშავეთ“ სხვა რეზერვი. ორი-სამი ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ მითოლოგიაზე შევაჩერეთ არჩევანი. ქალბატონი ნონა ქობალია გვერთვება დღევანდელ გადაცემაში, ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი და გულშემატკივარი. ნათია კანკია მეხმარება გადაცემის მომზადებაში. უტყუარი ალღო აქვს თემისთვის მუსიკალური პროგრამის შერჩევაში, ოპერატორობასაც ის მიწევს და მონტაჟშიც მეხმარება. ვებ-გვერდზე გადაცემის ატვირთვა და გადაცემის ფეისბუკ-გვერდის გააქტიურებაც მის მხრებზეა. ჩვენი მსმენელი ძრითადად სწორედ ინტერნეტით გვისმენს, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოხმაურებებით და კომენტარებით ვხვდები, რომ დაინტერესება იზრდება რაც ძალიან გვახარებს!

 

მე და ნიამ გასეირნება გდავაწყვიტეთ. ეს საღამოც იყო მშვიდი და ჩვეულებრივი - ბედნიერი...

 

...


უჩვეულოდ წყნარი შაბათია. ნიაკო სტუმრად არის.

 

ისევ იოგა - ბრავო მაია!... და შემდეგ საქმეები. ჩვეულებრივი ქალური საქმეები, ოღონდ აუცილებლად კარგი მუსიკის თანხლებით!

 

შაბათს ვცდილობ ნაკლებად ვუსმინო ინფორმაციას, მაგრამ დედაჩემის კომენტარების წყალობით, რომელიც ახალ ამბებს უსმენს თითქმის ყველა არხზე, მაინც მესმის: მამა ილია... გიუმრი... უკრაინა...

 

არ იქნებოდა ცუდი ზოგჯერ მეხამრიდივით, ნიუსამრიდის გამოყენება შეიძლებოდეს!

 

წესით დღეს ნაძვის ხე უნდა დამეშალა, მაგრამ ამას ტრადიციულად ჩემს შვილთან ერთად ვაკეთებ ხოლმე, ამიტომ მას დაველოდები!

...


კვირაა. ნიაკოს გაუტკბა სტუმრად ყოფნა. ხვალ ნათლისღებაა და ქვეყანა ისვენებს. მე სამუშაო დღე მაქვს. მომავალი კვირის დაგეგმვას ვიწყებ. გენკას შეპირებული ისტორიებიც უნდა გავუგზავნო.

 

საღამო სასიამოვნოდ დასრულდა. ნათიამ გამომიარა ლონდონური ჩაისა და დედაჩემის მოდუღებული ალუბლის მურაბის დასაგემოვნებლად.

 

ადრე, როდესაც ჩემი მშობლები ყოველა შაბათ-კვირას ზუგდიდში მოდიოდნენ, მე კი სოხუმში მეგობრებსა და ყველაზე საინტერესო მოვლენებს ვტოვებდი - ძალიან ვბრაზობდი. ვფიქრობდი: რა სასჯელია ყოველ შაბათ-კვირას აქ ჩამოსვლა-მეთქი.

 

მას შემდეგ ბევრჯერ მომიწია ზუგდიდში დაბრუნება და ისევ ამ აზრზე ვიდექი. ბოლოს მივხდი, რომ სწორედ მაშინ მოვდიოდი აქ, როდესაც განსაცდელში ვიყავი და ეს ქალაქი ყოველთვის მელოდა.

 

ახლა, ის უკვე ჩემი შვილის მშობლიური ქალაქია. იმედია, მაპატიებთ, ამ ლირიულ გადახვევას, უბრალოდ, მინდოდა მადლობა მეთქვა მისთვის და ასე დამესრულებინა ჩემი პოსტსადღესასწაულო დღეების ქრონიკა.

 

ხვალ ნათილსღებაა! გილოცავთ!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.