ცოცხალი ისტორიები
ქრისტინე ციცქარავა - სტუდენტი
FaceBook Twitter
E-mail Print
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი.

 


...


ადრე გამეღვიძა... კვირა იმედიანად დავიწყე. ეს უკვე ჩვევაში გადამეზარდა, ყოველ დილას იმედით ვხვდები. რა უიმედოც და ქარიშხლიანიც არ უნდა იყოს ღამე, დილა მაინც იმედებით იწყება. ამ საქციელით ვეხმაურები რემარკის სიტყვებს - „დილა საღამოზე გონიერია“. მჯერა, რომ ყოველი ახალი დღე ახალი იმედების და ოცნებების საწინდარია, სიძნელეები კი ღამეს მიყვება ბურუსთან ერთად.

 

თვალები გავახილე თუ არა Livepress-ისთვის დასაწერ დღიურებზე დავფიქრდი. რა მოხდება, რომ ვერ შევძლო, სათანადო სიტყვები რომ ვერ ვიპოვო?! ვაღიარებ, ცოტა მეშინია, მაგრამ ბოლოს ისევ იმედები მშველიან და ვნუგეშდები.

 

ადგომის დროა. გასვლამდე ვარჯიში უნდა მოვასწრო. ამ ბოლო დროს ვარჯიში საჭიროზე მეტად მღლის, მაგრამ მაინც არ დავარღვევ დღის განრიგს და ერთი საათით მაინც ვირბენ. არ მინდა განრიგის დარღვევას დავეჩვიო.

 

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული მაქვს. მე, თემო და ლიკა ბოლო ვიდეობლოგის გადაღებას ვაპირებთ, დიდი ხანი მოგვიწევს მუშაობა, მერე პრეზენტაცია მაქვს მოსამზადებელი და სემინარებიც უნდა დავამუშავო.

 

მგონი ათჯერ მაინც გამოვიცვალე ტანსაცმელი, მაგრამ ამინდის მოსაწონი ვერაფერი ავარჩიე, ბოლოს მომბეზრდა და პირველივე ჯინსს დავავლე ხელი. აშკარად არ მიხდება, მაგრამ ეგ არაფერი, ყურადღებას არ მივაქცევ. რატომ არის ყველა გოგოს პრობლემა გარდერობი?! - აბა მე რა ვიცი ყველაში კი არა ჩემ თავში ვერ გავრკვეულვარ. ადამიანები ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავს იცნობენ ხოლმე... ასე მგონია... ან იქნებ მეჩვენება და ვცდები.

 

ვინ იცის?! - აშკარაა, რომ მე არა...

...


დღეს სამძიმარზე ვიყავი. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა. ის არ იყო არც ჩემი ოჯახის წევრი, არც ნათესავი ან მეზობელი. მე უბრალოდ ყოველ დილით უნდა გამევლო მისი სახლი და დაწკრიალებული ყვავილნარი. ყოველ დილით ვხედავდი და ის სულ მიღიმოდა, მიკითხავდა და მლოცავდა, როგორ ძალიან მომწონდა მისი გულღია სალამი და სიყვარულით სავსე თვალები, მისი ემოციებისგან დანაოჭებული სახეც და თმაში ჭაღარად შეპარული დრო.

 

დილით არ დამხვდა. გამიკვირდა, თითქოს რაღაც მაკლდა. მერე გავიგე, რომ ის გარდაიცვალა. უცებ რატომღაც ვიგრძენი რაღაც დანაკლისი, სიცარიელის მაგვარი თითქოს. დედამ მითხრა გულმა მოკლაო. რატომ?! რატომ იღლებიან კეთილი გულები, რატომ სტკივათ ასე და რატომ იძინებენ სამუდამოდ?! ნეტა ყველა კეთილმა გულმა სულ იცოცხლოს და არასოდეს შეწყვიტოს ფეთვა.

 

მე და დედა მისაღებ ოთახში ვისხედით, ჭირისუფლებისგან ოდნავ მოშორებით. ყველა ტიროდა, მე კი მათ ცრემლებში ტკივილს ვერ ვხედავდი. - მაშ რატომ ტირიან ადამიანები, თუ არ ტკივათ? არასოდეს არ მესმოდა როგორ ტიროდნენ ტკივილის გარეშე და ვერ ვიტანდი ამ ცრუ ცრემლებს. უფრო მეტიც, მაღიზიანებდა ცრემლებსა და მოღრეცილ სახეში დამალული სიცივე და გულგრილობა.

 

მე არ მიტირია...

 

...


დილით მზემ დაუპატიჟებელი სტუმარივით შემოანათა ოთახში. მეზარება დღის დაწყება და თანაც მეძინება, მაგრამ უნდა ავდგე და ვირბინო.

 

გუშინ დედამ ჩემი საყვარელი წიგნი მაჩუქა. ისე გამიხარდა და იმდენად დადებითი ემოციებით დავიტვირთე, რომ ამ წამამდე მომყვა. ეს წიგნი თითქმის ოცნებად მქონდა ქცეული. ველოდები შესაფერის დროს, რომ კითხვა დავიწყო, ვეღარ ვითმენ.

 

ჩემი პატარა ოცნება რომელიც ამიხდა... იქნებ ასეთ საგნებს ოცნებებს არ უნდა ვარქმევდე ან იქნებ ზუსტად მსგავსი უნდა იყოს ოცნება, მიღწევადი, რომ შემდეგ მისი ასრულებით მიღებული სიახარულით დავტკბე.

 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასრულებული ოცნება გარდაცვლილი ოცნებაა, რადგან უკვე ვეღარასდროს ვიოცნებებ მასზე.

 

დღეს ახალი ოცნებებით ვიწყებ და ველი მათ ასრულებას.

 

...


დღეს არ მელექციება. თითქოს მესმის ლექტორი რაღაცას ყვება. ვუსმენ მაგრამ გონებაში ვერ ვიტოვებ. მგონი რაღაც ქსელზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზეა საუბარი. დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი ეზოში და ხარბად ჩავისუნთქავდი ჰაერს, მერე სადმე ჩამოვჯდებოდი და თუნდაც უაზროდ დავუწყებდი სივრცეს ყურებას, ვიფიქრებდი რამე ისეთზე, რაც გამათბობს და გამახარებს. მინდა ფიქრი, მაგრამ ვერ ვფიქრობ. ალბათ კედლები მიშლიან ხელს ან ადამიანები.

 

იქნებ ორივე...

 

კურსელებს გადავხედე ყველა თავისთვის ფუსფუსებს ზოგი ცხრილს ადგენს ან დანარჩენები სემინარს იმეორებენ. მე კი მაწუხებს დროის ასე ზოზინი, თითქოს ჩემ ჯიბრზე გაჩერდა და გამომაჯავრა. უცნაურია დრო... როცა გჭირდება რა სწრაფად გადის და როცა არა საუკუნედ იქცევა ხოლმე. თურმე არსებობს წამიერი საუკუნეც, აი ის წამი, წამი როა მაგრამ წამზე ბევრად დიდი.

 

...


ყოველთვის მიყვარდა პარასკევი დღე, რადგან მას შაბათ-კვირა მოსდევს. ყველა ბავშვისთვის საყვარელი შაბათ-კვირა, მაგრამ მას მერე რაც სტუდენტი გავხდი ანუ ბოლო სამი წელი ვეღარ გამირჩევია ვერც პარასკევი, ვერც შაბათი და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც კვირა, სხვა დანარჩენი დღეებისგან, რადგან კვირის ყოველი დღე დაკავებული მაქვს, სულ საქმე და სამეცადინო. ასე, რომ პარასკევმა დაკარგა ჩემთვის ძველებური სიხალისე.

 

დღეს როგორც ყოველთვის ბევრი საქმე მქონდა და ცოტა არ იყოს დავიღალე. ამ ბოლო დროს გვიან მიწევს სახლში მისვლა და ნორმალურად ვერც ვისვენებ. სახლში ბიძია დამხვდა და სოფელში წამიყვანა. გზად იმ იმედით ვიყავი, რომ იქ მაინც შვძლებდი დასვენებას და ბუნების წიაღში სიჩუმეს დავუგდებდი ყურს, მაგრამ აბა ჩემი გეგმები როდის ხდებოდა ასე ტკბილად და ჩემ წყნარ მუდამ ჩუმ სოფელშიც ქაოსი და ალიაქოთი დამხვდა.

 

მოკლედ, დასვენება ვერ მოვახერხე, მაგრამ ჩემი დიდი ხნის უნახავი ბიძაშვილი ვნახე და საკმაოდ დიდხანს და ეფექტურად ვიჭორავეთ. ახლობლების წრეში ყოფნამ ცოტათი განმტვირთა ყოველდღიურობისგან. რა ბედნიერებაა, როდესაც საყვარელი ადამიანები გვერდით გყავს, როცა ნათესავები ერთად იკრიბებიან და ირგვლივ ფუსფუსია, სიცილი, სადღეგრძელოები, ბევრი სახალისო ამბავი და უამრავი სიყვარული.

 

კარგია მათთან, მაგრამ დროა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, რომ ჩემ ძველებურ ყოფიერებას დავუბრუნდე. საინტერესო ტრენინგზე ვარ წასასვლელი და უნდა გამოვიძინო.

 

...


დღეს ტრენინგი მქონდა კონფლიკტის მოგვარებასა და მშვიდობის მშნებლობაზე. არ მეგონა ასე საინტერესოდ თუ ჩაივლიდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე. ტრენერები ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, სულაც არ ეტყობოდათ დებიუტანტები, რომ იყვნენ. ასაკით თითქმის ჩვენი ტოლები, ამიტომაც მგონი კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

 

ხვალ პროექტი უნდა დავწეროთ და ვფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს, რა იქნება საინტერესო. ალბათ აფხაზეთის შსახებ გავაკეთებ რამეს. ჯერ იდეები მაქვს ისე ჩამოყალიბებულად არაფერი დამიგეგმავს.

 

ტრენინგის მერე მე ლიკა ჩემთან წავედით და ცოტა დავისვენეთ, საღამოს კი „ART HOUSE“-ში შევიკრიბეთ ტრენერებთან და ჩვენს ჯგუფთან ერთად. იქაური გარემო მომეწონა და კარგადაც გავერთე. კარგია მეგობრების გარემოცვაში ყოფნა და თან სასურველ გარემოში.

 

ველოდები ხვალინდელ დღეს, ტრენინგს ხვალ ვამთავრებთ. გული მწყდება. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვიღლები, მაინც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი კიდევ და კიდევ მსგავს ტრენინგს, იგივე ხალხთან, მაგრამ იმედი მაქვს რომ პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებ მათთან და მეგობრობას გავაგრძელებთ.

 

ვინ იცის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული...

 

...


საოცარი დღე იყო...

 

ტრენინგზე სამ ჯგუფად დაგვყვეს და პროექტებზე მუშაობა დავიწყეთ. მე, ლიკა, თემო და თაკო რა თქმა უნდა ერთ ჯგუფში ვიყავით. ჯგუფში არანაერი უთანხმოება არ მოგვსვლია, პირიქით, ერთმანეთს ვავსებდით და ვფიქრობ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ ის რისი მიღწევაც გვინდოდა. ჩვენ პროექტებსა და პრეზენტაციას მოწვეული ჟიური აფასებდა. იმის მიუხედავად, რომ პრეზენტაცია როგორც გვინდოდა ისე ვერ წარვადგინეთ, მაინც კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ ყველაფრისგან.

 

ბოლოს სერთიფიკატები გადმოგვცეს და ტორტით აღვნიშნეთ ტრენინგის დასრულება. ვგრძნობდი, რომ ყველას გული წყდებოდა ტრენინგის დამთავრების გამო.

 

ეს ემოციები ალბათ დიდხანს გამყვება.

 

მართლაც დატვირთული კვირა მქონდა, მაგრამ ღირდა. არ ვიცი ამ დღიურების წერა როგორ მოვახერხე, იქნებ ათასი სისულელე დავწერე, ან იქნებ სულაც არ უნდა დამეწერა, მაგრამ ვიმედოვნებ მკითხველი არ განმსჯის. ეს არის ჩემი, ერთი ჩვეულებრივი სტუდენტის ერთი კვირის ამბავი. შესაძლოა ცოტათი უაზრო ან ბანალური, მაგრამ რას ვიზამ...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.