ცოცხალი ისტორიები
დიმიტრი ვეკუა - მღვდელი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 

 

ჩემო ძვირფასო მკითხველო, სიმართლე გითხრა დღიურების წერა არასდროს მიცდია, ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ მომიწია, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობდი. მაშინ ეს თავისით მოხდა... საღამოობით დავჯდებოდი და ფურცლებს ვანდობდი ჩავლილი დღის ავ-კარგს. მოგვიანებით, როცა გადავიკითხე ჩემი დღიური, აღმოჩნდა, რომ საინტერესოდ იკითხებოდა, (და ცოტა  ნოსტალგიურადაც), როცა ისეთ დეტალებს, ნაგრძნობს, ნაფიქრს მახსენებდა, რაც მხოლოდ ფურცლებსღა შემორჩენოდა... ამჯერად შევეცდები ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ ხელმძღვანელობის თხოვნით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მთელი კვირის ფრაგმენტები წარმოვადგინო თქვენს წინაშე.

როგორც ჩვენი ეპოქის ალბათ ყველა მოკვდავი, მობილურის მაღვიძარამ გამაღვიძა. ვიხედები ფანჯრიდან, ზუგდიდის მშობლიურ მიწას კი, როგორც ყოველი გაზაფხულის ამ დროს, ოხშივარი ასდის. კარგ განწყობაზე ვარ. დღეს ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე, ადეკვატური მიზეზით. ღირსი გერასიმე იორდანელის ხსენება და ჩვენი მმართველი მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ანგელოზის დღეა. მაღალყოვლადუსამღვდელოესი კორცხელის უძველეს საყდარში აღავლენს საღვთო მსახურებას. ვფიქრობ, რომელი საღვთისმსახურო შესამოსელი ჩავიცვა. ალბათ პოლისტავრიას წავიღებ. ვგონებ მეუფეც ამ შესამოსლით შეიმოსება და ეს ფერთა ესტეთურად შეხამებული გამაც, ერთგვარ ხიბლს შესძენს აღსავლენ წმინდა ლიტურგიას. ჩვენს დიაკონს, მამა დავითს უნდა გავუარო. ჩემი მეგობარი სტიქაროსნებიც მელოდებიან. ცოტას ვაჩქარებ მანქანას, არადა წვიმა იმატებს და გადაადგილება ძნელდება. არ ვაგვიანებ, მაგრამ რატომღაც ემოციურად ვარ და ალბათ მიზეზიც ეს არის.

 

მონაზვნები ჟამნებს კითხულობენ. მე გონება მეფანტება და ვიხსენებ პალესტინას, იუდეის უდაბნოს სულიერების ოაზისს - ღირსი გერასიმე იორდანელის მონასტერს, საიდანაც რამდენიმე დღეა ჩამოვედი და ჯერაც არ გამნელებია ის მძაფრი, ენით აუწერელი შეგრძნება, რასაც მაცხოვრის ნაკვალევის გავლისას შეიგრძნობ. პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ ტრაპეზი მონასტრის დედებთან. მეუფე მილოცვებს იღებს...

 

საღამო ჩვეულებრივზე მეტად მაჟორულ ნოტაზე სრულდება. ჩემთვის ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი, მეტადრე ძვირფას საჩუქარს მიკეთებს. ბავშვივით მიხარია.

 

...

 

ქრისტინე (ჩემი მეუღლე) მთელი გასული კვირა მთხოვდა ქუთაისში წავსულიყავით, გარკვეული სახის განსაახლებელი საოჯახო ინვენტარის საყიდლად. უმეტესწილად ცაიტნოტში ვარ, ვერ ვიცლი, მაგრამ ოჯახი თავისას ითხოვს, თან დღეს ისეთი განსაკუთრებული არაფერი მაქვს გეგმაში და ვთანხმდები. მოვილიეთ საქმეები... ვბრუნდებით. მომწონს ქუთაისი, სულ მომწონდა - ვეუბნები ფოფოდიას და საუბრის ტონში შეფარული ხუმრობით ვთავაზობ ქუთაისში გადმოსახლების იდეას. რეაქცია მაინტერესებს, არა და, მანაც მშვენივრად იცის ჩემი ოდიშისადმი სიყვარულისა და ერთგულების უცვლელობის შკალა. მერე იწყება ცოლ-ქმრული მინი პოლემიკა რიგ ცივილიზაციათა და მმართველთა სიკეთისა და ნაკლოვანებების შესახებ - აღმაშენებელი, დადიანების დინასტია...

 

საღამოს დათომ და გიორგიმ (მეუფე გერასიმეს სტიქაროსნები) შემოიარეს. მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ჩვენს ეპარქიაში მოღვაწე, აწ გარდაცვლილი სასულიერო პირებისა და მოღვაწეების სიას ვადგენთ, იმ სიის მიხედვით, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივის უახლესი ისტორიის განყოფილების ფონდშია დაცული. აქვე გვიდევს სია, სადაც ასახულია ეკლესიების აღწერები და იქ დაცული ქონების ჩამონათვალი, რომელსაც ხელს აწერს ყველა ტაძრის იმჟამინდელი წინამძღვარი, თუმცა აქვე მითითებულია ჩვენდა სამწუხარო ცნობა, რომ ამ სასულიერო პირების უმეტესობამ, 1924 წლის რეპრესიების შემდეგ ანაფორა გაიხადა და მღვდლობა მიატოვა. რამდენიმე მათგანზე ინფორმაციის გადამოწმებას და დაზუსტებას ვცდილობთ.

 

...

 

სესილიას ბრუტუნი მაღვიძებს. მამა, მამაა, სახეზე მეპოტინება ბოტოტა თითებით და ტელევიზორისკენ მანიშნებს მანა მანაო (მანა მისი ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმის გმირია). რამ გაახსენა ამ დილაუთენია მანა, - ვფიქრობ. საუზმის შემდეგ ჩემს მიწის ნაკვეთზე მივდივარ, რომელიც აქვეა ქალაქში. მიყვარს მიწასთან მუშაობა. შეიძლება ითქვას, მოყვარულის დონეზე ვარ 2007 წლიდან გატაცებული სოფლის მეურნეობით. ჩემს მეგობართან, გიორგისთან ერთად, სალათის ჰიბრიდული ჯიშები (ლოლა როსა, ლოლა ბიონდა, რომეინი...) მომყავს. საინტერესო კულტურაა სალათი და ნაკლებად შრომატევადი. დღეს ვიგრძენი, რომ გაზაფხულიც მოპარულა, ფერადი გაზაფხული. ატმის ახლად დაბერილ, ნორჩ კვირტებს ვყნოსავ, რომელიც შარშან დავრგე. წლეულს პირველ ნაყოფს ველოდები, ვნახოთ როგორი მსხმოიარე აღმოჩნდება ჩემი ეზოს ახალი ბინადარი. ირგვლივ სინედლის სურნელი ტრიალებს. მთელი დღე საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას ეთმობა და სასიამოვნოდ იპარება.

 

საღამოს ირმას (ირმა კვირკვია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილების გამგე) ვურეკავ და ვთანხმდებით მოახლოებული შიდასაეპარქიო კალიგრაფიის კონკურსის ჟიურის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრის სავარაუდო თარიღზე. ასევე, კიდევ ერთხელ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნამუშევრების შემსწორებელი კომისიის შემადგენლობა ყოველწლიურ როტაციულობას დაექვემდებაროს და წლეულს სხვა წარმომადგენლები მოვიწვიოთ გამგეობიდან, საკრებულოდან, ხელოვნების და სხვა კომპეტენტური სფეროებიდან.

 

...

 

რწმენა არის ნახტომი - კირკეგორი (თეოლოგი, ფოლოსოფოსი). ალბათ ეს ის ნახტომია, რომელსაც ქრისტესთან თანაზიარებით მარადიულობაში გადავყავართ. ქრისტე ხომ აქვეა, ის ცოცხალია და ყოველდღე გვიხმობს:

 

„მოვედით ჩემდა ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენო თქვენ“, - ეს სიტყვები ბავშვობიდან შვებას მგვრიდა. ნუთუ მე შემიძლია მას შევეხო, განვიცადო ის და მის ნაკვალევს მივყვე?დიახ! - მპასუხობს ჩემი Alter ego. ეს პროცესი დინამიურად დაუსრულებელია და ის შინაგანად მუდმივ ძიებაში ყოფნას მოითხოვს, ძიება კი აზრთა კონცენტრაციას და მართებულ რწმენას საჭიროებს. ჩემი აზრით, ქრისტიანულ რწმენას საქმე აქვს არა მარტო მარადიულთან, მთლიანად ადამიანური სამყაროსა და დროის მიღმა არსებულთან. ტრადიციის ენით შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ის მიმართულია როგორც ისტორიაში მოქმედი ღმერთკაცისკენ, ისე ცოცხალი ღმრთისაკენ. ის თითქოს ხიდს დებს მარადიულსა და დროებითს, ხილულსა და უხილავს შორის და საშუალებას გვაძლევს ღმერთს შევხვდეთ, როგორც ადამიანს, რომელიც იმავდროულად მისტიურია, ზენაარია, ყველგანმყოფია, არის ტრანსცენდენტულიც, მაგრამ შემეცნებადია და მისაწვდომი.

 

ქრისტიანულად გვწამდეს - ნიშნავს გვესმოდეს ჩვენი არსებობა, როგორც სიტყვის, ლოგოსის პასუხი, რომლითაც სამყაროში ყველაფერი არსებობს. ღმერთმა მოგვცეს დემითოლოგიზებული, ცოცხალი რწმენა.

 

...

 

დღეს „საფარველის“ (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყოველთვიური გამომცემლობა) ფურცლებზე ჩვენი ეპარქიის პილიგრიმული ჯგუფის იერუსალიმსა და პალესტინაში გატარებული დღეები უნდა გავაცოცხლო. სანამ რესპოდენტის ამპლუას მოვირგებ, წმინდა მიწაზე გადაღებულ ფოტოებს ზეზეულად ვათვალიერებ. ვცდილობ არ გამომრჩეს მნიშვნელოვანი დეტალები და მათ მცირე ზომის, ყვითელ კვადრატულ ფურცელზე ვინიშნავ. მათ შორის, ალბათ ჩვენი ყველაზე დიდი სატკივარი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერია, რომელზეც დღეს სხვა ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება. იქ ყველაფერი ქართულია, მაგრამ ბერძნები სამწუხაროდ დრო და დრო ცდილობენ ამ კვალის გაქრობას. საქართველოში დაბრუნებულზე რადიო „ათინათშიც“ ჯვრის მონასტერზე ვისაუბრე ყველაზე მეტი, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად, შთაბეჭდილებებს ვუზიარებდი ჩვენს თანაქალაქელებს რადიოს მყუდრო სტუდიიდან. იქ ნანახმა ლოგიკურად, მოსმენილს და გაგონილს გადააჭარბა.

 

საღამოს „ფეისბუკზე“ შევიჭყიტე. ერთ-ერთ ფოტოზე „რაღაცნაირი“ კომენტარი დამხვდა, რომელზეც ერთხანს ვიფიქრე არ ვუპასუხებ-თქო. მერე პასუხგაუცემლობა ცოტა მეხამუშა და ბევრი არც მიფიქრია, მყისვე ვუპასუხე მთელი მართლმკვეთელობით...

 

...

 

დღეს ჩემი მსახურების დღეა ტაძარში. იმ ტაძარში, სადაც მე გავიზარდე, საიდანაც დავიწყე ღვთის შემეცნება და სადაც დღეს ღვთის წყალობით მღვდელმსახურებას ვეწევი. ხშირად საკურთხეველში მარტო მიწევს შაბათობით მსახურება და შეჩვეული ვარ. საცეცხლური, მდუღარება, ყველაფერს თვითონ „თავს ვიდებ“. სტიქაროსნები იშვიათად თუ მეხმარებიან. დიაკონი მთლად ფუფუნებაა და ამ ერთგვარ ეკვილიბრისტიკას ღირსეულად ვუმკლავდები.  დღეს დიდმარხვის  მესამე შაბათია და წმინდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებს. მარტო არ მომიწია წირვაზე დგომა, ერთობლივად აღვასრულეთ წმინდა  ლიტურგია, სხვა მამაებთან ერთად. წირვის მერე „სულთა თანა“ ისმის, შვილმკვდარი დედების სევდიანი მზერა გულს მისერავს...

 

შინ მოსვლისთანავე ჩვენი ეპარქიის ვებ-გვერდის ადმინ-პანელზე შევდივარ და საეკლესიო კალენდრის განახლებას ვაკეთებ (მეუფის ლოცვა-კურთხევით, აღნიშნული ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი ვარ). ვამოწმებ ელექრტონულ ფოსტებს.

 

ღამეა. ოჯახური ჟრიამული, დედიკოს ნანა, სესილის ჩაეძინა... ზიარების წინა ლოცვების წაკითხვის შემდეგ, სიჩუმეში ჩურჩულით ნათქვამი, სრულიად ინტიმური აკორდი გაიჟღერებს: უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, შენ მაკურთხე, შემიწყალე და ცხოვრება საუკუნო მომანიჭე, ამინ!

 

...

 

ტრადიციულად ჩემს საყვარელ ტაძარში ვარ, სადაც მეუფე გერასიმე აღავლენს საღმრთო ლიტურგიას. მამები ყველანი ადგილზე ვართ, სტიქაროსნები საკურთხეველში დაფუსფუსებენ. წირვაზე ისმის საგალობელი - „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ“. დღეს ხომ ჯვრის თაყვანისცემის დღეა. ყველას გილოცავთ დებო და ძმებო!  ჯვარზე მოხდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა ცოდვის ტყვეობიდან. მაცხოვარმა ასეთი აღსასრულით ყველა ის ცოდვა იტვირთა, ვიდრე ადამიდან მოყოლებული მთელ კაცობრიობაში იყო და ადამიანებს გზა გაუხსნა სასუფევლისკენ. ჯვარია ნათელი ქრისტიანებისთვის, ის არის სიმბოლო ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა. წმინდაო ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო შეგვეწიე ჩვენ!

 

გარეთ შესაშური ამინდია. სახლში მივდივარ და ცოტას ვისვენებ. 3-ზე ნათლობა მაქვს. ველოდები მომავალ ქრისტიანებს. როგორც წესი აგვიანებენ...

 

თბილი მიმწუხრი... მზის სხივები ძალუმად ეთხოვება ეგრისის შეთეთრებული ქედების კალთებს. ვზივარ აივანზე და ვკითხულობ ბერძნული პატრისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას, ღმერთში ცხოვრების მიზანსა და ნამდვილ მოსაგრეობაზე. ბოლო დროს ცოტას ვკითხულობ დროის უქონლობის გამო, მითუმეტეს წიგნებს (ჩემი თაობისთვის და ცოტა უმცროსებისთვის ალბათ ამის მიზეზი არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი). სესილი ყველს და პურს ილუკმება და რაღაცებს ბუტბუტებს თავისთვის, მერე უცებ ჩემკენ იწევს და „მსხვერპლს" ეპოტინება, რომელიც მუხლებზე მიდევს და ცდილობს ხელიდან გამომძალოს. მე არ ვაძლევ წიგნს, მაგრამ ბოლოს მაინც მიწევს დანებება. სიჩუმე. მის თვალებში სიხარულის ნაპერწკლები კიაფობენ. მისი მზერა სიცოცხლეს მმატებს და გულს მიჩუყებს.

 

ახლა ისღა მრჩება, ადრესატს მივაწვდინო ჩემი ერთი კვირის ამსახველი დღიური. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

 

ლაივპრესს, რომლის ვებ-გვერდსაც ასე ხშირად ვსტუმრობ, მის შემოქმედებით ჯგუფს, მინდა პროფესიული ზრდა, წარმატება და ბევრი მკითხველი ვუსურვო. ჩემს ზუგდიდელებს და მთელს საქრისტიანოს კი მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს მივულოცავ. დაე, ყველასთვის ჰყვაოდეს და სიყვარულით მივიღოთ აღდგომის დღესასწაულის მშვენიერება, რადგან მასშია დაფლული იმედი ჩვენი აღდგომისა.

 

გილოცავთ, ქრისტე აღსდგა!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გზების ჩაკეტვამ ქალაქში საცობი გამოიწვია.
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.