ცოცხალი ისტორიები
მერაბ ქვარაია - პოლიტიკოსი
FaceBook Twitter
E-mail Print
მერაბ ქვარაია არის ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

 

...

 

კვირის პირველი დღე მძიმე დღედ ითვლება და ალბათ ასეც არის...

 

გენკას პირობა მივეცი, საკვირაო დღიური უნდა ვაწარმოო. კარგია, თუ ეს დღიურები რაიმე ღირებულების მატარებელი გამოდგება. კვირის განსაკუთრებული ანგარიშიც მომიწევს საკუთარ თავთან... საინტერესოა...

დღე დილის ლოცვებით იწყება. მე და ქეთი ლოცვას ხშირად  ერთად ვკითხულობთ. ლოცვა საუბარია ღმერთთან. არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ვთვლი, რომ ლოცვა სულიერი ცხოვრების განუყრელი და აუცილებელი ნაწილია, ყოველდღიური შფოთითა და ფორიაქით სავსე გარემოში ჭეშმარიტი ორიენტირები რომ არ დაგებნეს. თუ თავს მარადისობის ნაწილად მიიჩნევ, მაშინ მარადიულ ცხოვრებასა და ღირებულებებზე ფიქრი და ზრუნვაც გმართებს. სარწმუნოების არსი ხშირად არასწორადაა გაგებული და სამწუხაროდ ხშირად არც ის  ვიცით, რომ ქრისტიანობა ყველაზე მებრძოლი რელიგიაა დედამიწაზე ...მე ვამაყობ ამით...


ვასრულებ ლოცვას... იწყება მზადება ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ვესაუბრები დედას, რომელიც დილით ყველაზე ადრე დგება. შესაბამისად ახალ ამბებს ყველაზე ადრე გებულობს და საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებსაც გულუხვად მიზიარებს.

 

ქეთის ველოდები და სახლიდან სამსახურებისკენ ერთად მივდივართ. მე და ქეთი დილით არასოდეს ვსაუზმობთ. რატომღაც ორთავეს ბავშვობიდან ასეთი რეჟიმი გვაქვს არჩეული.


ორშაბათი და ოთხშაბათი ჩემთვის მიღების დღეებია.ეს ისე,ოფიციალურად, თორემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში ყველა დღე მიღებისაა. უამრავი ადამიანი მოდის თავისი სატკივარით. ბევრია პრობლემა, რომელთა გადაჭრა თვითმმართველობას არ ხელეწიფება. გული გიმძიმდება, როდესაც იმედით მოსული ადამიანი შენგან იმედგაცრუებული მიდის. ცოცხლად გრძნობ და ხედავ, თუ რამდენი გასაჭირია დაგროვილი ხალხში. სამეგრელოს და ზუგდიდს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება - ეს ფრაზა მაქვს „აკვიატებული" და მართლაც ასეა. სამეგრელო ბოლო ათწლეულებში ყველაზე მეტად დაზარალდა გარეშე, თუ შინაური მტრებისაგან. ფაქტობრივად საზღვრისპირა, ჩიხურ რეგიონად იქცა ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი თანამოძმით. აფხაზეთი - ქვეყნის ტკივილია, მაგრამ აქ, ზუგდიდში ყველაზე მძაფრად იგრძნობა ეს. აფხაზეთი ჩემი დედულეთია... იქ ჩემი სახლია - დღეს ცარიელი, წინაპართა საძვალეები... იქ ყველაფერი მშობლიურია და ბავშვობას მახსენებს, ამიტომაც განსაკუთრებით მიყვარს აფხაზეთი - ისტორიული სამურზაყანო. მჯერა, იქ მალე დავბრუნდებით...


სამსახურში დრო სწრაფად გარბის, ძალიან სწრაფად...სულ ცოტა ხნის წინ, იქ, ციხეში, სხვაგვარად იყო - იქ წუთი საათს გავდა, საათი დღეს, დღე თვეს, თვე კი საუკუნესავით იწელებოდა ...ციხე და პატიმრობა ჩემი წარსულის განუყრელი ნაწილია.ზოგჯერ მენანება  საპატიმროებში ჩაკარგული ექვსნახევარი წელიწადი,ზოგჯერ კი პირიქით, მახარებს, რომ ამ წლებმა მომცა ის,რასაც სხვაგან ვერსად შევიძენდი. მასწავლა ბევრი რამ, მათ შორის უმთავრესი: გამაცნო პირველ რიგში საკუთარი თავი, მერე თავად ადამიანი, ნაწილობრივ მაინც დამანახა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება. ადამიანი საოცარი და უცნაური ქმნილებაა. უცხო ნივთი რომ იპოვოს, ძირისძირობამდე ჩაჰკირკიტებს, ამ ნივთის დანიშნულებაში  საფუძვლიანად რომ გაერკვეს, მეორეს მხრივ კი, მთელი ცხოვრება ისე ჩაივლის, ერთხელაც არ დაინტერესდება საკუთარი არსებობის ჭეშმარიტი არსით...


სატელეფონო ზარი მაგებინებს, რომ შუკო ჯიქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ვტოვებ სამუშაო ოთახს და მასთან მივდივარ. მომდევნო რამდენიმე საათი შუკოს დარწმუნებას, გამოკვლევებს და საავადმყოფოში განთავსებას დასჭირდა.მძიმედაა ავად.ექიმები მოამზადებენ და ორ-სამ დღეში ოპერაცია ჩაუტარდება. საავადმყოფოში ცოცხლად ვგრძნობ ქალაქელობას, ქალაქურ სიყვარულს, ყურადღებასა და გულისხმიერებას მოყვასისა და ერთმანეთის მიმართ...მადლობა ექიმებს ამისათვის...


სამსახურში ვბრუნდები. მცირე თათბირს ვატარებ არჩევნებთან დაკავშირებით. თვითმმართველობას წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაოების ხელშეწყობა ევალება. ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია.


სამუშაო დღის ბოლოს ქეთის ვაკითხავ სამსახურში და მამა ილარიონთან სტუმრად მივდივართ. ბოლო რამდენიმე დღეა არ გვინახავს. მოძღვართან ფინჯან ჩაიზე სტუმრობა და საუბრები ჩვენი სულიერი საზრდოს - ჩვენი ცხოვრების ორგანული ნაწილია...

 

დღე ჩვენთვის ძილსწინა ლოცვებით სრულდება

 

...

 

დღეს ერთი წელი შესრულდა არჩევნების დღიდან. ბევრისთვის ეს დღე  დაუვიწყარია, მათ შორის ჩემთვის და ქეთისთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავგანწირვის ძალა იპოვა საკუთარ თავში... ეს დღე  რიგით არჩევნებზე ბევრად მეტია. ერმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და იბრძოლა ღირსებისთვის, გადარჩენისთვის... ვთვლი, რომ ეს დღე გმირობის მორიგი ფურცელია ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში. ჩვენ და ჩვენმა თანამოაზრეებმა ყველაფერი დავდეთ ამ ფურცლის დასაწერად. გვახარებს, რომ შევძელით ეს და შევძელით ყველაზე მთავარი - განვლილი მძიმე განსაცდელების მიუხედავად არ გავბოროტდით.

 

ახლა კი, მთავარია ერმა შეძლოს შერიგება და გამთლიანება, უკეთურებისადმი სიძულვილი ერთმანეთის სიძულვილში არ გადაგვეზარდოს. ჩვენ მცირე ერი ვართ, სიყვარულს მოწყურებული ერი. მიუხედავად ყველაფრისა, შანსი შენდობისა და შემობრუნებისა არასოდეს უნდა წავართვათ ერთმანეთს.

 

ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა, ჩუმად, წყნარად, ზედმეტი თავმოწონებისა თუ გამაღიზიანებელი ,,ფიარების“ გარეშე. უმთავრესი ალბათ, მაინც ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით. კრიტიკა ბუნებრივია შეიძლება, თუმცა  არც დაუნახაობა ივარგებს. ისე კი, ,,ჯანსაღი“ ფიარი და წარმოჩენა იმისა, რაც კეთდება, მაინც საჭიროა. როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეს...

 

ქუჩაში მანქანების საყვირის ხმა იქცევს ჩემს ყურადღებას. კოალიციის ახალგაზრდები გამარჯვების ერთი წლისთავს სამანქანო კოლონის მსვლელობით  აღნიშნავენ...

 

დღე ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში გადის. დღის წესრიგში განსაკუთრებულად ორი საკითხია - ყინულის სასახლის მშენებლობისა და ფეხბურთის გუნდის საკითხი. მალე ზუგდიდს ყინულის სასახლე ექნება. ფეხბურთის გუნდი კი, მიუხედავად სასიკეთო ძვრებისა, მაინც ჯერაც  პრობლემების ქვეშაა. გუნდმა მაროკოდან მიიღო  მოწვევა ამხანაგური თამაშისთვის. მთელს ხარჯებს მასპინძელი მხარე ანაზღაურებს. მახალისებს ეს ამბავი...

 

„ათინათიდან“ გია ხასია მესტუმრა. უყვარს თავის ქალაქი და ძალიან საინტერესო იდეები აქვს. მსიამოვნებს მასთან თანამშრომლობა.

 

დღის მეორე ნახევარშიც ასევე კარგ ამბავს ვგებულობ - გურიკა გაბელაია გაათავისუფლეს პატიმრობიდან. დრო ცოტა მაქვს. მივდივარ მასთან სახლში სულ რამდენიმე წუთით. ვულოცავ მას და მის ოჯახს ამ  სასიხარულო ამბავს. პატიმრობიდან  გათავისუფლება  თავისი არსით, მეორედ დაბადების ტოლფასია...

 

დღის ბოლოს ოჯახური ვახშამი გვაქვს. მამუკა და ცისია, ჩვენი ოჯახის ახალი რძალი თბილისიდან ჩამოვიდნენ. მილენა და ქართლოსიც აქ არიან. ყველანი ვიკრიბებით. დედა ვახშმის მომზადებას „დირიჟორობს“. ქეთი შეპირებულ ხინკალს გვიმზადებს.

 

ოჯახში ქვარაიათა საგვარეულო დედა ღვთისმშობლის ხატი ბრძანდება. ხატი შარშან დაიწერა, იკურთხა და როგორც თავის დროზე ცნობილი ივერიის დედა ღვთისმშობლის ხატი სამშაბათ დღეს  მიადგა ათონის მთას, ჩვენი ხატიც სამშაბათობით გადადის ერთი ოჯახიდან მეორეში. დღეს ხატს ვაცილებთ.

 

ჩვენი მოძღვარი მამა ილარიონი (შენგელია) და მამა გიორგი (ჯგუშია) მეუღლესთან ერთად გვსტუმრობენ. მამა ილარიონმა სახლი აკურთხა. გვიყვარს ეს ადამიანები. ზოგს გადაჭარბებული ეჩვენება ჩვენი სიყვარული და პატივისცემა დედა ეკლესიის, სულიერი ცხოვრებისა და მოძღვრების მიმართ. მე  ჩემი აზრი მაქვს. არაფერში ისე არა ვარ დარწმუნებული, როგორც ამ დამოკიდებულების სისწორეში...

 

საღამომ სასიამოვნოდ და რაც ყველაზე მთავარია, სასარგებლოდ ჩაიარა.

 

...

 

დღის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

 

საღამოს დიდი ხნის უნახავი ციხის მეგობრები შემომეხმიანნენ. ზუგდიდს სტუმრობენ, ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახს. მე და ქეთი ერთად მივდივართ მათთან შესახვედრად. ქეთი თითქმის ყველა ჩემს ციხის მეგობარს იცნობს. ან რა გასაკვირია, მთელი პატიმრობა ხომ ჩემთან ერთად გამოიარა, ისე, როგორც შემდგომი ყველა  მძიმე ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში.

 

დღის ბოლოს კოალიციის შტაბში მივდივართ. სამუშაო საათი დიდი ხანია დასრულებულია და კანონით ამის უფლება გვაქვს. მიმდინარე არჩევნები უპრეცედენტო იქნება თავისუფლების ხარისხით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

 

...

 

შუკოს ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. უფალმა გააძლიეროს... კარგი ადამიანია. უყვარს მწერლობა და პოეზია, უყვარს თავის ქვეყანა და ბოჰემური ცხოვრება. ცინცხალი გონება აქვს. უამრავი ციტატა იცის ზეპირად. წლებია ვმეგობრობთ...ის ხელისუფალი, რომელიც არ აღიარებს მწერლის უზენაეს დანიშნულებას, განწირულია, - ამბობს შუკო და მე ვეთანხმები მას.

 

მთელი დღე წვიმს. წვიმა განსაკუთრებულად მიყვარს. რატომღაც ციხის გისოსებიანი სარკმლიდან ნამზირალი წვიმიანი პეიზაჟები მახსენდება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ტკბილ-მწარე მოლოდინი... ციხის ,,კონტროლიორის“  შემოსვლა და ნანატრი პაემანი... მცირე დროში ჩატეული ცეცხლოვანი საუბრები  სიყვარულზე, სულიერებაზე, ხელოვნებაზე, პოეზიასა და მწერლობაზე... ადამიანის არსებობაზე, ჭეშმარიტების არსზე და მარადიულ ღირებულებებზე...ვინ იცის რაზე აღარ... ასეთ წუთებში  დრო არ არსებობდა, არ არსებობდა არც ციხე, არც ტკივილი, არც მიწიერი ამბები... იყო მხოლოდ სიყვარულით გაბრწყინებული  სულების  საიდუმლო, უხილავი კავშირი და საოცრად არამიწიერი, წმიდა ერთობა ... მერე შემოპარებული, უძილო ღამეში  რუდუნებით შედგენილი სასიყვარულო ბარათების მალული გაცვლა და შეთანხმება მომავალ პაემანზე ... ქეთი არასოდეს აგვიანებდა....

 

...იქ იყო ყველაფერი - ცრემლი, სევდა, სიხარული, იყო ერთგულება, ტკივილი, მონატრება, იყო ბრძოლა და იყო თავგანწირვა... იყო მთავარი: საოცრად ლამაზი და საოცრად უჩვეულო,  დიდი სიყვარული...

 

...

 

დილიდან კვლავ გადაუღებლად წვიმს. მსგავსი წვიმები ჩვენს უხუცესებსაც არ ახსოვთ. გვატყობინებენ, რომ ენგური ძალიან ადიდდა, ჯებირები გაარღვია და სოფ.ორსანტიაში მდინარის პირას მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს საშიშროება ემუქრება. ორსანტია ჩემი სოფელია და მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის სპეციალური ჯგუფი დასახმარებლად უკვე ჩავიდა. მაინც ვერ ვისვენებ. მივდივარ სოფელში და თითქმის მთელ დღეს იქ ვატარებ. ჩემი თანასოფლელები და ნათესავები განსაკუთრებული სიყვარულით მხვდებიან. ვნახულობ ჩემს  მეგობარს, რომელმაც ავტოკატასტროფის შემდეგ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. ვსარგებლობ იქ ყოფნით და ჩემი წინაპრების ძირძველ სახლს ვაკითხავ. სახლი დღეს ცარიელია და შესაბამისად იქ ბევრი რამ მოუწესრიგებელია. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი - მოვუარო და ავაღორძინო ეს მამა-პაპისეული კერა.

 

დღის მეორე ნახევარში გამგეობაში ვბრუნდები. ჩვენმა ახალგაზრდა მეგობრებმა - კოწიამ და დათო შამათავამ მომაკითხეს, დიდი ხნის ნაფიქრალ-ნააზრევი, საოცრად კარგი საქმე ითავეს - ქალაქის განვითარების ფონდი ,,ერთსულოვნება“ დააფუძნეს. ეხლა კლიპს ამზადებენ ფონდისათვის და მთხოვენ ჩავეწერო... სიამოვნებით ვუსრულებ მათ ამ  თხოვნას...

 

საღამოს სახლში გუგა გვაკითხავს. საკვირაო დღიურის ჩანაწერებიდან ერთი ნაწილი ექსკლუზიურად წავაკითხე. გუგა პრეტენზიული მკითხველია... მოსწონს... ე.ი. „დასახული მიზანი“ მიღწეულია ...

 

...

 

გუშინ სოფელში, კოკისპირულ წვიმაში ფეხით სიარულს უკვალოდ არ ჩაუვლია. მაციებს... შაბათი ერთადერთი დღეა, როცა  შემიძლია თავს უფლება მივცე ოდნავ მეტი ვიძინო, ოდნავ მეტი დავისვენო და ცოტა მეტი დრო დავხარჯო ოჯახურ გარემოში. გაციება ამჯერად ხელს მიწყობს ამაში...

 

შუადღისთვის სამსახურში მაინც მივდივარ. კვირის განმავლობაში დროის სიმცირით გამორჩენილ და დაუსრულებელ  საქმეებს ვაწესრიგებ.

 

გვიან საღამოს მახსენდება, რომ დღეს კუკას და მამაჩემის საფლავზე ასვლას ვაპირებდი. კვირაზე მეტია არ ვყოფილვარ... ბევრი ჩემთვის ძვირფასი ადამიანის საფლავია იქ. კუკა მაინც სულ  სხვა ტკივილია, სხვა სიყვარული, სხვა მონატრება... კუკასთვის მიძღვნილი ლექსიდან ბოლო სტროფები ამომიტივტივდა:

 

„და ასე თბილი ღიმილით შენით, მარადისობის ზღვას შეუერთდი,

 

ჩვენ გვენატრები და უფლის რწმენით შეხვედრას შენთან ნათელში ველით“.

 

გვიან საღამოს მე და ქეთი ზიარებისწინა ლოცვას ერთად ვკითხულობთ...

 

...

 

კვირა წირვის დღეა. ეს დღე გამორჩეულად უფლისაა და მე და ქეთიც ვცდილობთ წირვას არასდროს დავაკლდეთ. მე საჯვაროს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მედავითნეც  ვარ. საეკლესიო კითხვა ზონაზე ვისწავლე. მსახურება ნუგეშსა და დიდ სიხარულს მანიჭებს.

 

ერთხელ მეუფემ ბრძანა, ჩვენს დროში პოლიტიკა და სულიერი ცხოვრება შეუთავსებელიაო. შევწუხდი, თუმცა მაშინვე უფლის სიტყვები მოვიდა ნუგეშად: ,,შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელ არს ღვთისაო". ამიტომაც მღვდელმთავრის სიტყვა სიფხიზლისკენ მოწოდებად მივიღე, უფლის სიტყვები რწმენად და იმედად, მოძღვრის რჩევა–დარიგებები კი იმ მფარველობად, ხილული და უხილავი ხლართების ლაბირინთში უსაფრთხოდ რომ გაატარებს ადამიანს და ერისა და სამშობლოსათვის სასიკეთო საქმეებს აღასრულებინებს.

 

გვიან საღამოს ბადრის და ნანას ვესტუმრეთ ჭიქა ჩაიზე. გვიყვარს მათთან  ურთიერთობა. წრფელ სიყვარულს ასხივებენ...

 

ეს კვირა დღე და მასთან ერთად მთელი კვირაც სრულდება,ისე როგორც „გარდასულნი დღეენი მრავალნი“... დასრულდა ჩემი საკვირაო დღიურიც....

 

წუთისოფელი თავისი გზით მიედინება... მე ჩემი გზით მივდივარ.... მივდივარ რწმენით და შემართებით...

 

ციხის კედლებში, მომავლის იმედით დაწერილი ლექსის სტრიქონებს ვიხსენებ და მივყვები...

 

მოვივლი ბარს, მოვივლი მთებს,
მწვანე მინდვრებს და გადაშლილ ველს,
გავივლი ტყეებს, ეკლიან გზებს,
კლდეებს მდუმარეს, უდაბნოს ცხელს.


ბოლომდე გავკვალავ ჩემს სავალ გზებს
არ ჩავუმუხლებ ავსა და ბნელს,
არ დავიღლები არ დავთმობ ძველს -
გზას სიყვარულის-არჩევანს ჩემს!


ავიტან ყველა განსაცდელს ძნელს,
გავაღებ ყველა კარს, ჩაკეტილს, ბნელს,
დავამსხვრევ ბორკილებს, საძაგელს, მწველს,
ნათლით შევმოსავ სურვილებს წრფელს.


სანთელს დავუნთებ მხოლოდ ერთ ღმერთს,
რწმენას,იმედს და სიხარულს ჩემს,
ბრმად ვუერთგულებ, მას ერთადერთს,
მაცხოვარს ჩემს, სიყვარულს-ღმერთს!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.