ცოცხალი ისტორიები
ბექა ყორშია - აღმოსავლეთმცოდნე
23 წლის ბექა ყორშია ზუგდიდში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბისტიკის მიმართულებით. ერთი წელი სწავლობდა ქუვეითის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, ერთი წელი ისწავლა კაიროს უნივერსიტეტში. ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადის სტაჟირებას.

დღეს 30 მაისია. გუშინ დილით, ასე, ხუთი საათისთვის მობილურის რეკვის ხმამ გამაღვიძა. ნომერი არ მეცნო, მაგრამ გადავწყვიტე მაინც ამეღო. ჯერაც ძილ–ბურანში მყოფმა ჩავძახე ყურმილში:

– გისმენთ...
– გამარჯობა, ბატონი ბექა ბრძანდებით ? – მეკითხება ხმა.
– დიახ, ვბრძანდები... – ჩამეცინასავით.
– შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან გაწუხებთ... – ამბობს ხმა.

ეგრევე გამირბინა თვალწინ განვლილმა ცხოვრებამ, ბოლოს, გონებაში, ქუვეითში, ვაჰაბიტების საერთაშორისო კონგრესზე გადაღებული ვიდეოც ამომიტივტივდა, რომელიც ადრე “ფეისბუკზე“ დავდე... ქუვეითში სწავლის დროს ხშირად დავდიოდი ასეთ კონგრესებზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინტერესის გამო... ღმერთო, რატომ არ გადავაყენე ეგ ვიდეო „only me-ზე“, რა იდიოტი ვარ... ახლა მომიწევს მოდულის შენობაში სიარული და რაღაცების მტკიცება... ციხეში გამომკეტავენ... კვირაში ერთხელ ვიბანავებ... „ობშიაკის“ ფული მექნება გადასახდელი...ამ ფიქრებში ვარ წასული, როცა ინსპექტორი მაფხიზლებს:

– ბატონო ბექა, გესმით ჩემი ?
– დიახ.
– ზუგდიდიდან გირეკავთ. ერთი არაბი არალეგალი დავაკავეთ და ძალიან გვჭირდება თქვენი, როგორც არაბული ენის მცოდნის დახმარება...
– ანუ ვაჰაბიტები, ვიდეოები და ამბები არა ხო ?
– რა ვიდეოები, ვერ გავიგე... – ამბობს ინსპექტორი დაბნეული ხმით.
– აუ, საღოლ! – ჩავილაპარაკე.
– უკაცრავად?
– საწყალი ეგვიპტელი არალეგალი. ვეცდები, რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე.
– უღრმესი მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში.
– აუ, მომეშვა, ბიჯო...
– უკაცრავად, ვერ ვიგებ, რას ამბობთ...
– დილის ხუთ საათზე მირეკავთ, მაღვიძებთ და კიდევ ადექვატურ საუბარს მთხოვთ?
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მითხრა ინსპექტორმა და დროებით დამემშვიდობა.
ასეა. ახალგაღვიძებულზე ყველა აღმოსავლეთმცოდნეს ეპარება საკუთარ თავში ეჭვი.

როცა ოდნავ შევფიზლდი, უკვე მცხეთაში ვიყავი. ტაქსის მძღოლმა გადმომხედა და მეკითხება:

– რა ხმას არ იღებ, კაცო შენა?
– ძალიან მეძინება... – ვუპასუხე.
– გეძინება კაია... მე ამხელა გზაზე მოსაუბრის გარეშე ვერ ვიმგზავრებ... მითხრა ძალიან კატეგორიული ხმით. მერე დაამატა:
– ხო, რას მიყურებ თევზის თვალებითა... მელაპარაკე ახლა რამე, თორემ ჩამეძინება და შევასკდებით „სტოლბასა“... – ხმა არ გამიღია, ისევ მივნაბე თვალები. ძილში კი ბუნდოვნად ჩამესმოდა წინადადებები ტაქსისტის მონოლოგიდან: „აბა, ამერიკა ჯობია ?“, „რუსები ქრისტიანები არიან, ამერიკა კიდე იაღოველებისაა...“, „აფრიალებენ აქ ფერად–ფერად დროშებსა...“, „არ მისმენ ? გძინავს, კაცო, შენა ?“
...
„ჩავედიით, შვილო, ჩავედიიით...“, ჩამძახა ტაქსის მძღოლმა და შემანჯღრია. თვალი როგორც კი გავახილე, მაშინვე ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის შინდისფერი კედლები დავინახე. მე–10 კლასამდე აქ ვსწავლობდი. ეზოში მოსწავლეები, მასწავლებლები და მათი მშობლები ერთმანეთში ირეოდნენ, ფერადი ბუშტებითა და სხვა ზიზილ–პიპილოებით მორთული სცენაც გაემზადებინათ. „რაღაც პრაზნიკს აწყობენ პამოემუ“, ჩაილაპარაკა მძღოლმა, „ალბათ...“ – ვუპასუხე მე. რას ვიფიქრებდი, თუ მიხეილ ხუბუტიას დასახვედრად ემზადებოდნენ ასეთი რუდუნებით. ზოგადად, ძალიან ნერვიული ვარ და ბევრ რამეზე ვღიზიანდები, მაგრამ ამ ამბავმა მართლა ძალიან დამზაფრა. არ მეგონა, პუტინის მარჯვენა ხელს ასეთი ხელგაშლილი თუ დახვდებოდა „მშობლიური სკოლა“, „ცოდნის ტაძარი“. არადა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სულ ახლახან მივაბარეთ მიწას. „ხალხს უჭირს...“ იტყვის მავანი და ასე ირიბად გაამართლებს შუახნის კონფორმისტთა მთელს იქ მყოფ დასს, რომელიც დორბლმდინარი ელოდა „დამსახურებულ ჯილდოს“. მე მაინც უმცროსკლასელი ბავშვები მეცოდებიან. გაიზრდებიან და ნახავენ, სად დააყენეს მათმა მშობლებმა, ვისთვის აკვრევინეს ტაში.

სამხარეო პოლიციაში უკვე შუა დღის თორმეტისთვის ვიყავი. „აქეთ მობრძანდით“, მითხრა ინსპექტორმა და ოთახში შემიპატიჟა, სადაც ეს ახალგაზრდა არაბი დამხვდა. ცოტა ვისაუბრეთ. საკითხში გავერკვიე, დაკავებულის ისტორიაც მოვისმინე, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ მოგიყვებით. არადა, ისეთი საინტერესო ამბავი გადახდენია თავს, ხელები მეფხანება, რომ დავწერო.

მთელი დღე მასთან ერთად გავატარეთ მე და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. კაპეზედან გამოსახლება, დაკითხვა, სასამართლო სხდომა და ა.შ. ძალიან დავიღალე. დღის ბოლოს მამაჩემმა დამირეკა:

– გავიგე ზუგდიდში ჩამოსულხარ... არ უნდა გამოგვაკითხო სახლში ? – მითხრა საყვედურნარევი ხმით.
– როგორც კი საქმეს მოვრჩები, გამოვირბენ... – ვუთხარი. არადა ხომ ვიცოდი, მაგის დრო არ მექნებოდა.

სასამართლო რომ მორჩა, გარეთ გამოვედით. ის იყო, მანქანაში უნდა ჩავმსხდარიყავით, როცა უკნიდან მესმის:

– ალაჰ აქბააააარ ! – ყველანი შეცბუნებულები შევტრიალდით და რას ვხედავ, საპარიკმახეროს წინ, ჩვენგან რამდენიმე მეტრში, თავის ძმაკაცთან ერთად დგას მამაჩემი და ქირქილებს.
– ეს ვინაა ? – მკითხა ინსპექტორმა. მეც არ დავიბენი და სიცილით ვუპასუხე:
– ერთი სირიელი ლტოლვილია, ძველი მეგობარი... მოვალ ორ წუთში.

მამა გადამეხვია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ვერც ცუდს დავარქმევდი. ერთმანეთს ვიტანთ... 10–15 წუთი მაინც.
...
თბილისში ჩამოვედი. დღეს ზაზა სარალიძემ ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “ფეისბუკზე“ მეგობრებს მივწერე, პროკურატურასთან გავედით და საპროტესტო აქციას შევუერთდით. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ აქციაზე გვიწევს დგომა. არადა, წესით, პირიქით უნდა იყოს, არა? ხან სახელმწიფოს მიერ მშრომელთა უფლებების ფეხებზე დაკიდებას ვაპროტესტებთ, ხან რუსულ ოკუპაციას, ხან რას და ხან რას... მგონი სტუდენტობის პერიოდში უფრო მეტ აქციას დავესწარი, ვიდრე ლექციას. ნუ, აქციაც თავისებური ლექციაა, ვაღიაროთ. “ფეისბუკზე“ დავპოსტე: „დღეს ზაზა სარალიძეს მეორედ მოუკლეს შვილი. ერთად დგომის დროა!“ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა და ასეც მოხდა. პროკურატურიდან ძველი პარლამენტის შენობის წინ გადავინაცვლეთ. აქ უფრო მეტნი შევგროვდით:

– იცი, მგონი, კულტურული ევოლუციის ახალ ეტაპზე გადავედით... – მითხრა აკამ, ჩემმა მეგობარმა.
– რა პონტში ?
– „გაუმააარ.... ჯოს“ აღარ ვყვირით აქციებზე.
გამეღიმა. კარგი დაკვირვება იყო ნამდვილად, რომ არა ზვიად კუპრავას წამოძახილი ტრიბუნიდან:
– საქართველოს გაუმააააარ...
– ჯოს... ჯოს... ჯოს...
აკას შევხედე:
– ვერ გადავსულვართ...

აქციაზე ბევრი მნიშვნელოვანი რამ ითქვა. ყველას გვაკვირვებდა ზაზა სარალიძის გამძლეობა. ათასი ნაძირალის გამოხტომის ატანა უწევდა, ვიღაცებმა ისიც კი იკადრეს, სარალიძე ნაციონალია და უშუალოდ სააკაშვილი აძლევს მითითებებსო. სახელმწიფომ ანტიპროპაგანდისტული მანქანა აამუშავა. სოციალურ ქსელში იმდენი ტყუილი გავრცელდა, ხალხს უკვე ძალიან უჭირდა ჭორ-მართლის გარჩევა. მერე ვიღაც გოგო ავარდა ტრიბუნაზე – „აბა, სად არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც 12 მაისს ნარკოტიკების გამო იდგნენ აქ? სად არიან ?“. ჩვენც დავიგუგუნეთ „ააააქ ვააააართ !“ იმდენად ბევრნი აღმოვჩნდით, რომ გოგოს ფერი დაეკარგა და ლაპარაკის ხალისი წაერთვა. ასეა, როგორც ძველი კამბოჯური სენტენცია გვმოძღვრავს, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. მე მაგ გოგოს ადგილას ძალიან შემრცხვებოდა. ისე კი, 12-ში ნარკოტიკებისთვის არავინ მდგარა მანდ. ჩვენ ვიდექით თავისუფლებისთვის, რომელიც მოგეხსენებათ, თავის თავში ბევრ კარგ რამეს მოიაზრებს. ნარკოტიკებს რაც შეეხება, არაერთგან მითქვამს და ახლაც დავწერ, რომ ის პრობლემის გადაჭრის ყველაზე დესტრუქციული, საშიში და მომაკვდინებელი გზაა, მაგრამ ნარკომომხმარებელი არაა დამნაშავე, სანამ ათასი სტიგმით, დემონიზებითა გარიყვით ჩვენ არ შევქმნით მისგან დამნაშავეს. მგონია, რომ ნარკომომხმარებლებს დახმარება სჭირდებათ და არა ციხეებში გამომწყვდევა.

წვიმამ დასცხო. ღამის თორმეტისკენ მეგობრებს დავემშვიდობე და კოლმეურნეობის მოედნისკენ ჩავიწიე. ტაქსები სულ გადავსებული იყო. ათი წუთი ვიდექი გაჩერებასთან. მაგრად გავილუმპე. როგორც იქნა, ვერცხლისფერმა პრიუსმა გამიჩერა და ჩავჯექი:

– 7 ლარად ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე გამიყვანთ ?
– რამდენიც გაქვს, იმდენში გაგიყვან... არაა, პრობლემა... ა, პირსახოცი - მითხრა და „ბარდაჩოკიდან“ პატარა პირსახოცი გამოიღო, თუ გაგწვდა, გაიმშრალეო.

თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ამ კაცის ასეთმა სოლიდარობამ მთელი დღის დაღლილობა ერთბაშად მომიხსნა.
...
კაიროში სწავლის დროს, ერთი ცნობილი თანამედროვე ეგვიპტელი მწერლის, ალა ალ–ასუანის რომანის, „ჩიკაგოს“ თარგმნა დავიწყე არაბული ენიდან. ზუსტად 14 თვე ვთარგმნიდი ამ სქელტანიან რომანს. „გამომცემლობა წიგნები ბათუმშის“ აქვს „აღმოსავლური ლიტერატურის სერია“, რომელსაც ჩემი ლექტორი, გიორგი ლობჟანიძე კურირებს. წესით, თებერვალში უნდა გამოცემულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო რაღაც საკითხების მოგვარება. სამწუხაროდ, მაისის წიგნის ფესტივალი ამ რომანის გარეშე ჩაივლის. ახლა უკვე ყველანი ვართ ჩართულები ამ წიგნთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. ყოველ დღე მიდის მოლაპარაკებები ბრიტანულ გამომცემლობასთან, რომელიც „ჩიკაგოს“ საავტორო უფლებების ჩვენთვის გადმოცემას ძალიან აჯანჯლებს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ამხელა შრომა წყალში არ ჩამეყრება.

დღეს წიგნის ფესტივალზე ვიყავი. ბევრი ნაცნობი ვნახე. ვფიქრობ, თანამედროვე ქართული კულტურის სფეროში ყველაზე დინამიური და ცოცხალი მიმართულება - ლიტერატურაა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. ამ ფესტივალზე ძალიან ცოტა წიგნი ვიყიდე, ისედაც ბევრი წაუკითხავი რომანი დამიგროვდა სახლში... ქართველი ავტორებიდან აკა მორჩილაძის „ობოლე“ და ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ ავარჩიე. 2018 წლის ოქტომბერში საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველ ავტორთა ცნობადობას ევროპის მასშტაბით.

ახლა ჩემს ოთახში ვარ, Youtube-ზე Nick Cave-ისა და “The Bad Seed-ის“ ალბომი „Push the sky away” მაქვს ჩართული და სირიის და რუსეთის ურთიერთობებზე ვკითხულობ არაბულად სტატიას. ნიკ ქეივი, ბლიქსა ბარგელდი, ბაშარ ალ-ასადი და პუტინი – უცნაური სინთეზია, დამეთანხმებით. ხვალ გოგი გვახარიას გადაცემაში ვარ მიწვეული სირიის რეჟიმის მიერ ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარებაზე სასაუბროდ. ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სატელიტი ქვეყნის, სირიის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება ძალიან ცუდი პრეცედენტია. რუსეთს საკმაოდ ღრმად აქვს ფესვები გადგმული ახლო აღმოსავლეთში. იმედია, ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდება და რუსების ფული, ან იარაღი რომელიმე არაბულ ქვეყანას მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ არ უბიძგებს.

სანამ დავიძინებდი, მეილი შევამოწმე. ალა ალ-ასუანისთვის მქონდა სამი დღის წინ წერილი გაგზავნილი. ჩემი შთაბეჭდილებები გავუზიარე, პირველ რიგში, როგორც მკითხველის და შემდეგ როგორც მთარგმნელის. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ წერილს ნახავდა, მაგრამ ნახა და პასუხიც მომწერა, რომელიც იწყებოდა ასე: „ჩემო ძვირფასო მეგობარო, ქალბატონო ბიქა...“

ქალი ვგონებივარ.
...
ალბათ ყველაზე ცუდად რაც გამომდის, კამერის წინ ლაპარაკია. ვერაფრით მივეჩვიე. ძალიან ვიბნევი ხოლმე და აზრები გამირბის. გადაცემის დაწყებამდე ისე ვნერვიულობ, რომ მკითხო, რა თემაზე სასაუბროდ ხარ მოწვეულიო, ვერ გიპასუხებ. საბოლოო ჯამში, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მე და გოგის.

სახლში როგორც კი მოვედი, დედაჩემმა პლანშეტი გამომიწოდა, ამას დამიხედეო: „ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა გურამ ცაცა შელიამ “ფეისბუკზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც აცვია მაისური, რუსეთის გერბის გამოსახულებით“ – ვკითხულობდი ნიუსს და თვალებს ვერ ვუჯერებდი. რატომღაც მაინც ეჭვი შემეპარა და გადავწყვიტე, ხსენებული პიროვნების Facebook-ის პირად გვერდზე შესვლით გადამემოწმებინა ნიუსის ავთენტურობა... არ ყოფილა ტყუილი. ბატონი ცაცა ძალიან ამაყად და არხეინად იდგა რუსეთის მაისურში გამოწყობილი, საჩვენებელი თითი „ჯაბჰათ ალ–ნუსრას“ ჩეჩენი ტერორისტივით მაღლა აეშვირა, მისი თვალები კი საერთოდ არაფერს ამბობდნენ. კომენტარებში თავს იმართლებდა, მე რუსეთის ნაკრები მიყვარს და არა რუსეთიო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს „სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან რა შუაშია ?“ იმ დრომოჭმული საბჭოური ნარატივის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, კულტურა და პოლიტიკა ორი განსხვავებული სფეროა და შეუძლებელია მათ ერთმანეთთან რამე აკავშირებდეთ. ამაზე სულ პოლონელი ნობელიანტი პოეტის, ვისლავა შიმბორსკას ლექსი „ეპოქის შვილები“ მახსენდება, რომლის პირველ ნაწილშიც ვკითხულობთ:

„ჩვენ ეპოქის შვილები ვართ.
ეპოქა პოლიტიკურია.
შენი, ჩვენი, თქვენი,
დღის საზრუნავი, თუ ღამის საქმეები -
ეს სულ პოლიტიკური საქმეებია.
გინდა, არ გინდა,
შენს გენებს პოლიტიკური წარსული აქვს,
შენს კანს - პოლიტიკური ელფერი,
შენს თვალებს - პოლიტიკური ასპექტი.
ყველაფერს, რასაც ლაპარაკობ - რეზონანსი აქვს,
რაზეც სდუმხარ - მნიშვნელობა გააჩნია,
მეტნაკლებად პოლიტიკური.
ტყეში თუ სეირნობ,
პოლიტიკურ ნაბიჯებს ადგამ
პოლიტიკურ ნიადაგზე.
აპოლიტიკური ლექსიც პოლიტიკურია.
და მთვარე, თავზე რომ დაგნათის,
ისიც ობიექტია პოლიტიკური“.

მოკლედ, რამდენიმე საათში ათასობით ადამიანმა გააზიარა ეს ნიუსი. ხალხი ცაცას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მეორე დღეს ზუგდიდის მერიიდან დაგვამშვიდეს, გაფრთხილებას მივცემთო. ცოტა ხანში ცაცამ თავისი გვერდიდან ხსენებული ფოტოები წაშალა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაში გამოგვეცხადა. ბევრი ვიცინე.

ძილის წინ დეიდაჩემმა დამირეკა. როგორც ჩანს, ჩემი და გოგის გადაცემას უყურა და უაღრესად სერიოზული ტონით მითხრა:

- შენ ამ პუტინს გადაიკიდებ...