რეკლამა
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე:
,,პირველ რიგში, პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.

დაგეგმილი კეთილდღეობის მისაღწევად, დღეს სწორი მიზნების დასახვა, სწორი არჩევანის გაკეთება და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას - ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე - წლობით, ათწლეულობით ნაგროვები პრობლემები.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად - არა დაყოფა, მტრობა, მუდმივი არეულობის მცდელობა, არამედ ერთად დგომა, კონსტრუქციული ძალების თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკურსი გვჭირდება.

ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ადამიანებს ყოველდღიური ძალადობისა და წნეხისგან ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, მედია და ბიზნესი გათავისუფლდა, ყველას შეუძლია აზრის და პოზიციის გამოხატვა შიშის და თვითცენზურის გარეშე!

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის, პენიტენციური სისტემის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სივრცეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია.

მიღწეულით, რა თქმა უნდა, არასდროს ვართ კმაყოფილი. ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, ახალი ოცნებების რეალიზებაზე ვიმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით და საზოგადოების კონსოლიდაციით. ამ მიზანსწრაფულობაზე დგას მმართველი გუნდის სიძლიერე, ერთობა ხალხთან და ჩვენი სამშობლოს სწრაფი განვითარება!

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ წლების მანძილზე. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას, თავი არ დაუზოგავს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო ვიდრე წლების წინ - თავისუფალი, მშვიდობიანი, საკუთარი მოქალაქეების, ადამიანის, სიცოცხლის დამფასებელი და რაც ყველაზე მთავარია, მომავალზე ორიენტირებული.

ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში ხელიოსუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას.

ჩვენ ყველა ეტაპზე ვცდილობდით, რომ ქვეყნის პოლიტიკაში დაგვემკვიდრებინა ახალი, მაღალი სტანდარტი, ევროპული ტიპის დემოკრატია და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ამ სტანდარტების გათვალისწინებით.

ამ სტანდარტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სრული ნიჰილისტური განწყობა და არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნების - მშვიდობიანი გზით სისხლიანი რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს მოვახერხეთ.

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ძალაუფლება და უმაღლესი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა, საქართველოსთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ მიდგომებს.

ეს გამოიხატა აგრეთვე ახალი კონსტიტუციით, რომლითაც „ქართული ოცნება“ ერთადერთ ხელისუფლებად იქცა, რომელმაც ცვლილებებით ძალაუფლება კი არ გაიზარდა, არამედ პირიქით, მაქსიმალურად შეიზღუდა და ეს გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, ქვეყნის და დემოკრატიიის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, ზეპარტიულ კანდიდატს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.

ჩვენ მხრს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს!
ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს!

ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში და მჯერა ახალი ერა დაიწყება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მოწყობაში.

მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ ყველას, ვისაც გაწუხებთ საქართველოს ბედი, ვინც ზრუნავთ არ მარტო საკუთარ ბედზე, არამედ გაწუხებთ საზოგადოების სწორად განვითარება - ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს.

პირველ ქალ პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში! პირველ ზეპარტიულ პრეზიდენტს საქართველოში! შევუწყოთ ხელი ხელი დემოკრატიის განვითარებას! - მიეცი ხმა თანამედროვე საქართველოს!

ზურგი ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირებას შეურაცხყოფას, საზოგადოების დაყოფას, არეულ წარსულს და ყველამ ერთად, ახალი ქვეყანა ავაშენოთ - სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, იმედზე და განვითარებულ მომავალზე.

მინდა, წარმატებები გისურვოთ ქალბატონო სალომე!"
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.