ცოცხალი ისტორიები
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
FaceBook Twitter
E-mail Print
...

ორშაბათია კვირის პირველი დღე, დღე რომელიც იმედით თენდება ჩემთვის და არასდროს მტოვებს. ბიჭებს ვაღვიძებ. სკოლაში უნდა გავაცილო. მერე სამსახურში უნდა წავიდე. როგორც ყოველთვის დღესაც ვიგვიანებ. იქ სულ სხვა გარემო მხვდება, თბილი, ოჯახური, ყველა რომ გიგებს და თუ გაგვიანდება, მიზეზს არ გეკითხებიან, რადგან იციან, თუ რატომ ხარ ასეთი არაპუნქტუალური. ჩემი შვილი, ჩემი პირველი სიხარული აუტისტური სპექტრის მქონეა, რომელსაც მუდამ სჭირდება დედა გვერდით. 10 საათზე მიდის სკოლაში და მეც იძულებული ვარ ვიყო არაპუნქტუალური. დილამშვიდობისა - ვესალმები თანამშრომლებს და ჩვეულებრივ ვიწყებ მუშაობას. დღე არაფრით იყო განსხვავებული. 5-ზე შევიკრიბეთ. გუკა სამეცადინოდ წავიდა, ნიკუშა სპორტზე. მალე დაბრუნდებიან. მე ისევ ისე ვარ მოლოდინში. უნდა იმეცადინონ. მერე ცოტა დროს ითხოვენ და მეც ვთმობ. დაღლილებს ვაწვენ და დილამდე ასე სძინავთ, მე კი დაღლილი ვულაგებ დილისთვის აუცილებელ ნივთებს და გულში ჩუმად ვიმეორებ - ღმერთო, ბედნიერი დილა გაგვითენე.

მზიანი, გაზაფხულისთვის ჩვეული დილა გათენდა. გუკას ჩუმმა ჩურჩულმა გამომაღვიძა. დედა ჩამეხუტე - ასე იწყება ყოველთვის, როცა ის ჩემზე ადრე იღვიძებს. ჩავეხუტე. საოცარი სითბო გივლის ამ დროს ტანში. ჩამძინებია. დღეს რთული დღეა, ქართულში ტესტირება აქვს. ნერვიულობს. მეც გადმომედო. ნიკო ამხნევებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე, ფერება-გამხნევებაში გავაცილე ბიჭები. მე ისევ ჩვენს აფთიაქს მივაშურე. ნიკომ გამომიარა და შინ ერთად დავბრუნდით. ისევ სწავლა, ისევ ემზადება ხვალისთვის. თუმცა არა, ხვალ 9 მაისია. ვისვენებთ. მთელი ოჯახი ერთად ვიქნებით, რაც იშვიათია ჩემი მიზეზით. მამასთან უფრო ხშირად არიან. გუკა ცქმუტავს. უხარია. ხვალ 9 მაისიაო? ასჯერ კითხულობს ერთი და იგივეს. აინტერესებს რა მოხდა 73 წლის წინ. ვუხსნი და ისიც კითხვიდან კითხვას გიბრუნებს. დღე ისე გაატარეს, როგორც უნდოდათ. ძლივს ვაწვენ. აპროტესტებენ. ხვალ სკოლა არ აქვთ. გუკა ტესტის ათი ქულისთვის ერთი საათით თამაშს ითხოვს. უძლური ხარ. მართლა დაიმსახურა.

9 მაისია. დილა, რომლის გათენებასაც გუკა სასწაულად ელის. დედა გილოცავო, - მეხუტება. ფიქრებით შორს ვარ, ბავშვობაში, იმ დროში, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბიჭები წამოცვივდნენ. გახარებულები არიან. ფილმს უნდა უყურონ. „ჯარისკაცის მამას“ მერამდენედ უყურებენ. მათთვის მაინც პირველივითაა. დღე ოჯახმა ერთად გავატარეთ, მშვიდად და ბედნიერად.

ძალიან მეშინია დღევანდელი დღის. შინაგანმა შიშმა შემიპყრო. დღეს ცენტრში ორ ბავშვს ვაფასებთ. დიაგნოზი უნდა დაუსვან, არიან თუ არა აუტისტური სპექტრით. ღმერთს ვევედრები არ დაუშვას, რომ კიდევ ერთი დედა შეემატოს ჩვენს რიგებს. ბიჭები სკოლაში გავაცილე. თითქოს დროც გაჩერდა. პირველი შეფასება დაიწყო. არ არის. ბედნიერი დედა, გავიფიქრე გულში. ის ვერ ხვდება რა ხდება. მე ვიცი, მე გამოვცადე ეს წუთები. მიხარია, რომ ერთი დედა გადაურჩა ტკივილს, რაც გადავიტანე. მეორე საეჭვოა, ისევ უნდა შეფასდეს რაღაც დროის შემდეგ. არ იქნება, მე ასე მინდა! თითქოს ჩემზე იყოს დამოკიდებული. ჩემი 9 წელი გადავაფასე. მაინც ბედნიერი ვარ, დღევანდელი დღეც იმედიანად დამთავრდა.

დღეს პარასკევია, კვირის ბოლო სამუშაო დღე და მიხარია. დილიდან კარგ განწყობაზე ვარ. ჩემი გოგონები ჩამოდიან თბილისიდან. ჩემს გოგონებს ცენტრის ფსიქოლოგებს ვეძახი. ერთ კვირიან ტრენინგებს ესწრებოდნენ. მოდიან ახალი შემართებით, იმედად ასობით დედის, რომლებმაც საკუთარი შვილის ბედი მიანდეს. ღმერთო, მშვიდობიანად ატარე ჩემი გოგონები. მაკამ დამირეკა. ხვალ პირველი არხიდან სტუმრები გვეყოლება. მიხარია, ძალიან ბევრ დედას გადაიღებენ. კვირას შეხვედრაც დაუგეგმავთ. არ ვიცოდი. ცუდია კვირა დღის დაკარვა, მაგრამ არაუშავს, ესეც დამთავრდება მალე იმედით.

კიდევ ერთი დღე გათენდა. მე სამსახურში უნდა წავიდე. შვილებს მამას ვუტოვებ. თურმე ვისვენებთ. გამიხარდა. ბიჭებიც გაიხარებენ. ბებო გვეწვია. მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიწყო აფხაზეთიდან. ჩვენ ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ გადასვლას. ბიჭებმა გაიხარეს ბებოს ჩამოსვლით. გვერდიდან აღარ შორდებიან. ცენტრში ისევ აფუსფუსდნენ გოგონები. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ თერაპიები დაიწყო და მიხარია.

დღეს კვირაა. თვალი გავახილე და გავიფიქრე, ცუდია, უნდა ვისვენებდე, მაგრამ შეხვედრები გვაქვს. ძალიან დავიძაბეთ. არ ვიცი, ვერ მივხვდი რა იყო შეხვედრის მიზანი და რა გაიგეს. გაურკვევლად დაგვტოვეს და წავიდნენ. ძალიან გავბრაზდი. ისეთი ბრალდებები იყო, რაღაც გაუგებარი, დაუმსახურებელი, რისი ღირსებიც არ ვიყავით. რას ვიზამთ, ზოგს თავისი თავი ჰგონია მართალი, მე კი ღმერთისთვის მიმინდვია. შურიანს და უღირსს ხომ ვერ შევებმევი, უფალმა განსაჯოს. მაინც კარგად მთავრდება ეს დღეც. ჩვენს საყვარელ ადამიანებს ველოდებით სტუმრად. ყოველგვარი ცუდი უკან რჩება. ჩვეულებრივ ვაგრძელებთ დღეს. რამდენიმე მშობელს ჩაწერენ გადაცემა „მშობლის დღიურისთვის“. მიხარია, დღევანდელი დღე ემოციებით იყო სავსე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან ხვალინდელი დღის დიდი იმედი მაქვს. ხვალ ორშაბათია, კვირის პირველი დღე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გზების ჩაკეტვამ ქალაქში საცობი გამოიწვია.
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.