რეკლამა
ზუგდიდში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვეს [ვიდეო]
საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰილფსვერქ ინთერნეიშენალმა" პარტნიორ ასოციაცია "თანხმობა-სთან" ერთად, პროექტის "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ სერთიფიკატები და ბიზნესის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ.

ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ ეზოში მოეწყო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა, პირობით მსჯავრდებულ პირთა და ყოფილ პატიმართა რეასოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პროგრამის პირველი ეტაპი 2018 წლის აგვისტო-ოქტომბერში განხორციელდა, რა დროსაც სამეგრელოს რეგიონში 16 გამარჯვებული ბიზნეს იდეა გამოვლინდა. მეორე ეტაპი კი 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. გამოვლინდა 32 გამარჯვებული ბიზნეს იდეა.

სამეგრელოში დაფინანსებული ბიზნეს იდეების ბიუჯეტმა 160 000 ლარი შეადგინა. პროგრამა მიზნად ისახავდა პირობით მსჯავრდებული პირებისთვის და ყოფილი პატიმრებისთვის, ან მათი ოჯახის წევრებისთვის ახალი ბიზნესის დაწყებაში, ან უკვე არსებული ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას, ან საარსებო წყაროს შექმნას, რისთვისაც გაიცემოდა 1500 ევროდან 5000 ევრომდე ოდენობის ფინანსური მხარდაჭრა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" (მეორე ეტაპი) მიზანია შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, განრიდებული პირების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა ინტეგრირებული მიდგომის გზით. ასევე, ქსნის მე-15-ე დაწესებულების მაგალითზე პატიმართა დასაქმების კერების შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.