ცოცხალი ისტორიები
ლელა ქებურია - პარლამენტარი
FaceBook Twitter
E-mail Print
ლელა ქებურია საქართველოს პარლამენტის წევრია პარტია „ევროპული საქართველოდან“. 2017 წელს იყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი ამავე პარტიიდან.

...

ბოლო დროს სახლში ყოფნა დიდ ფუფუნებად მექცა…

თუ სახლში ვარ, დილა ელენიკოს ბაღში გაცილებით იწყება. გაგიკვირდებათ და ეს ჩვეულებრივი ამბავი ჩემთვის რუტინა აღარ არის. თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს ამას და ახერხებს, ერთ საათში გამათბოს, გამამხიარულოს, გამაბრაზოს, ენერგიისგან დამცალოს და ამავე დროს საოცარი ენერგიით დამმუხტოს.

გადავწყიტე სკოლაში გავიარო.

ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა ის ადგილია, სადაც ყოველთვის მომინდება დაბრუნება. აქ ყველა და ყველაფერი ჩემია.

აქ ვიყავი შვილიც, მოსწავლეც, მშობელიც და მასწავლებელიც. ყველა ეტაპზე, ყველა სტატუსით საინტერესო, ახლობელი, მშობლიური. დღეს მშობლის სტატუსით მივდივარ. ნინის აბიტურიენტობის მონიტორინგს ვატარებ, რასაც როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ შევუთავსებ მეგობრებთან ურთიერთობას.

...

დღეს სესიის დღეა. დილიდან ქუთაისის გზას დავადექი.

პარლამენტის შენობა ხელისუფლების ბუნების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია. რაც მემკვიდრეობით ერგო, არაფერი არ ვარგა და ამის სადემონსტრაციოდ ძალ-ღონეს არ იშურებს, ანუ არაფერს აკეთებს. ბალახიც კი მოუთიბავია.

როგორც ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ტრადიციულად 12 საათზე დაანონსებული სესია გაჭირვებით იწყება 13:30-ზე. უმრავლესობის წევრები უხალისოდ ემზადებიან რეგისტრაციისთვის. გოგორიშვილი ითვლის, ნამდვილად არის თუ არა ქვორუმი.

სხდომა ოთხშაბათს განცხადებებით იწყება და აქაც უმრავლესობა ტრადიციას არ არღვევს, ჩვეული დითირამბები ხელისუფლებას. ამ შენობაში ხვდები, რომ ოცნება რაღაც პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, სადაც ყველა ბედნიერი, უზრუნველყოფილი და რეალიზებულია. ეს ჩვენ, ოპოზიციას გვეჩვენება კორუფცია, გაჭირვება, კრიმინალი და ფაროსანები, რაშიც რა თქმა უნდა "რუსთავი 2" გვეხმარება.

...

დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს. დღის ბოლოს უმრავლესობა კიდევ ერთხელ ახერხებს კუნთების მოსინჯვას. ვეტო დაძლეულია..

გიხაროდეს საქართველო…

...

მორიგი სასესიო დღეა…

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „ევროპული საქართველოსთვის“.

დღეს პარლამენტმა „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ უნდა იმსჯელოს, შემდეგ ზურა ჭიაბერაშვილი „ევროპული საქართველოს“ საგადასახადო ინიციატივებს წარადგენს, რაც ჩვენი გათვლებით საგრძნობლად შეუმსუბუქებს საქართველოს მოსახლეობას მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

მუხთარლიზე მსჯელობისას ხან ინიციატივის სათაური დაგვიწუნეს, ხან ტერმინოლოგია, ხან წინადადებების აგებულება შინაარსის მიხედვით. ბოლოს ისიც გვითხრეს, მართალია მეტად საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს, ის კითხვები რაც თქვენ დასვით, ჩვენც გვაქვს, მაგრამ თქვენ არ მოგვწონხართ და ამიტომ მხარს ვერ დაგიჭერთო…

ისიც მოვისმინეთ, უდავოდ „ევროპული საქართველოს“ წევრები ძალიან ჭკვიანები და განათლებულები ხართ, მაგრამ ამ თქვენს ჭკუას და გონებას ვირტუოზული დემაგოგიისთვის იყენებთო.

ჰოდა, აბა როგორ შეიძლება ასეთ მყარ არგუმენტებს შეეწინააღმდეგო.

არ მოვწონვართ ამ ხალხს.

ისევ ქართველი ხალხის ბრალია ამ „პატიოსან“ უმრავლესობას ასეთი ოპოზიცია რომ შეურჩია.

ჯობს ისევ ქვეყნის იმიჯი შეილახოს…

„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამებზეც გვითხრა უარი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლიანობის ზრდაზეა ორიენტირებული.

პრიორიტეტი ხელისუფლების კეთილდღეობაა.

ჩვენ არ დავიღლებით.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასეთი ხელისუფლების პირობებშიც კი, ოპოზიცის წნეხი მნიშვნელოვანია.

კვირიკაშვილის ინიციატივაც, მიუხედავად არასრულყოფილებისა, ამ დაუღალავი შრომის გამოძახილია.

...

დღეს კვირაა.

სადღესასწაულო ოჯახური ვახშამი უნდა მოვამზადო.

ეს უცვლელი ოჯახური ტრადიციაც განსაკუთრებულია, თუ სამივე შვილს ერთ მაგიდასთან მოვუყარე თავი.

ბოლო დროს ამასაც იშვიათად ვახერხებთ, თუმცა დღეს განსაკუთრებული დღეა.

სამი სხვადასხვა ასაკის ქალიშვილი მყავს.

სამივე განსხვავებულია, ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე არიან და განსხვავებული გამოწვევები აქვთ.

რამდენიმე დღეა ოჯახში სიახლე გვაქვს. თამუნა დაოჯახდა და ჩვენი დიდი ოჯახი ერთი წევრით გაიზარდა.

2018 წელი ჩემი სამივე ქალიშვილისთვის მნიშვნელოვანია.

თამუნა ოჯახურ ცხოვრებას შეუდგა, ნინი სტუდენტი უნდა გახდეს, ელენე მოსწავლე. სამივე თავისებურად ემზადება სიახლეებისთვის.

მე და გია (ჩემი მეუღლე) თანაცხოვრების ოცდამეხუთე წელიწადს ვითვლით. ბევრი ვიარეთ ერთად, ბევრი ვიბრძოლეთ ერთად. ტკივილიც ერთად გამოვიარეთ, სიხარული და ბედნიერებაც. ხელი არასდროს გაუშვია ჩემთვის.

დღესაც, ამ კვირა დღეს, ხელიხელჩაკიდებულები ვსხედვართ მაგიდის თავთან, ვუყურებთ ჩვენი შვილების მოციმციმე თვალებს, მოკაშკაშე ღიმილს და არაფრის გვეშინია.

ბევრს ვიშრომებთ.
ბევრს ვიბრძოლებთ.
ისინი იმსახურებენ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას.
ჩვენ ამას შევძლებთ!

...

დღეს აგრარული კომიტეტია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ანგარიშით უნდა წარსდგეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ცნობილი იყო ამ მავნებლის შესახებ, ხელისუფლებამ ორი წლის განმავლობაში გააკეთა ის, რომ დაგეგმა 2018 წელს შესასრულებელი სამუშაოები.

შარშან კოლოსალურად იზარალა სამეგრელომ. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მწერის პოპულაცია ვერ შემცირდა და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, წელს მავნებელი საქართველოს სხვა რეგიონებსაც შეუტევს.

კომიტეტის დაწყებამდე მინისტრის განცხადებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „ფაროსანა არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მწერი და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებული არისო“.

ხელისუფლება ისევ და ისევ ვერ აფასებს სათანადოდ რისკებს. შიდა პოლიტიკურ კინკლაობებს ეწირება მოსახლეობის ინტერესები. ამასობაში, კალაძე ოპოზიციას აფასებს ისევ იგივე დამოკიდებულებით - ვერ წარმოუდგენია, რომ ოპოზიცია მარგინალი თუ კონსტრუქციული ქართველი ხალხის არჩევანია და ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს.

თავის მხრივ, ოპოზიცია, რომელიც თავის თავს მთავარ ოპოზიციას უწოდებს, ივანიშვილის თამაშში ერთვება და ოპოზიციის გაერთიანების სურვილს ჩანასახშივე კლავს.

...

საღამოს მორიგი ბაზრობა იწვის…

ცეცხლის ალშია გახვეული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. სასოწარკვეთილი, თვალცრემლიანი მაღაზიების მეპატრონეები განწირული ხმით წყევლიან ხან ივანიშვილს, ხან გამჩენს. მზად არიან აგიზგიზებულ ალში შევარდნენ, ოღონდ კი ხვალინდელი დღის იმედი გადაარჩინონ.

მარტო ერთ კაცს ძინავს მეფურ ძილით. სტაფილოს წვენით კალაძის სადღეგრძელო დალია და დაიძინა. ხვალ ახალი დღე გათენდება. კორცხელის სასამართლოა ჩანიშნული. მოწმედ ვარ დაბარებული ზუგდიდის სასამართლოში…
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.