რეკლამა
ირაკლი კობახიძე: ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური
FaceBook Twitter
E-mail Print
„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას. არის, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა და აღნიშნა, რომ “ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან“.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და თქვენ ხედავთ, რომ ამ კუთხით, ჩვენ 2012 წლიდან გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას. არის, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან. ბუნებრივია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე ფაქტი, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რაც არის, რა თქმა უნდა, წითელი ხაზის გადაკვეთა. ეს არ ეხება მთლიანად სამოქალაქო სექტორს, მაგრამ ეხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მისი შეფასებით, „აბსოლუტურად ბოლშევიკური განცხადება“ იყო. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეაქციას ითხოვდა, თუმცა, ეს რეაქცია დღემდე არ ყოფილა.

„იქ იყო საუბარი ადამიანების განდევნაზე ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის სფეროდან და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვდით, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას, თუმცა, ეს რეაქცია ჩვენ დღემდე ვერ ვნახეთ, რაც არის შემაშფოთებელი და სამწუხარო მოვლენა. ჩვენთვის მთავარია პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მთავარია მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი აქტიური თანამშრომლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ორმაგი სტანდარტებით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ და პრინციპული დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ მძიმე სახელმწიფოებრივ დანაშაულს უკავშირდება.

„როდესაც გამოქვეყნდა ოქუაშვილის კომიკური ჩანაწერები, მეორე დღეს გაკეთდა განცხადებები შინაარსთან დაკავშირებით, გახსოვთ, მძიმე და დრამატული განცხადებები, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას მხრიდან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და როდესაც გამოქვეყნდა ჩანაწერები პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით, იქ აქცენტი გაკეთდა არა შინაარსზე, არამედ იმაზე, თუ როდის გამოქვეყნდა ეს ჩანაწერები. ასეთი ორმაგი სტანდარტებით, ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა ხელმძღვანელობდნენ. მათ უნდა გამოავლინონ პრინციპული დამოკიდებულება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში, ძალიან მძიმე, სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ხელისუფლებამ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც. მისი თქმით, დღეს სისტემურ გადაცდომებზე საუბარი გამორიცხულია და თუ არის რამე კონკრეტული გადაცდომა, მმართველ გუნდს აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.

„რაც შეეხება ზეწოლას, აქ არის ნულოვანი მდგომარეობა და მე არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობენ ისინი ამაში. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, დარღვევები ყველა არჩევნებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში არის დამახასიათებელი, მთავარია, რომ ამან სისტემური ხასიათი არ შეიძინოს. ჩვენ გვახსოვს ვითარება 2012 წელს და უფრო მანამდეც, როდესაც სისტემური იყო ის დარღვევები, რომლებსაც ჩადიოდა მაშინ ხელისუფლება. დღეს გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ დარღვევებზე, თუ არის კონკრეტული გადაცდომები, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ინფორმაცია, ვნახოთ კონკრეტული მტკიცებულებები და ამ შემთხვევაში, გვექნება აუცილებლად შესაბამისი რეაგირება. ვითხოვთ მტკიცებულებებს იმისთვის, რომ გვქონდეს რეაქცია ამაზე, რეაგირება ამაზე. გარწმუნებთ, რომ რეაგირება იქნება ადეკვატური და შესაბამისი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.