რეკლამა
მდინარაძე: ენმ და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად
„როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფიში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან“.

„არჩევნების პირველი ტური რუსთავი 2-ის მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილში, ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა, საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ.

„გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, რუსთავი 2-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა განათავსა ნაცმოძრაობის ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები.ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ რეაგირებისკენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.