ცოცხალი ისტორიები
ელენე ფიფია - მხატვარი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

 

 

გავიღვიძე, თუ არა, ფანჯარას მივვარდი. სანამ ფარდას გადავწევდი, ვიცოდი, რომ მოღრუბლული იყო. ასეა - ვთქვი გულში. ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ ავდექი. პირველი მე ვდგები, ვაღვიძებ ოჯახის წევრებს, რომლებიც სკოლასა და სამსახურებში გაიკრიფებიან. ბავშვები იზლაზნებიან, სანამ პირველ სართულზე ჩამოვლენ, მანამ არც კი ახელენ თვალებს. ეზარებათ სკოლაში წასვლა. ერთი მენახა ბავშვი (ჩემი ჩათვლით), სკოლაში წასვლა რომ  ეხალისებოდა ისეთი. მათ გამოსაფხიზლელად, ჩემი შეძახილები საკმარისი არ არის, კახაც მეხმარება: არიქა ფეხსაცმელი, არიქა ჩანთა, არიქა ცეკვის ფორმა  და ასე, არიქა-არიქათი და ქოთქოთით ცარიელდება სახლი. გავაცილე...

სახლში შემობრუნებულს, საშინელი მარტოობის განცდა მეუფლება. ეს განცდა მაშინებს, მაგრამ მალევე მტოვებს და მერე ვაცნობიერებ, რომ მე ის მჭირდება. ავდივარ სახელოსნოში, ჩემს სამფლობელოში, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მუზები ვბინადრობთ. კარგად ვიმუშავე. ნამუშევარი სახელწოდებით „გარდაცვალება“, რომელიც დამთავრებულად მიმაჩნდა, არ ვიცი, რა თვალით შევხედე, უცებ მომინდა ცვლილებების შეტანა, თუმცა ამ ყველაფერს ნახატი დიდად არ შეუცვლია. უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევს.

 

დავიღალე, ბავშვების მოსვლამდე დრო მოვიტოვე, ძალას ვიკრებ, რომ აჟიტირებულ შვილებს მზად დავხვდე. გამოვდივარ სახელოსნოდან, ოცნების სამყაროდან, საიდანაც დაბრუნება, ყოველთვის მტკივნეულია ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ჩემი ოჯახი და შვილებია.

 

ახლა გვიანაა, მეძინება და ვფიქრობ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. და კიდევ: ახალ ნამუშევარზე ვფიქრობ, რომელიც ხვალ უნდა დავიწყო. ეს დიდი პროცესია ჩემთვის, ძალიან დიდი...

 

დღე იყო კარგი, მაგრამ მაინც არ იყო კარგი, რადგან მთელი დღე წვიმდა. მე მზე მიყვარს. იმედია ხვალ მაინც იქნება მზე.

 


ტყუილად მქონდა იმედი, სადღაა მზე. დილით წვიმის რაკა - რუკმა გამომაღვიძა. ფანჯარაში გაუხედავად გამიფუჭდა ხასიათი. სწრაფად წამოვხტი და საწოლიდან წამოვყარე ბავშვები. ნახევრადგამოუძინებლები ბუზღუნებდნენ. ჩვეული ალიაქოთით გავაცილე სკოლაში. კარი გამოვიხურე. მარტოობა მეწვია ისევ. მერე ეგეც დავიფრინე, (თუმცა ვიცოდი, მჭირდებოდა). ერთი ფინჯანი ყავა დავლიე და სახელოსნოში ავედი. როცა ცუდი ამინდია, ოთახში ბნელა ხოლმე. ამ დროს ვაღებ კარ - ფანჯარას, რომ მეტი შუქი შემოვუშვა. ვდგავარ და ვემზადები. თავიდან მაფრთხობს უფერული ტილო. გატრუნული ვუმზერ ხოლმე. მერე ისე დავეძგერები, როგორც იერიშით ასაღებ ციხესიმაგრეს. ეს მეთოდი ამართლებს. ტილო სწრაფად იფარება და იწყება მეორე ეტაპი, როცა, კი არ უნდა შეებრძოლო, არამედ უნდა ეფერო და ელოლიავო ნახატს. ეს მთელი სიამოვნებაა, რაც წინ მაქვს მინიმუმ სამი - ოთხი დღე.

 

კარგად ვიმუშავე. თორმეტი საათიდან საათს ვუყურებ. სამშაბათი დატვირთული დღეა. ჩემი შემოქმედების გარდა, ლექსოს შემოქმედებასაც უნდა მივხედო. უმცროსი შვილი, ალექსანდრე საკრავებს ეუფლება. ვიოლინო, ფორტეპიანო, დოლი, საქსაფონი, ჯერჯერობით საკმარისია? - რას იტყვით. ჰოდა თანადგომა ჭირდება ბიჭს. ჯერ მხოლოდ რვა წლისაა, ზეგ გახდება ცხრის.

 

სახლში დაღლილ-დაქანცულები შემოვედით. მე სავარძელში ჩავესვენე, ის კი ვიოლინოს იღებს და უკრავს. მიხარია, ეტყობა, სიგიჟემდე უყვარს მუსიკა. მახსენდება ჩემი ბავშვობა, ოღონდ, მე ხატვა მიყვარდა. იმასაც ვატყობ, რომ ძალიან მგავს და ეგეც მიხარია.

 

დღეს ძალიან ბევრი ვირბინე. თავისუფალი დრო არც მქონია და მზე ვერ მოვისაკლისე. ისე, ცისთვის არც შემიხედავს, გავებუტე, მზე რომ დამიმალა.

 

შევურიგდები? - არ ვიცი, ვნახოთ, ხვალ ვნახოთ...

 


ადრე გავიღვიძე, მაგრამ თვალები არ გამიხელია. ფარდიდან გამოჟონილი მზის ათინათები თამაშობდნენ დახუჭულ ქუთუთოებზე. ვაპირებდი თვალებით გაცინებას, მაგრამ გადავიფიქრე, გამახსენდა მზეს რომ გავებუტე. მერე დავფიქრდი, ჩემი ლექსიც გამახსენდა, მზეს რომ მივუძღვენი. მივხვდი აზრი არ ქონდა გაბუტვას და შევრიგდით მე, ცა და მზე.

 

წავიდნენ ბავშვებიც. კახა სამსახურში გავისტუმრე, უფროსებს ეძინათ ჯერაც. მე ისევ სახელოსნოში შევიკეტე. ჩემი ნახატები მელოდებოდნენ.

 

ვუყურებ დაუმთავრებელ ტილოს, უკვე იკვეთება სილუეტები და იბადება სხვისთვის, თორემ ჩემთვის ცხადია, ვიცი როგორიც იქნება საბოლოოდ. დღეს ოთხშაბათია. რატომღაც თბილისი გამახსენდა. მახსოვს ოთხშაბათი ნაკლებად დატვირთული მქონდა თბილისში. ამის გაფიქრება და ვიგრძენი როგორ მოვწყდი ადგილს. აღარ ვარ სახელოსნოში, ვარ ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობდი წლების მანძილზე. ეს იყო დიდი ხნის წინათ. ჩემი სახლი, ჩემი პატარა ოთახი, ფანჯრები დიდი რაფებით, ზედ დავსკუპდებოდი და ვიყურებოდი შორს, ჰორიზონტს მიღმა. ხან მზის სითბო იღვრებოდა, ოთახში, ხან წვიმას შემოჰქონდა სევდა, ხან კი, ქარი შემომიყრიდა ალვის ფოთლებს. ფანჯრის წინ დარგულ ნაძვის რტოებს ხელით ვეხებოდი და მიყვარდა, უზომოდ მიყვარდა ეს ყველაფერი.

 

მძიმე პირობებში გვიწევდა ყოფნა სტუდენტებს. ჩვენ ოთხმოცდაათიანელები ვართ, რამ არ გადაიარა ჩვენს თავზე. ომი, შიმშილი, სიცივე. ყველაფერი პრობლემა იყო მაშინ. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს. მახსოვს, ცხელი ჭიქებით, რიგრიგობით, როგორ ვითბობდით ხელებს, რომელშიც ძვირფასი სითხე, უშაქრო ჩაი ესხა. პურის რიგებში ხომ ვათენ-ვაღამებდით და თან ღმერთმა იცოდა შეგვხდებოდა თუ არა პური.

 

რამდენჯერ მოვბრუნებულვარ სახლში უპუროდ. მერე რამდენიმე ნაჭერს, ხან ვინ მომაწვდიდა და ხან ვინ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა გვეხატებოდა, გვეწერებოდა. ის კი არადა, ქუჩაში ქარი რომ ფოთოლს მოიტაცებდა, დავსდევდით დასაჭერად, რომ მერე ზედ ლექსი დაგვეწერა. ჩემს მეგობარს შეუნახავს ერთი ასეთი ფოთოლი, მაჩვენა ცოტა ხნის წინ და კინაღამ გული გამიჩერდა ემოციისგან.

 

მიყვარს თბილისი, ხანდახან ისე მომენატრება, ტირილი მინდება. აუცილებლად დავბრუნდები. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. ვნახოთ ეს  ყველაფერი ღმერთს მივანდოთ.

 

დღეს ისევ ლექსოს რეპეტიციებით დავკავდი. საგამოცდო პროგრამა შეურჩიეს, რიდრინგის კონცერტი ვიოლინოსთვის. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მე გამოფენისთვის უნდა მოვემზადო, ლექსო კონკურსისთვის. იმედია ეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.

 

როგორც ყოველთვის, ძალიან დაღლილი ვარ საღამოს. ისეთი დაღლილი, რომ სახვალიოდ ვერაფერს ვგეგმავ.

 

უი, ხვალ ლექსოს დაბადების დღეა. სტუმრები მეყოლება. ასე, ოცდახუთი ბავშვი, მაგარია არა?...

 

ელენე მზად ხარ ბრძოლისა და თავდაცვისათვის? ვეკითხები საკუთარ  თავს. ვაიიიიი...

 

ახლა მეძინება, ხვალ, ხვალ მოვიფიქრებ რამეს.

 


განსაკუთრებული დღე იყო. ლექსოს ცხრა წელი შეუსრულდა. როცა გინდა რაიმე განსაკუთებულად კარგი გამოგივიდეს, არ გამოდის ხოლმე. ხშირად  ზედმეტი მონდომება საქმეს აფუჭებს, ამიტომაც ძალიან არ მოვინდომებ და არ შევუდგები დაწვრილებით იმის მოყოლას, რაც იყო. შეიძლება ისე  ვერ დავხატო, როგორც იყო და გული დამწყდება.

 

მოკლედ, წარმოიდგინეთ, დიდ, ლამაზად მორთულ დარბაზში შეკრებილი, ოცდახუთამდე ცხრა-ათი წლის გოგო-ბიჭი. მათი ლამაზი სიცილი, შეძახილები, სირბილი და გულწრფელი აღტაცება ტორტის, ჯამბაზის, ფერადი ბურთების დანახვაზე. ხმაური, ხმაური, ისეთი, რომელიც დიდად არ  გღლის, იმიტომ რომ ეს ბავშვების ჟრიამულმა დაბადა. ეს ხმაური სახლშიც გამომყვა, საძინებელშიც შემომყვა, თვალი რომ დავხუჭე, მაშინაც არ დამტოვა, მაგრამ არ შემაწუხა, პირიქით, იავნანასავით ჩამრჩა ყურში და როგორ გავიპარე ძილში, არც გამიგია.

 


დღეს ნამდვილი მარტის ამინდია. ხან ცივა, ხან ცხელა, ხან მზეა და ხანაც წვიმს. ასე მეცვლება მეც გუნება-განწყობა, როგორც ჩანს მოქმედებს ჩემზე.

 

მგონი გავცივდი, თავი მტკივა. როგორ მინდა მალე გამოიდაროს და დათბეს. ყელში ამომივიდა ზამთარი და გაზაფხულის, მაგრამ ზამთრის დღეებს მიმსგავსებული დღეები. დღევანდელი დღეც გაზაფხულის დღის ცუდი ასლია ნამდვილად.

 

ირგვლივ ყველაფერი ყვავის და ცივა. აბა ეს არის გაზაფხული? - არ მინდა. მომიწევს მგონი ისევ გაბუტვა მზესთან, იქნება და ისევ ვედრება ჯობდეს.

 

- „მზეო, ჰე მზეო,

როგორმე იქნებ მეც შენად ვიქცე,

გავხედავ სევდით, შენით გამთბარ იღბლიან ჩიტებს

და გევედრები, იქნებ ჩემთვისაც გამოიმზეო“

 

არ ვიცი, შეისმენს თუ არა მზე ჩემს თხოვნა-მუდარას, მე კი ქუჩაში გამოვედი და მოედანზე ხალხმრავლობა შევნიშნე. ნეტავ რა ხდება? რა თქმა უნდა მიტინგი, პროტესტი, დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით. დავიღალეეეეე. 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო და არ დამთავრდა. სულ არ მინდა ეს ყველაფერი მეხებოდეს, მაგრამ მეხება მაინც. ვერ ვემალები.

 

ნუთუ მართლა ფრთები უნდა გამოვისხა და გავფრინდე, ცას მივაშურო? ჯობია ნამდვილად, მაგრამ როგორ? მე ხომ ჩიტი არ ვარ, არც ანგელოზი. ერთი, ცოდვებით დამძიმებული ადამიანი ვარ, რომელსაც გაფრენა სურს და არ აქვს ფრთები, ფრთებიიიიიიიიი, სადღაა ფრთები?...

 

... და მაინც, მიკვირს, რომ, ერთი უჟმური, გადარეული ქალი ასე ძალიან ვუყვარვარ ადამიანებს. მათ მე ასე მივმართავდი:

 

„რას ეძებ ჩემში,

ვინა ვარ შენთვის,

რა გიპოვია.

იქნებ, შენ შეცდი,

შორს გაიხედე,

ჩემს გაღმა, სადღაც გადაღმა,

ცხრა მთას იქით,

ან იქნებ ცაში,

ზღვაში,

არა მიწაზე.

ეძებე ყველგან,

ოღონდ მიწიდან ნუ აიღებ,

წაგართმევს ისევ.

მიწისფერია დღეს ყველაფერი,

მე მზისფერს ვეძებ.“

 

...

 

და მაინც, მიხარია, რომ ვუყვარვარ მათ. მეც ვცდილობ, მიყვარდეს ისინი. სიყვარულია ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, სიცოცხლე, თავგანწირვა  და  უბრალოდ არსებობაც კი. ძალიან ბევრს ვფიქრობ. რა არის და როგორია სიყვარული, როგორი ფერი აქვს, როგორი სუნი, შეიძლება თუ არა შეხება, შეგრძნება მისი. იქნებ მართლა პერპენდიკულარულია და თან ბრუნვადი? ნარინჯისფერია თუ წითელი, იქნებ ლურჯია, ან სულაც ყვითელი? ვინ იცის ვისთვის როგორ.

 

და მაინც ადამიანებო, იქნებ ამიხსნათ, რა არის სიყვარული?

 

 

რა ბედნიერებაა, როცა შემიძლია, ცოტა გამოვიძინო. შუადღემდე საწოლში კოტრიალი არასდროს მყვარებია, მაგრამ არც დილაუთენია ადგომაა დიდად  სასიამოვნო. მოკლედ ასე, შაბათ-კვირას განსხვავებული რეჟიმი მაქვს, თუმცა არანაკლებ დატვირთული, პირიქით, შეიძლება ითქვას, უფრო დატვირთულიც კი. კიდევ კარგი, ჩემი ქალიშვილი ანასტასია თორმეტი წლისაა, უკვე და არ ჭირდება კუდში დევნა, თვითონ უძღვება თავის საქმეს მშვენივრად. გუშინ ძალიან გამახარა. ქართულში, თემა დაწერა და მაღალი შეფასება მიიღო. ასეთ სურპრიზებს ხშირად მიწყობს ხოლმე, კარგი გოგოა, მაგრამ როგორც ყველა უფროსი შვილი, მუდამ დაჩაგრულია და ამას ძალიან განვიცდი. როგორც კი კალთაში ჩავისვამ და მოვეფერები, ეგრევე ლექსო  დაგვადგება თავზე და იტყვის-დედა ჩემია. ისე, რომ ვთქვათ, როგორც ყველა გოგო, ტასოც მამას ჰგავს და მამიკოს გოგოა. ეს არის სიმართლე.

 

როგორც ყოველთვის, დღესაც მე და ლექსო შემოვრჩით ერთმანეთს და მთელი დღე რეპეტიციიდან რეპეტიციაზე გადარბენაში გავატარეთ. ერთი სიახლე გვაქვს მუსიკის დარგში. საქსაფონის მასწავლებელმა ინსტრუმენტი სახლში გამოგვატანა. აი ახლა კი ნამდვილად ავშენდით. ისედაც ყურთასმენა გვქონდა წაღებული. დღეს კი დავაგვირგვინეთ. საქსაფონის გუგუნმა ყველაფერი გადაფარა. სახლს, ლამის სახურავი ახადა და მეზობლებმაც გამოყვეს თავები ფანჯრებიდან, ნეტავ რა ხმააო. ესეც ასე. რას ვიზამთ, სწავლობს ბავშვი.

 

იშვიათობაა ისიც, რომ კახა სახლშია. ადრე მოვიდა და ბავშვებიც მშვიდად არიან. განიცდიან, როცა სამსახურიდან მოსვლა აგვიანდება. ზარს, ზარზე უშვებენ, არ ბეზრდებათ რეკვა, სანამ არ მოვა, არ ისვენებენ.

 

რაღაცა მინდა, ჰო, წიგნის წაკითხვა. სულ ვფიქრობ, ჩემს გიჟურ გრაფიკში, კითხვა სად ჩავაკვეხო. ხატვაც მინდა, მაგრამ შაბათ-კვირას რომ ვერ ვახერხებ, ამას შეგუებული ვარ და დიდი მოთმინებით ველოდები ორშაბათს. ლექსებიც რა ხანია არ დამიწერია, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევუკვეთავ საკუთარ თავს. არ მეწერება და რა ვქნა. რაღაც უნდა მოხდეს განსაკუთრებული, რომ დავწერო, განსაკუთრებული კი ჯერჯერობთ არაფერია.

 


კვირიდან კვირამდე დღეები როგორ გავიდა, არც გამიგია. არც ის შემიმჩნევია, კვირიდან კვირამდე, პაწაწინა კვირტები, როგორ  გადაიქცნენ   ფოთლებად. დღეს უბრალოდ ერთბაშად მომხვდა თვალში, ჰაერში გაბნეული მწვანე ტონალობა, ალაგ-ალაგ ღია ვარდისფერი ლაქებით, რომლებსაც აყვავებული ატმის ხის ყვავილები ქმნიდნენ.

 

2015 წლის 22 მარტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი გაზაფხულია, თუმცა, ისეთი სიცივე, როგორიც დღეს იყო, ზამთარშიც არ ყოფილა. მეცოდებიან ხეები. დღეს ისინი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც სახეზე უაზრო, ღიმშერჩენილი ქალები, რომელთაც, გაპრანჭულებს, ზეიმისთვის განკუთვნილი ადგილისთვის ვერ მიუღწევიათ. იმედია მათ მარტი დაინდობს და შერჩებათ ტანზე ულამაზესი კაბები.

 

ხვალ ისევ ორშაბათია, ახალი კვირეულის დასაწყისი, თუმცა არაფრის დაწერას არ ვაპირებ, არ მეწერება.

 

აქამდე ისიც არ შემიმჩნევია დრო ჩქარა რომ გადის და რომ ვბერდები. ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს. გაგრძელდება მანამ, სანამ გავალ ამ ქვეყნიდან. რა არის გასვლა, გარდაცვალება, სიკვდილი?

 

გარდაცვალება  ყოველთვის არ ნიშნავს სიკვდილს. სიკვდილი კი, როცა ფრთებს ვერ გავშლი და ოცნების ფერად სივრცეებს ვერ შევუერთდები, მაშინ იქნება.

არა, არ მინდა. ისევ მზეზე და გაზაფხულზე ვილაპარაკებ, ისევ იმ სიხარულის მიზეზე,  მზე და გაზაფხული რომ ჰქვია.

 

მზე ყველაფერია, მზე თბილია, ხან  ცხელი, ცივი - არასდროს. მზე ყვითელია, ყვითელზე ყვითელი. როცა გული ეტკინება, ლურჯდება. მზე ხან ანათებს, ხან აბრმავებს, ხან კლავს, მაგრამ მაინც ერთადერთია, ის მზეა.

 

ყველაფერი მისკენ მიილტვის, ფიქრებიც კი.

 

„შეგიძლია, წარმოიდგინო,

 

როგორ მიჰქრიან ფიქრები შორს,

 

როგორ ტოვებენ მიწას და მიირწევიან მზისკენ“.

 

ასე მიიწურა კვირა დღეც. მე კი კვლავ თავაწეული დავდივარ ქუჩაში და ღრუბლებში გაჩხერილ მზეს დავეძებ, რომ კიდევ ერთხელ, ხმამაღლა შევღაღადო.

 

„მზეო, ჰე მზეო, გთხოვ, არ დამტოვო, იყავი ჩემი“.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.