ცოცხალი ისტორიები
დავით ქირია - სპორტსმენი
FaceBook Twitter
E-mail Print
დავით ქირია არის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსში.

 


...


7:40 დაიწყო ჩემი დილა. ამ დროს უკვე დარბაზში ვარ, მაგრამ ამჯერად სავარჯიშოდ არა, შეხვედრა მქონდა ჩემს მენეჯერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე. ძალიან დიდხანს გასტანა საუბარმა და მსჯელობამ. ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. მენეჯერთან შეხვედრის შემდეგ მარისასთან (ჩემს მეუღლესთან) ერთად გავაგზავნე ყველა ინფორმაცია ფოსტის საშუალებით, ასევე ავტვირთე ვებ-საიტზე და სოციალურ ქსელებზე სემინარის შესახებ, რომელსაც ვატარებ 6 აპრილს ჰოლანდიაში, ზუიდლარენში. ყველაფერ ამას ერთ საათზე მეტი მოვანდომე. ყოველი დილა იწყება ძალიან კარგად და პოზიტიურად. ყოველ დილით ვტკბები ჩემპიონის ქამრის ყურებით და დადებითი ემოციებით დატვირთული ვიწყებ საქმეების კეთებას:) 14:46- ამ წუთას მატარებელში ვზივარ, ალკმაარში მივიდვარ მარისასთან ერთად, ერთი დღით მარისას დედას უნდა ვესტუმროთ. ხვალ სასტუმროში მივდივართ ერთი დღით, ცოტას დავისვენებთ. საუნა, საცურაო აუზი, მასაჟი, ვფიქრობთ დავიმსახურეთ ამდენი შრომის მერე. ჯერ ვერც ავღნიშნე ჩემი გამარჯვება. წინა კვირას სასწრაფოდ მომიწია საქართველოში ჩასვლა, რადგან მეგობარს მეუღლე გარდაეცვალა და, რა თქმა უნდა, სამძიმარზე უნდა ჩავსულიყავი. მოკლედ ვიტყვი, რომ აეროპორტში უამრავი ადამიანი დამხვდა: თბილისელი მეგობრები, მთელი ჩემი უბანი, ზუგდიდის გამგეობის და სპორტის სამსახურის თანამშრომლები ზუგდიდელ გულშემატკივრებთან ერთად. ძალიან გამახარეს და ეს ბაჩოს დამსახურებაა (ჩემი მწვრთნელის) მისი ორგანიზებით მოეწყო ეს დახვედრა.

...


დღევანდელი დილა ცოტა გვიან 10:00 საათზე დაიწყო, რადგან დღეს და ხვალ ვისვენებ. ვისაუზმეთ ალკმაარის ცენტრში ერთ ლამაზ რესტორანში. შემდეგ 1 საათით სამუშაო მქონდა. მაილი შევამოწმე და წერილებს ვუპასუხე, თან ინფორმაციაც გავავრცელე სემინარის შესახებ. დამირეკეს, დღეს მაისურები ჩამოუტანიათ, რომელიც სემინარისთვის მქონდა შეკვეთილი. დაახლოებით 12-ზე დავბრუნდით სასტუმროში. მე და მარისას დღეს განტვირთვის დღე გვაქვს და სასტუმროც იმდენად კარგია, რომ არსად გასვლა არ გვინდა, ძალიან მყუდრო ადგილია. „ფეისბუკშიც" ვიხედები. მსიამოვნებს ამდენი მილოცვის წაკითხვა და ეს დღემდე არ წყდება!! ეს ყველაფერი პოზიტიურ გარემოს და ხასიათს ქმნის, რაც ძალიან გვახარებს მე და მარისას!! დღეს სულ ეს იყო.

 

...


დღე დაიწყო ჩვეულებრივ 9-ზე, სასტუმროს საუზმით. მე და მარისას დაგვეზარა საუნაში ჩასვლა, ასე რომ მარტო საუზმეს დავჯერდით:) თერთმეტის ნახევარზე ალკმაარის ცენტრში გავედით მარისას დედის შესახვედრად. შეხვედრამდე აიპადი შევიძინე ჩემთვის. ძალიან მჭირდებოდა, რადგან ლეპტოპი სატრებლად დიდია, მე კი ხშირად ვმოგზაურობ და აიპადი ძალიან მოხერხებულია. შემდეგ ლანჩი გვქონდა მარისას დედასთან. ლანჩის შემდეგ ზუიდლარენში (ქალაქი სადაც მე ვცხოვრობ ჰოლანდიაში) დავბრუნდით. საღამოს რვაზე დარბაზში გავიარე, 50 მაისური მქონდა შეკვეთილი, რომელსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია და რუმინეთში უნდა ჩავუტანო ჩემს გულშემატკივრებს. ბუქარესტში ხვალ მივდივარ, შაბათს სემინარი მაქვს და ახლა ბარგი უნდა ჩავალაგო და დავიძინო. დილით ადრე აეროპორტში უნდა ვიყო:)

 

...


06:45 მანქანაში ვზივარ, მარისას მივყავარ აეროპორტში. 2 საათის გზაა. ჩემთან ერთად ჩემი ჰოლანდიელი მწვრთნელი დავე ჯონკერიც მოდის ბუქარესტში. მანქანაში ჩემთვის ვერთობი, აიპადში რაღაცებს ვამუღამებ:) განწყობაც კარგი მაქვს, რადგანაც ზუსტად ვიცი, რომ კარგ დახვედრას მომიწყობენ და ძალიან დაკავებული ვიქნები ორშაბათამდე.

 

ჩავედით ბუქარესტში. აეროპორტში დამხვდნენ, მომილოცეს წარმატება და ტრადიციულად რესტორანში ვახშამზე დაგვპატიჟეს. ახლა დედაქალაქთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში ვარ. სახლს, სადაც ვცხოვრობ, ძალიან ლამაზი უკანა ხედი აქვს, ბაღი, რომელიც სავსეა ხეხილით და ბაღის ბოლოს ტბა!! თევზაობა მომინდა. სოფელიც და ბუნებაც ჩვენს ქვეყანას წააგავს (აქაურებიც ძალიან გვანან ქართველებს)

 

...

 

დილის 07:00 საათზე მაღვიძარას კივილმა გამაღვიძა. მოვემზადე, ჩავაწყვე ჩემი კიმანო, კიკბოქსინგის ხელთათმანები, შორტი და მაისურები. ამდენი რამ იმიტომ, რომ 2 სემინარი ჩავატარე, კარატეში და კიკბოქსინგში. სემინარი 4 საათი გაგრძელდა, 10 წუთიანი შესვენებით. 2 საათი კარატე და 2 საათი კიკბოქსინგი. ბევრი ვინერვიულე, რადგან პირველად ჩავატარე სემინარი ქვეყნის გარეთ, თან ჩემპიონის ამპლუაში. ყველა ახალს მოელის შენგან. საბოლოო ჯამში სემინარი წარმატებული გამოდგა, ყველას ძალიან მოეწონა და კმაყოფილი დარჩა, რაც ძალიან მახარებს. სემინარის შემდეგ ცოტათი დავისვენეთ. საღამოს 9-ზე ბუქარესტში ცნობილი საპრომოუტერო ორგანიზაციის გალაზე, SUPER COMBAT-ზე ვიყავი მიწვეული, როგორც 2014-ის მსოფლიო ჩემპიონი და სპეციალური სტუმარი. შეჯიბრის გამარჯვებული მე დავაჯილდოვე და „ეუროსპორტს“ ინტერვიუ მივეცი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცა. ახლა კი, ვწევარ, ღამის 2 საათი სრულდება. მოვრჩები წერას და დავიძინებ, ხვალ ისევ ადრე უნდა გავიღვიძო.

 

...


დილის 9 საათია. მანქანაში ვზივარ და მივდივარ კონსტანტაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვარ. ჩემი მასპინძელი რუმინელი დან შანდრუა, რომელსაც სასტუმრო და ასევე სახლიც აქვს კონსტანტაში. დანი გზაში მეუბნება, სახლი ისეთ ადგილას მაქვს, რომ ნახავ, შოკში ჩავარდებიო. ვნახოთ, თუ მართლა ასეა, აუცილებლად დავწერ ჩემს „შოკნარევ“ განცდებს. უკვე კონსტანტაში ვართ. როგორც უკვე გითხარით, აქაც შავი ზღვაა. მომენატრა საქართველო, მეგობრები, ზაფხული და საქართველოს ზღვა. ასე მეგონა, რომ მარტო საქართველოა ლამაზი და შესანიშნავი,,მაგრამ ეს ადგილიც მართლა გასაოცარია. დანი არ ცდებოდა, მართლა მაგარი სახლია. წარმოიდგინეთ, ჩემი საძინებლიდან რომ გავქანდე და ფანჯრიდან გადავხტე, ზღვაში ჩავხტები. მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთ ადგილას სახლი გქონდეს და არ ცხოვრობდე. უკვე 2 საათია და მასპინძლებს ბევრი გეგმები აქვთ, ჯერ რესტორანი, შედეგ ექსკურსია. მეკითხებიან, ვარ თუ არა თანახმა. ჩემი პასუხი იყო, რომ არსად არ მივდივარ და ვტკბები აქაურობით ჩემო მეგობრებო. ახალ ოცნებებს დავუდებ საფუძველს-მეთქი.

 

...


დილის 09:00 საათი. ძალიან მიჭირს ამ ულამაზეს ადგილთან გამომშვიდობება. თავს ვიმშვიდებ და პირობას ვდებ, რომ აქ კიდევ ჩამოვალ. მთელი დღე მგზავრობა მიწევს. ორსაათნახევარი მანქანით, მერე ფრენა და ბოლოს მატარებელი, საღამოს, 21:00 საათზე სახლში ვიქნები. ახლა აეროპორტში ვართ. რამდენიმე ახლობელმა და გულშემატკივარმა გაგვაცილა. საჩუქრებიც მივიღეთ. პალინკა მაჩუქეს. იგივე არაყია. ჩვენსავით ამზადებენ, სახლშია გამოხდილი. მამაჩემს რომ მივცე, გაუხარდება:)

 

ჩამოვედი როგორც იქნა. მარისა დამხვდა. 22:00 საათზე პიცერიაში ვივახშმეთ. ძალიან მშიოდა, ვერ დავიძინებდი, რომ არ მეჭამა.

 

ახლა კი მოკლედ შევაფასებ ჩემს ერთ კვირას. ძალიან კრეატიული და მრავალფეროვანი იყო ჩემთვის, ბევრი სიახლით და ახალი გულშემატკივრებით. მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. ყველაფერი კარგადაა და მინდა, რომ ასე შევინარჩუნო. ეს კი ბევრ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ მე არასოდეს ვიხევ უკან. დღემდე რაზეც ვიოცნებე, ყველაფერი ავიხდინე. მაქვს ისეთი ცხოვრების წესი და სტილი, როგორიც ბავშვობიდან მინდოდა მქონოდა. ორი ჩემი უდიდესი ოცნება ავიხდინე. გვერდით მყავს ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელზეც ვგიჟდები ისე მიყვარს და მეორე, გავხდი ჩემპიონი და მაქვს ჩემი ოცნების ქამარი, რომელსაც საუკეთესო ადგილი უკავია ჩემს ოთახში. მადლობა უფალს და წმინდანებს, რომ შეისმინეს ჩემი ვედრება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გზების ჩაკეტვამ ქალაქში საცობი გამოიწვია.
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.