ცოცხალი ისტორიები
თეიმურაზ ბასილაია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 

ორშაბათი... „მძიმე დღე“... არა, ჩემთვის პირიქით, მიხარია მოძრაობა. დილიდან პატარებზე ზრუნვა, მერე სკოლაში და ბაღში განაწილება. თან დამაქ მანქანით გრაფიკი, თუ ვინ როდის და სად უნდა წავიყვანო, წრეები, მეცადინეობები. მსიამოვნებს, როცა ოჯახს ვემსახურები. მეუღლე სამსახურში... მე კი... ჩემს შტაბში. იქ თანაგუნდელები მელოდებიან. თითქოს არაფერიო და მაინც ყოველი დღე სიახლეა. ყველანი ვიხილავთ სიახლეებს და ვათვალიერებთ სოციალურ ქსელს.

 

... - უკვე მერამდენედ მეტკინა გული. რა უბედურებაა ამდენი ფარული ჩანაწერები, ერთმანეთის დასმენა და დაყურადება... უკვე ზუგდიდური სერიები... პოსტიც კი დავდე საკუთარ გვერდზე ამის თაობაზე, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ სიმართლე ვთქვი. ეს მანკიერება უნდა ამოიძირკვოს ერთხელ და სამუდამოდ. რასაც ჩვენი ხელისუფლების დროს გვიკრიტიკებდნენ ბოლოს მთლად დაკანონდა (პარლამენტის გადაწყვეტილებით) და ეს მაშფოთებს.

 

ვფიქრობ, საჯარო მოხელედ დავიბადე. იქ ვგრძნობ თავს კომფორტულად. სხვა სფეროშიც არ მოვიკოჭლებ, თუმცა ეს მაინც უფრო მხიბლავს. შტაბშიც იგივე განრიგით და შიდაგანაწესით ვართ, როგორც ვიყავით გუბერნიაში და საკრებულოში. მიყვარს წესრიგი და ურთიერთპატივისცემა.

 

შევხვდი რამოდენიმე პირველადი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 

ბიჭებს ვემშვიდობები და გავრბივარ სახლისაკენ..., დღეს უძვირფასესი ხალხი მყავს სტუმრად ოჯახში. ბ-ნები: რეზო ბულია და გურგენ სამუშია, ასევე ჩემი ოჯახის ახლობლები მეგი და ეკა როგავები.

 

დიდი სიამოვნება მივიღე. რეზო ცოცხალი მატიანეა... ბევრი იუმორი, ლექსი, ანეგდოტი..., მოგონებები. მათ ჩემი შვილების აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ოდესმე თუ მომეცა საშუალება, აუცილებლად ვეცდები დავარწმუნო საზოგადოება და თვითმმართველობა, იმაში რომ ბ-ნ რეზოს გაუხსნათ საპატიო ადგილას ვარსკვლავი და ამით უკვდავყოთ მისი შრომა და ღვაწლი.

 

...


იგივე ენთუზიაზმით ვიწყებ ცხოვრებას..., ოჯახის წევრების მომსახურების შემდეგ მოვინახულე დედაჩემი. ის ჩემ ძირ სახლში ცხოვრობს უმცროსი ძმის ოჯახთან ერთად.

 

ქალაქში შევხვდი რამოდენიმე მეგობარს. ზოგი ცდილობს ამარიდოს შეკითხვა: რას შვები, რა არის ახალი?... - რას იზამ, მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ არჩევნებმა ბევრი რამ დამანახა, ბევრი შევიძინე და ბევრს... შეეშალა. ამიტომაც უჭირთ ამ შეკითხვის დასმა. არა ვარ მკვეხარა, მაგრამ საკმაო გამოცდილება მაქვს მოთმენის და მჯერა ერთ დროს ყველაფერი გამოსწორდება. ცხოვრება გამოცდაა და მათიც მესმის. თუმცა ერთი პრინციპი მაქვს და ამას ვერ ვღალატობ, რაც არ უნდა გიჭირდეს ღირსებას არ უნდა უღალატო, შეცდომის აღიარებაც არაა სიმხდალე თუ მას დროულად მოინანიებ.

 

„ადამიანი უფრო ადვილად აწყენინებს მას ვინც უყვარს, ვიდრე მას ვისიც ეშინია.“ - ეს აქსიომაა, მთავარია ამ რეალობაში არ გაეხვიო და თავი არ დაკარგო.

 

მივდივარ შტაბში. გარეთ გავესაუბრე ბიჭებს. რამოდენიმე შეხვედრა მაქვს და იქითკენ გავეშურე.  საღამოს სახლში ვბრუნდები და კარზე სტანდარტული შეკითხვა... მაა, რა მომიტანე?..., პრეტენზიული არაა, მთავარია „რამე“ უნდა მოიტანო. ეს ერთგვარი სახლში შემოსვლის რიტუალია.

 

...


ცუდი ამინდია, ქარი. უჩვეულო ზამთარია. გაზაფხულის ტემპერატურა. არ მიყვარს ასე, რადგან ამას ცუდი ზაფხული მოყვება ხოლმე. თუ ზამთარში საჭირო რაოდენობის ნალექი არ მოვიდა ზაფხული წვიმიანია. ზაფხული ჩემი სტიქიაა და მთელი წელი ამ სეზონს ველოდები.

 

ყველანი გავანაწილე „დისლოკაციის“ ადგილას. ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებას. ისევ პროკურატურა და სასამართლო, ბრალდებულები და ადვოკატები. პოლიტიკური პიარი და ათასგვარი მანიპულაციები არ მაკვირვებს, უბრალოდ ხალხის მიკვირს, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი, რობაქიძე... 2 წელზე მეტია ერთი და იგივე გვარები „საჭირო დროს“(არადა მთი ბედი რეალურად მხოლოდ ოჯახს თუ აწუხებს). 2012 წლიდან დღემდე კვირა არ გავა მკვლელობა არ გამოცხადდეს, (არაფერს ვამბობ ძარცვებზე და ყაჩაღობებზე, ქონების განძრახ განადგურებაზე) მარტო ამ პერიოდში 29 პატიმარი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში და მხოლოდ 3 საქმეა „გახსნილი“. მაინტერესებს ეს გარდაცვლილები (და მოკლულები) არავის აინტერესებს თუ მათი მშობლებისთვის და ოჯახებისათვის გირგვლიან-რობაქიძე-ვაზაგაშვილზე  ნაკლებად მძიმეა. თუნდაც რაფალიანცის საქმე... დღესაც დაუსრულებელი. პოპულარული თემა არაა დღეს ხელისუფლებისათვის, საქმეც ამაშია, ამიტომ არ მჯერა არცერთი გახმაურებული საქმის სწორი გამოძიების და უფრო მეტიც ვინმე თუ იზიარებს მართლა მათი ოჯახების გასაჭირს. საოცრებაა... ზოგიერთები საკუთარი მიცვალებულებითაც ვაჭრობს (ეს არჩევნების პერიოდმაც გვანახა) და ჯამში დასკვნა ერთია, მაგარი ზნეობრივი და მორალური დომხალი გვაქვს საქართველოში. ეკლესია თუ გვიხსნის და რწმენა!

 

მძიმე გადახვევა გამომივიდა, თვითონაც არ მესიამოვნა, მაგრამ ვტოვებ და არ წავშლი. ეს რეალობაა.

 

შტაბი. ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გვაქვს შეხვედრა. დაგვიანებით დავიწყეთ. პრობლემები, ვიღაცეები დაითხოვეს სამსახურებიდან, მერამდენედ ხდება ეს ყველაფერი. ყველას უკან ოჯახი დგას, სამსახურის დაკარგვა განაჩენის გამოტანის ტოლფასია დღეს. ეს უნდა დასრულდეს... ბოღმით მოსულები ახალ ბოღმას ქმნიან და ჯამში ცუდის მეტს არაფერს მივიღებთ. ყველას ვაიმედებ, რომ დალაგდება ყველაფერი.

 

სამსახური და თანამდებობა არ არის ის რაც მემკვიდრეობით გადადის, ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ, რომ არჩევნების მერე ბევრი რამ იცვლება. თუმცა ტოტალური ხასიათი არ უნდა ქონდეს. ჩემი კონკურენტი არჩევნებში ახლობელი ადამიანია, უფრო მეტიც, მეჯვარის ძმაა და ნათესავიცაა. მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ვიტყვი, რომ ძალიან განათლებული და ლიბერალი ადამიანია, უყვარს საკუთარი ქალაქი, მაგრამ იმაზე მეტს ვერაფერს გააკეთებს რისი უნარი და ნებაც აქვს ხელისუფლებას. ამიტომ რაც არ მომწონს იმას ყველაფერს მას ვერ დავაბრალებთ. მე მინდა, რომ ყველამ თითო აგური დადოს ზუგდიდისათვის, რამდენადაც შეძლებს.

 

საბა მომყავს ქორეოგრაფიიდან. ნელ-ნელა ოჯახი იკრიბება სამსახურის მერე.

 

ყველას ვტოვებ სახლში და მე ისევ ბიჭებთან. სერიოზული საკითხი უნდა განვიხილოთ...!

 

დღე სრულდება.

 

...


გავიარე დილის „გრაფიკი“, ყველანი თავის ადგილას. უმცროსი ყოველთვის მევაჭრება და ითხოვს ადრე წამოვიყვანო. მივდივარ შტაბში. სუპერმარკეტთან შევჩერდი, გამოსვლისას ვიღაც ქალბატონი გამომესაუბრა, მომეფერა და მითხრა მე თქვენი გულშემატკივარი ვიყავი და როდის იქნება, რომ ყველაფერი დალაგდებაო. ხშირად ხდება ასეთი რამ, უამრავი შეხვედრები მქონდა არჩევნების პერიოდში და ყველანი არ მახსოვს სახეზე სამწუხაროდ, არადა უხერხულობაში რომ არ ჩავარდე ყველას, ვინც კი შემომხედავს შინაურულად ვესალმები, რომ არ გამინაწყენდეს.

 

ძალიან მაინტერესებს მინსკის შეხვედრის შედეგები, თუმცა რუსეთის მხარის არცერთი დაპირების არ მჯერა, ამის მწარე მაგალითი გვახსოვს 2008 წლის მოვლენების მერე (თუნდაც ადრინდელიც გავიხსენოთ). ინფორმაცია მოდის თითქოს რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა, თუმცა რუსეთის ქმედება მაინც უპროგნოზოა. ეს სიტყვები აშშ-ს ელჩმა ბ-ნ ნორლანდმაც თქვა ჩემთან შეხვედრისას (არჩევნების დროს).

 

მაინც ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში პოზიტიური ძვრები იქნება. იქაური სიტუაცია ხომ პირდაპირ კავშირშია ევროპისა და განსაკუთრებით ჩვენს მომავალთან.

 

მოედანთან გავიარე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდის „მაკდონალდსის“ მშენებლობა. კარგია, რომ ეს ბრენდი შემოვიდა, თუმცა ჩემთვის სრულიად მიუღებელი ის ადგილი სადაც ეს შენდება. როდემდის უნდა იყოს ერთი კაცის „პოხონდრიებზე“ ყველაფრის კეთება ზუგდიდში, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება და მისი აზრი სულაც არ აინტერესებთ.

 

ვგებულობ ა.ა.ი.პ.-ების ხელმძღვანელები გაუფრთხილებიათ, რომ მომუშავეთა რეკომენდატორები ვინ არიან სიობრივად მოგვაწოდეთო. ეტყომა ე.წ. წმენდის მეორე ეტაპს იწყებენ... საზოგადოების ორ ბანაკად გაყოფა და ხელოვნურად განდეგილების სახით საპირისპირო მხარის წარმოქმნამ რა შედეგამდე მიიყვანა შევარდნაძის ხელისუფლება გვახსოვს და ვფიქრობ ეს პროცესიც ცუდად შემოუბრუნდება შემოქმედთ.

 

მერამდენედ ვფიქრობ ღირს თუ არა აქ გაჩრება. ოჯახი მაბრკოლებს, ბავშვები ძაან პატარები არიან და ვერ ვტოვებ. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება.

 

შტაბში ვინელებ ამ დაგროვილ ტკივილს და გვიან ვბრუნდები სახლში.

 

...


ახალი დღე. ოჯახურმა „ვოიაჟებმა“ მომიყვანა განწყობაზე. ბიჭებმა დამირეკეს შტაბიდან, ცენტრალურ ოფისს ახალი ინვენტარი გამოუგზავნია ჩვენთვის და ჩამოვიდაო. გამიხარდა ძალიან. ოფისში არ გვქონდა ნორმალური პირობები და ახლა დავლაგდებით. ის ჩვენი ერთგვარი სამსახურიცაა.

 

მთელი დღე შტაბში გავატარე, თუმცა ბოლომდის მაინც ვერ დავლაგდით.

 

სახლშიც მოვასწარი ე.წ. სამეურნეო სამუშაოების გაკეთება. საგაზაფხულო მზადება მიყვარს და არ მეზარება. ვენახი, ნარგავები და ა.შ.

 

...


სიყვარულის დღე (ვალენტინობა), ზოგი ამას არ აღნიშნავს იმის გამო რომ კათოლიკურიაო. ვფიქრობ შეცდომაა ასეთი შეხედულება. ეს დღე სიყვარულისაა და რა მნიშვნელობა აქვს ვალენტინი კათოლიკე იყო თუ პროტესტანტი, ის ასოცირდება სიყვარულის ისტორიასთან, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. მერე კი წმინდანად შერაცხეს.

 

ყველას ვულოცავ სიყვარულის დღეს და მოუფრთხილდნენ ამ გრძნობას.

 

გაზაფხულია, ცად აფრინდა ჩიტი ურიცხვი,

და მწვანე შუქი სიყვარულად გადასდის წიწვებს,

მამადავითზე ერთი ციცქნა ჩიტის გულისთვის

ბულბული ბულბულს ნისკარტით კაწრავს, დუელში იწვევს.

 

ეს ლექსი ყველა შეყვარებულებს...!

 

რატომღაც ყოველ შაბათს გასვენებებზე მიწევს წასვლა, არ ვიცი სიკვდილიანობამ მოიმატა თუ უბრალოდ ახლა იმ ასაკში ვარ ყველგან დავდივარ. შესაძლებელია. სტუდენტურ ასაკში არ ვთვლიდი აუცილებლობად, ახლა კი უპატივცემლობად მიმაჩნია კაცს სამძიმარი არ უთხრა და თუ ახლობელია არ მიხვიდე მის ოჯახში. ასეა, დროსაც მოაქვს თავისი ვალდებულებები.

 

ოჯახით წავედით სოფელში, ბებია და ბაბუა დავახარეთ. სასიამოვნო გარემოა სოფ. ოირემეში. მშვიდდები ქალაქური ორომტრიალისაგან. სუნთქავ ეკოლოგიურად სუფთა ჰაერს და საკვების ნატურალურია. კარგად მოვილხინეთ და სახლში გვიან დავბრუნდით. რაც მთავარია „ვანოს შოუს“ მოუსწარი. პატარა ბავშვივით ვხალისობ ამ გადაცემაზე. სრულ განტვირთვას ვღებულობ. ი. გრიგოლია ძლიერი ჟურნალისტია, თუმცა იმ ფორმატის გადაცემები არ მიყვარს, ძალიან გადაკიდა ხალხი ერთმანეთს, პირდაპირ ეთერშიც არ ერიდებიან ლანძღვა-გინებას და ეს ერის შეურაცყოფად მიმაჩნია.

 

...


ბავშვები და მეუღლე ეკლესიაში წავიდნენ. მე მამაჩემის სასაფლაოს მივაკითხე.

 

ნაშუადღევს ქ-ნი ნანული ჭიჭინაძის წლისთავზე ვიყავი. უამრავი ხალხი იყო. კარგი ქალბატონი იყო. წლების მანძილზე ემსახურა მედიცინას, ძალიან თბილი და მეგობრული პიროვნება, მას ჰქონდა პაციენტთან ურთიერთობის უნიკალური მეთოდი, ეს დიდი ნიჭია რაც სამწუხაროდ ყველა ექიმს არ გააჩნია.

 

საღამოს ჩემს მეგობარს ლევან კონჯარიას გავუარე სახლში, კიევიდან ჩამოვიდა და საინტერესო ამბებს მომიყვა იქ მიმდინარე მოვლენებზე, თან სიმბოლური საჩუქარიც ჩამოუტანია ჩემთვის. კეთილი კაცია, ძალიან თბილი და კაცთმოყვარე ოჯახი აქვს.

 

გვიან ვბრუნდები სახლში. გამუდმებით ვფიქრობ სამსახურზე. ბიზნესიც ჩავარდა და რთულია ოჯახის რჩენა. საქართველოში არასოდეს იქნება ნორმალური ცხოვრება, სანამ არ გადავეჩვევით პარტიული ნიშნით ხალხის დასაქმებას. ძალიან ბევრს უჭირს დღეს ამის გამო. იმედია ყველაფერი დალაგდება, ამის კულტურასაც ისწავლის ქართველი საზოგადოება, დადგება ამის აუცილებლობაც.

 

კვირიდან კვირამდე ოპჯახი და ოპტიმიზმი - ეს მაძლიერებს და მახალისებს!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.