რეკლამა
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. გიორგი შენგელიამ მობრძანებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში და სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებაში თითოეული ადამიანის ჩართულობა, მათი მოსაზრებების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.

ქალაქის გენგეგმა „არტსტუდიო პროექტი“ შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.